საზოგადოება

პენსია,რომელმაც დროს ვერ გაუძლო

3 ივნისი, 2010 • • 2097
პენსია,რომელმაც დროს ვერ გაუძლო

საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ, უგზო–უკვლოდ დაკარგულ და ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ კანონი წლების მანძილზე ცვლილებებს განიცდიდა.

ცვლილებები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივა იყო. მთავარი ცვლილება, რომელიც კანონში 2005 წელს შევიდა, მეოთხე მუხლს შეეხო . განისაზღვრა დახმარების მიმღებების კრიტერიუმები.

მოქმედი კანონის მიხედვით, დახმარებას იღებს მხოლოდ შრომისუუნარო მშობელი ,მეუღლე , შვილი და ასევე 18 წლამდე ასაკის შვილი.  (კანონის სახელი წერია ზემოთ და ამიტომ აქ აღარ არის საჭირო მითითება)

დახმარება კი, რომელიც სახელმწიფოსგან ერგებათ დაღუპულთა ოჯახის ამ კრიტერიუმებში მოხვედრილ წევრებს,  55 ლარია.

„თუ კომპენსაციის ხაზით არის, (კანონი სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ) მაშინ ყველაზე ინდივიდუალურია, დავუშვათ იყო ოფიცერი, ეს ოფიცერი რაღაც თანხას იღებდა და იმ თანხიდან არის ფორმულა გამოსაყვანი, თუ რიგითზეა საუბარი,  ეს არის 55 ლარი. ოჯახის წევრებზე ყველასთვის  55 ლარია“,–ამბობს პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის მთავარი სპეციალისტის, დაზმირ ჯოჯუა.

მისი თქმით, ეს თანხა შეიძლება იყოს ასი ლარი ან უფრო მეტი, გამოთვლა ფორმულის მიხედვით ხდება, რომელიც გარდაცვლილის სიცოცხლეში არსებულ ხელფასზეა დამოკიდებული.

1999 წელს მიღებული კანონის თანახმად, დახმარება გაიცემოდა მშობლებზე (მიუხედავად ასაკისა), მეუღლეებზე (რომლებიც მეორედ არ დაქორწინებულან), არასრულწლოვან, აგრეთვე, მოსწავლე და სტუდენტ შვილებზე, ასევე, ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული პირის კმაყოფაზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას.

დაღუპულთა ოჯახის სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული პუნქტებიც მნიშვნელოვნად შეიცვალა. შეღავათები, რომლითაც 2005 წლამდე სარგებლობდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები, გაცილებით მეტი იყო, ვიდრე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი კანონი 2005 წელს.

მაგალითად, თუ 1999 წლის კანონის მიხედით, დახმარებათა ჩამონათვალი 22 პუნქტს აღწევდა, ცვლილების მიხედვით, რაოდენობა 4–მდე დავიდა.

ამ დროისთვის რამდენიმე მოქმედი დებულებაა: სახელმწიფოს მიერ დაღუპულის გადმოსვენების და დაკრძალვის ხარჯების გაღება, პენსიის უზრუნველყოფა, გადასახადებისთვის გამოყოფილი 44– ლარიანი დანამატი.

44– ლარიანი დანამატი  2007 წელს მთავრობის დადგენილებით  განისაზღვრა.  მანამდე  ოჯახი თავისუფლდებოდა საყოფაცხოვრებო–კომუნალური გადასახადისგან, ელექტროენერგიის შემთხვევაში კი– ზამთრის სეზონზე (ნოემბერი–მარტი)250კვ.მ სთ თვეში, ხოლო ზაფხულში 150 კვ,მ იყო უფასო.

 კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ამოიღეს ისეთი შეღავათები ,როგორებიც ოჯახის მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სამედიცინო–სანიტარული მკურნალობა, ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათიანი პირობები, სამუშაოზე შემცირებისას პირის უპირატესობაში ყოფნა, მიუხედავად მისი სტაჟისა, მიწის გადასახადისგან გათავისუფლება და სხვა.

გულრიფშის რაიონიდან დევნილ სამი შვილის დედას,  მანანა კეთილაძეს, მეუღლე აფხაზეთის ომში დაეღუპა. ის ამბობს, რომ იმ დროის მანძილზე, რაც ოჯახით თბილისში ჩამოვიდა, სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიუღია.

„შევარდნაძის დროს 500 დოლარი მომთხოვეს, ჩემი კუთვნილი პენსია რომ ამეღო, 45 ლარი იყო თვიურად, მაგრამ სად მქონდა მე ის ფული. ახალი ხელისუფლების პირობებშიც არავითარი დახმარება არ მიმიღია. პედაგოგი ქალი 24 საათი ბაზარში ვიდექი, რომ ჩემი შვილები მერჩინა“,–ამბობს მანანა კეთილაძე.

მისგან განსხვავებით, სახელმწიფოსგან 2005 წლის ჩათვლით დახმარებას იღებდა და სოციალური შეღავათებით სარგებლობდა გუდაუთადან დევნილი ეთერ ჭელიძე,რომელსაც შვილი დაეღუპა აფხაზეთის ომში. ის ახლა მხოლოდ მისი ასაკისთვის კუთვნილ პენსიას იღებს.

გაზეთ „კვირის პალიტრას“ აგვისტოს ომში დაღუპული შვილის რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა. როგორც გაზეთი წერს,  პენსიის დანიშვნა მათ სახელმწიფოს სთხოვეს, თუმცა  საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსგან პასუხი მიიღეს, რომ კანონის თანახმად, პენსია აღნიშნულ პირებს არ დაენიშნებოდათ.

ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ რუსეთ–საქართველოს ომის დროს, 2008 წლის აგვისტოში 339 სამხედრო პირი დაიღუპა, 15 კი უგზო–უკვლოდ დაიკარა. აფხაზეთის ოში კი დაახლოებით 3000 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი