საზოგადოება

ტრაგედია საგარეჯოში – რას იხსენებს მორიგე ექთანი

20 იანვარი, 2023 • 2165
ტრაგედია საგარეჯოში – რას იხსენებს მორიგე ექთანი

“იყო საშინელი სროლის ხმა”, – ასე იხსენებს 20 იანვრის ღამეს საგარეჯოში თავდასხმას საგარეჯოს საავადმყოფოს,  „ჯეოჰისპიტალსის“ საგარეჯოს ფილიალის ექთანი ნანა კევლიაშვილი.

ის წუხელ მორიგე იყო – ერთ-ერთი იმ მედიკოსებს შორის, ვინც დაჭრილების გადარჩენისთვის იბრძოდა.

ნეტგაზეთთან საუბარში ის იხსენებს, რომ სროლა დაახლოებით 01:00 საათისთვის დაიწყო და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

„აფეთქების ხმა არ გამიგია, მაგრამ იყო საშინელი სროლის ხმა. დაჭრილები მალევე შემოიყვანეს, რადგან საავადმყოფო ახლოსაა ბინებთან, სადაც თავდასხმა მოხდა.

პაციენტები თანდათან შემოჰყავდათ, თავიდან შემოიყვანეს ორი მათგანი, პარალელურად სროლის ხმა არ წყდებოდა და არც შეწყდა მანამ, სანამ სპეცრაზმი არ ჩამოვიდა..რომ შემოიყვანეს პოლიციელი, რომელიც სასიკვდილოდ იყო დაჭრილი, კლინიკასთან ასევე ისმოდა ხმაური. შესაბამისად, ჩვენ თვითონ გავედით გარეთ და დავეხმარეთ პაციენტებს შემოსვლაში”.

ნანა კევლიაშვილი ყვება, რომ დაჭრილებს შორის ძირითადად იყვნენ ახალგაზრდა კაცები. მათ შორის ერთი-  სასულიერო პირის შვილი ამჟამად რეანიმაციურ განყოფილებაში იმყოფება და მას არაერთი რთული ოპერაცია ჩაუტარდა. მასთან შედარებით სხვები მეტ-ნაკლებად მსუბუქად იყვნენ დაჭრილები ფეხში, ერთი გოგო კი თვალში იყო დაჭრილი. ეს უკანასკნელი შემდგომ თბილისში გადაიყვანეს.

„ემოციურად ძალიან რთული იყო. მაგრამ მაშინ ემოციებზე არავინ ვფიქრობდით. ერთადერთი ვფიქრობდით, რომ სწრაფად გაგვეკეთებინა ყველაფერი, დრო არ დაგვეხარჯა და დავხმარებოდით პაციენტებს. ძალიან მობილიზებულად, კარგად და გუნდურად გავაკეთეთ ყველაფერი, რათა არცერთი წამი არ დაკარგულიყო.

მაშინვე სწრაფად მოხდა გამოძახებები, ჩამოვიდა ჩვენი დირექტორი, მოვიდა მიმართულების ხელმძღვანელი, ტრავმატოლოგი, მორიგე ქირურგი აქ იყო… ყველაფერი ძალიან სწრაფად დავგეგმეთ. ძალიან გუნდურად ვიმუშავეთ“,- ყვება ექთანი.

გარეკანი ფოტო: „ფორმულა“


მკვლელობა საგარეჯოში – რა ვიცით ამ დრომდე

  • 20 იანვრის ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ცეცხლი გახსნა. ოფიციალური ცნობებით, მან მოკლა ეზოში მყოფი მოქალაქეები, მათ შორის ისინი, ვინც დაჭრილების დახმარებას ცდილობდნენ.
  • თავდამსხმელმა მოკლა 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი. შსს-ს ცნობით, ამის შემდეგ მან თავი, სავარაუდოდ, მოიკლა.
  • თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო იყო. შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სროლის დაწყებისას სახლში იმყოფებოდა ბრალდებულის სრულწლოვანი შვილიც. მან მალევე დატოვა ბინა.
  •  ღამითვე 5 დაჭრილი „ჯეოჰოსპიტალსის“ საგარეჯოს ფილიალში გადაიყვანეს. მათგან 3-ის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთის – კრიტიკული. 5 დაჭრილიდან ერთი ქალი, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა, თბილისში გადმოიყვანეს.
  • გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვისა და ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი