საზოგადოება

საქართველოს იმ შემთხვევაში შეეძლება აფხაზეთის დაბრუნების მოთხოვნა, თუ ჩვენ უკრაინაში დავმარცხდებით – ზატულინი

3 თებერვალი, 2023 • 2846
საქართველოს იმ შემთხვევაში შეეძლება აფხაზეთის დაბრუნების მოთხოვნა, თუ ჩვენ უკრაინაში დავმარცხდებით – ზატულინი

საქართველოს იმ შემთხვევაში შეუძლია იმედი იქონიოს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მის შემადგენლობაში დაბრუნდებიან, თუ რუსეთი უკრაინაში მარცხს განიცდის. ამის შესახებ URA.RU-ს განუცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა და დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე კონსტანტინ ზატულინმა.

ზატულინი ასე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინადადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმების ფარგლებში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაც უნდა დატოვოს.

“იმისათვის, რომ საქართველოს მოთხოვნა შესრულდეს, რუსეთმა მარცხი უნდა განიცადოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მარცხი არ იქნება, ასე რომ, იმას, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი საუბრობს, აღსრულება არ უწერია”.

მისი თქმით, მსოფლიო ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქვეყნებმა, რომლებიც ომში არ მონაწილეობდნენ, კონფლიქტის დასრულების შემდეგ გარკვეული სარგებელი ნახეს. მაგალითად, ინგლისმა რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად კვიპროსი დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ თავად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია

“მაგრამ საქართველო ინგლისი არაა”, – განაცხადა ზატულინმა.

მან არ გამორიცხა სიტუაციის გამწვავება საქართველოს საზღვრებთან. მისი თქმით, ეს ზურაბიშვილზე არ არის დამოკიდებული, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი პრეზიდენტია, ეს მასზე არაა დამოკიდებული.

“გამწვავება იმ შემთხვევაში იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება მოექცევა იმ ზეგავლენის ქვეშ, რომელსაც მასზე ახორციელებენ. ეს ზეწოლა რეალურად ხორციელდება. საქართველომ 2008 წელს რუსეთის გამოცდა სცადა და ფაქტობრივად საწინააღმდეგო შედეგი მიიღო – რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა. მათ დაბრუნებაზე ოცნება ფანტაზიის სფეროში რჩება”, – განაცხადა ზატულინმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი