საზოგადოება

კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა თურქეთში

6 თებერვალი, 2023 • 4645
კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა თურქეთში

თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ბიძგების სიმძლავრე 7.5 მაგნიტუდა იყო.

ადგილობრივი მედიის თანახმად, მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 13:23 საათზე მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს ტერიტორიაზეც, მათ შორის, ბათუმში.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში იყო. აღნიშნული პროვინცია იყო გვიან ღამით მომხდარი პირველი ძლიერი მიწისძვრის ეპიცენტრიც.

BBC-ს ცნობით, ამავე სამსახურის წარმომადგენელი დასძენს, რომ შუადღისას მომხდარი მიწისძვრა არ წარმოადგენდა ე.წ. აფთერშოკს(მომყოლ ბიძგს) და ის პირველი მიწისძვრისაგან “დამოუკიდებელი” ბიძგები იყო.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ღამით მომხდარ მიწისძვრას მხოლოდ თურქეთში სულ მცირე 912 ადამიანი ემსხვერპლა. მისივე თქმით, დაშავებულია 5 383 ადამიანი.

ერდოღანი დასძენს, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია თქმა, რამდენით გაიზრდება დაღუპულთა რიცხვი.


წუხელ, გვიან ღამით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს, თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის, ისრაელსა და ლიბანში.

AP News-ის მიხედვით, სირიასა და თურქეთში დაღუპულთა ჯამური რიცხვი, სულ მცირე, 1 300-ს შეადგენს.

თურქეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ორივე ქვეყანა აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს, რასაც ართულებს ამინდი. BBC წერს, რომ თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მობილური ტელეფონის გამოყენებისგან, რათა მაშველებს ხელი არ შეუშალონ კოორდინირებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი