საზოგადოება

“არა პუტინის კანონს!” – ჟურნალისტების აქცია პარლამენტში [ფოტო/ვიდეო]

20 თებერვალი, 2023 • 1499
“არა პუტინის კანონს!” – ჟურნალისტების აქცია პარლამენტში [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მედიასაშუალებების და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” გამოაცხადებს.

“მაინც ვერ გაგვაჩუმებთ”, “სიმართლის გეშინიათ”, “აგენტი თავი გაბიათ”, “არა! პუტინის კანონს” – ჟურნალისტებს ხელში ამ შინაარსის პლაკატები უჭირავთ. ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, უარი თქვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, “ხალხის ძალის” მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის განხილვაზე.

ამ ტიპის კანონმა რუსეთში ჯერ შეზღუდა და შემდეგ კი, ფაქტობრივად, გააქრო კრიტიკული მედიასაშულაბები და ორგანიზაციები. ჟურნალისტების დღევანდელ აქციაზე აქცენტი სწორედ რუსეთთან პარალელებზე კეთდება.


მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “ხალხის ძალის” ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს  აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა  განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი