საზოგადოება

„რუსეთი ოკუპანტია“ — კომენტარების გამო მთავრობის გვერდზე მომხმარებლებს ბლოკავენ

25 თებერვალი, 2023 • 2721
„რუსეთი ოკუპანტია“ — კომენტარების გამო მთავრობის გვერდზე მომხმარებლებს ბლოკავენ

სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ Facebook-ში საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე დაბლოკეს კრიტიკული კომენტარების დატოვების შემდეგ.

რა ხდება?

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა გვერდმა Facebook-ში გაავრცელა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის და 102 წლის წინანდელი ოკუპაცია „ტრაგიკულ მოვლენად“ არის შეფასებული.

სქრინი საქართველოს მთავრობის FB გვერდიდან

საქართველოს მთავრობის სხვა პოსტებში ნათქვამია, რომ საბჭოთა ოკუპაციის 102 წლისთავთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

„ტრაგიკული მოვლენა ხართ თქვენ, რუსეთი ოკუპანტია“…

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ასეულობით კრიტიკული კომენტარი დატოვეს პრემიერ-მინისტრის განცხადების ქვეშ, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ ყოფილა. ირაკლი ღარიბაშვილს შეახსენებენ, რომ 102 წლის წინ საქართველოს ოკუპაცია რუსეთმა მოახდინა და ამის ართქმა სირცხვილია. კომენტარების ნაწილი წაშლილია. ამ დროისთვის [19:40 საათი] შემორჩენილი კომენტარებში კი ვკითხულობთ:

„გაკვრით მაინც გეხსენებინათ ერთი სიტყვით რუსეთი“.

„ძალიან უხერხულია სიტყვა რუსეთის არ ხსენება. წარსულს ვერ გააყალბებ და ვერ შეალამაზებ. რუსეთი ოკუპანტია!“

„მეხუთეჯერ ვწერ და მიშლიან რომ რუსეთი ოკუპანტია!“

„რუსეთი ოკუპანტია. კიდევ დავწერ თუ წაშლით“.

„მე ვწერ, რომ რუსეთი მტერია და ოკუპანტი. თქვენ ამ კომენტარს შლით! მაინტერესებს რა უფლებით?? რამეს არასწორს ან ტყუილს ვამბობ?? ეს ქვეყანა თქვენი პირადი ბოსტანია?? რა უფლებით მიზღუდავთ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას, მით უმეტეს იმის, რაც ცხადზე ცხადია!“

„რა სწრაფად შლით. რუსეთი ოკუპანტია და კომენტარების წაშლით მაგ რეალობას ვერ შეცვლით“.

„საკუთარი მოქალაქეებისთვის კომენტარის წაშლა სირცხვილია, რუსეთი კი — ოკუპანტი. საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი თავის მოქალაქეებს კომენტარებს უშლის. როგორ დავეშვით ამ დონემდე“.

„1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შეიჭრა და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. შედეგაც ქვეყანამ 70 წლით დაკარგა დამოუკიდებლობა და თავისუფლება. #რუსეთიოკუპანტია. #რუსეთიმტერია პ.ს. ადმინებო, წინა სამი კომენტარი (ანალოგოური ტექსტით) რა მიზეზით წაშალეთ? რამე არასწორად წერია? რამეს არ ეთანხმებით?“

„საქართველოს მთავრობავ, თქვენ ხართ საქართველოს ყველაზე დიდი ტრაგიკული მოვლენა! რუსეთი ოკუპანტია“.

არაერთმა ადამიანმა დაწერა, რომ კრიტიკული კომენტარის დატოვების შემდეგ საქართველოს მთავრობის გვერდზე დაბლოკეს. დეპუტატ ანა ბუჩუკურის თქმით, მას კომენტარი წაუშალეს.

მთავრობის ოფიციალურ გვერდის მიერ დაბლოკილებს შორისაა ჟურნალისტი თამუნა დემეტრაშვილიც. მან საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი მონიშნა და სთხოვა, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლისთვის საჯარო ინფორმაციაზე წვდომა. პასუხი ჯერ არ მიუღია.

„ვიკითხე, რას ნიშნავდა „მოვლენა“, რომელსაც ეხებოდა პრემიერის პოსტი? დავწერე, რომ „მოვლენის“ ადგილას უნდა ყოფილიყო რეალურად რაც მოხდა — რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია. ეს კომენტარი მალევე წაიშალა. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ დავწერე, რომ რუსეთი ოკუპანტია და მივაყოლე, რომ ადმინი, როგორც ჩანს, ძალიან წუხდება ჩვენი აქტიურობით. რამდენჯერმე დავტოვე კომენტარი, სადაც რუსეთი ხშირად მეორდებოდა და შემდეგ დამბლოკეს“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ თამუნა დემეტრაშვილმა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ არა ადგილი მოქალაქეებისთვის გამოხატვის უფლების შეზღუდვას და რა მიზეზით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. მთავრობის მიერ განმარტების გაკეთების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ღარიბაშვილი: „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“

მასალების გადაბეჭდვის წესი