საზოგადოება

„დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ?“ – მელია კეზერაშვილს

24 იანვარი, 2023 • 921
„დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ?“ – მელია კეზერაშვილს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება მისი ოპონენტების ბრალდებებს, რომ მან „ფორმულას“ დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან, დავით კეზერაშვილისგან საჩუქრად მიიღო ძვირად ღირებული ავტომობილი.

მელიას თქმით, ოპონენტების მხრიდან „საჩუქრების“ წამოძახება, გარდა იმისა, რომ მდაბიო საქციელია, უამრავი ტყუილით, სპეკულაციით და ცილისწამებითაა სავსე.

რა თქვეს მელიას ოპონენტებმა?

22 იანვარს „ფორმულას“ ეთერში ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ  რამდენიმე არჩევნების დროს დავით კეზერაშვილი ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდა და მისგან საჩუქრებიც მიუღია, მათ შორის, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც დღეს დადის.

ბეჟაშვილის თქმით, როცა მელიამ კეზერაშვილის ოლიგარქობისა და ენმ-ში ფარულ ინტერესებზე დაიწყო საუბარი, მათთვის შოკი იყო, რადგან კეზერაშვილთან თანამშრომლობა და მათ შორის მეგობრული ურთიერთობაც ნიკა მელიასგან მოდიოდა.

„რამდენიმე არჩევნების განმავლობაში მას [ნიკა მელიას] პირადად ეხმარებოდნენ, პირადად მიუღია საჩუქრებიც, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დადის და ა.შ.  ვეკითხებოდით, რატომ დაიწყე ეს თემა, რა აქტუალური იყო ქართული პოლიტიკისთვის ან პარტიული საქმიანობისთვის, არასდროს არ ყოფილა განცხადება, მინიშნებაც კი, რომ [დავით კეზერაშვილი] რაღაც ფარული ზეგავლენის მოპოვებას ცდილობს, ვიღაცის გადაყენებას ან ვიღაცის დანიშვნას, ან ვიღაცის სიაში ჩასმას“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„არც ერთი წითელი ხაზი აღარ დატოვეს“

ოპონენტების ბრალდებების პასუხად სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ნიკა მელიამ. მელიას თქმით, მისმა ოპონენტებმა გადაუკვეთავი აღარ დატოვეს არცერთი წითელი ხაზი.

„ღირსების მქონე საზოგადოებისთვის მართლაც ძნელი მოსასმენია ის ყველაფერი, რასაც საუბრობს და რაზეც მიდის ჩემი კონკურენტის მხარე შიდაპარტიულ არჩევნებში.

პრაქტიკულად გადაუკვეთავი აღარ დატოვეს არცერთი წითელი ხაზი. დღეს “საჩუქრების” წამოძახებაზე გადავიდნენ. ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ მდაბიო საქციელია, უამრავი ტყუილით, სპეკულაციით და ცილისწამებითაა სავსე.

ვწუხვარ და მეუხერხულება კიდეც, ამ თემაზე რომ ვწერ სტატუსს, მაშინ როცა უზარმაზარი გამოწვევევის წინაშე დგას პარტიაც და ქვეყანაც, მაგრამ პროპაგანდა ასე მუშაობს – დღეს ბევრი ამ თემაზე წერს და სატელევიზიო ეთერებსაც უთმობენ და მე ვალდებული ვარ, პირველ რიგში ენმ-ის მხარდამჭერებს ვუთხრა სიმართლე“, – ამბობს ნიკა მელია.

მელიას განმარტებით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისმა მეგობრებმა ჩათვალეს, რომ დაცვა და დამატებითი ავტომობილი სჭირდებოდა და ამიტომ დაცვას გადასცა მისი ოჯახის საკუთრებაში მყოფი მანქანა, თავად კი პარტიის ავტომობილით (Mazerati) სარგებლობდა.

მელიას თქმით, ავტომობილი,  რომლითაც თავად სარგებლობდა, პარტიას კობა ნაყოფიას თხოვნით ზაზა ოქუაშვილმა ათხოვა და დამატებითი ავტომობილის საჭიროება პარტიაში აღარ ჰქონდათ. თუმცა, მისი თქმით, დავით კეზერაშვილმა „მოულოდნელად“ მანქანა გამოუგზავნა.

„ერთ დღეს, ჩემთვის მიულოდნელად, პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა მითხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში იდგა მეორადი ავტომობილი, რომელიც გამოგზავნა დავით კეზერაშვილმა. ცხადია, არ მითხოვია, თავად გადაწყვიტა თავისი სურვილით და მოგვიანებით სატელეფონო საუბრისასაც ასეც აღნიშნა.

მას შემდეგ, რაც დავინახე დავით კეზერაშვილისგან მცდელობა, ჩარეულიყო შიდაპარტიულ პროცესებში, რამდენჯერმე (2022 წლის ივნისის თვიდან) ვცადეთ ამ ავტომობილის მისთვის დაბრუნება. ბოლოს ამ თვენახევრის წინაც ვთხოვე ბაჩო დოლიძეს, გადაეცა კეზერაშვილის ოჯახის წევრისთვის, დიმა ჩიქოვანისთვის, რომელმაც არ ჩაიბარა ეს ავტომობილი და ის დღემდე დგას პარტიის ავტოფარეხში“, – წერს მელია.

ვრცელი პოსტის ბოლოს მელია პირადად დავით კეზერაშვილს მიმართავს კითხვით, დარჩა თუ არა რამე,  რაც კიდევ შეიძლება იკადრონ.

„აი, ასე იყო ეს ამბავი და არა ისე, როგორც ფუთავენ და ავრცელებენ მერაბიშვილი/კეზერაშვილის მხარდამჭერი კოლეგები. ბატონებო, კეზერაშვილის „ნაჩუქარი“ ავტომობილი პარტიის ავტოფარეხშია. დავით კეზერაშვილი, დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადრო/თ?“, – წერს მელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი