საზოგადოება

„დივნის გენერლები“ — კასიანოვი კობახიძეზე

24 თებერვალი, 2023 •
„დივნის გენერლები“ — კასიანოვი კობახიძეზე

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი პრორუსულად აფასებს ომში რუსეთის უპირატესობასა და 10 დასახლების აღებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიკვირდა პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს, მაგრამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი სკამი, რომელიც მას ქართველმა ხალხმა მიანდო, ერთ დროს ნებაყოფლობით დაუთმო რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგის დეპუტატს”, – განაცხადა კასიანოვმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი „აგრძელებს სამხედრო დამნაშავე შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე”.

„ასეთ დივნის გენერლებს ვურჩევდით, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგონ, რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომის ამ წელს. და ეს არის უკრაინის სუვერენული ტერიტორიის 80 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი, ისევე როგორც ათასობით ჩვენი ქალაქი და სოფელი… მათ შორის ისეთი ქალაქისა, როგორიცაა ხერსონი – უკრაინის ერთადერთი რეგიონული ცენტრი, რომლის აღება რუსმა დამპყრობლებმა ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდანვე მოახერხეს. რამშტაინის ფორმატში უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის მე-9 შეხვედრაზე შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე წააგო სტრატეგიულად, ოპერაციულად და ტაქტიკურად და ყოველდღიურად დიდ ფასს იხდის ბრძოლის ველზე. პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა ადვილი ნადავლი იყო და დაუსჯელი დარჩებოდა, მაგრამ ის და მისი სამხედრო ხუნტა უხეშად ცდებოდნენ”, – განაცხადა კასიანოვმა.

მისი თქმით, უკრაინა რჩება თავისუფალი და დამოუკიდებელი; ნატო და კოალიცია არასოდეს ყოფილა ასეთი ერთიანი, მოტივირებული და ძლიერი; რუსეთი გლობალურ განდევნაშია და მისი სტატუსი დაეცა  მსოფლიოს ისეთი გარიყული ქვეყნების დონეზე, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა და ირანი.

„ამიტომ, რაც შეეხება ფრონტზე განვითარებულ მოვლენებს, დაჟინებით გირჩევთ, გამოიყენოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური ინფორმაცია და არა რუსული პროპაგანდის ტყუილი”, – დასძინა მან.

„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 8 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის უპირატესობის ფონზე საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი გაიზარდა. მეორე დღეს მან გაიმეორა, რომ რუსეთს, ამჟამადაც და საერთო ჯამშიც, უკრაინასთან ომში უპირატესობა აქვს. მისი თქმით, „ბოლო 1-2 კვირაში” უკრაინას — არცერთი, რუსეთს კი 10-მდე დასახლებული პუნქტი აქვს აღებული.

რუსეთს უკრაინაში უპირატესობა აქვს ამ ეტაპზეც და საერთო ჯამშიც — კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი