საზოგადოება

მელიას თქმით, ენმ-ში მიმდინარე პროცესები მერაბიშვილის და კეზერაშვილის დაგეგმილი იყო

17 იანვარი, 2023 • 1201
მელიას თქმით, ენმ-ში მიმდინარე პროცესები მერაბიშვილის და კეზერაშვილის დაგეგმილი იყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიაში მიმდინარე მოვლენების უკან დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი დგანან, რომლებსაც ენმ-ში არაფორმალური გავლენების მოპოვება სურთ:

„არცერთ ჩემს თანამოაზრეს, არც მე, არ გვქონია პერსონალური დაპირისპირების სურვილი, მით უმეტეს, საკუთარი პარტიის რიგებში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ფასეულობითი დაპირისპირება დღეს არის. ყველა ის ადამიანი, რომელიც იღებს ძალიან აქტიურ მონაწილეობას, არა უბრალოდ მხარს უჭერს რომელიმე კანდიდატს, არამედ მისი დაწყებული პროცესია თავიდან ბოლომდე. ცუდია, რომ ავანსცენაზე არ არის გამოსული და სურვილი აქვს არაფორმალური გავლენები მოიპოვოს ამ მეთოდებით.

9 ნოემბერს, დღე, როდესაც ახალგაზრდა ადამიანებს გააკეთებინეს განცხადება, მოითხოვეს იმ ფორმით, რა ფორმითაც მოითხოვეს არჩევნების ჩანიშვნა და შემდეგ უფროსი თაობის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, რომ ვინაიდან ახალგაზრდებმა ეს განცხადება გააკეთეს, ჩვენ მხარს ვუჭერთო, თითქოს მათი დაორგანიზებული არ ყოფილიყო… ამ 9 ნოემბრის მთავარი მოქმედი პირნი, ავტორნი იყვნენ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი. ეს პროცესები თავიდან ბოლომდე ინსპირირებული, დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ამ ორი ადამიანის მიერ“, – ამბობს ნიკა მელია „რეაქციაში“.

მისი თქმით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობდა, თუმცა, როცა დარწმუნდა, რომ მას პარტიაში არაფორმალური გავლენის შემოტანა სურდა, მათი გზები გაიყარა. მელიას თქმით, კეზერაშვილი პარტიული თანამდებობიდან ერთ-ერთი მისი თანაგუნდელის გათავისუფლებას ითხოვდა, რომლის სახელსაც ნიკა მელია არ ასახელებს:

„მე ბატონ კეზერაშვილთან მქონდა თანამშრომლობა, მაგრამ თანამშრომლობა და კონტროლი ორი სხვადასხვა რამ არის. მე როდესაც დავრწმუნდი ამ ადამიანის შემთხვევაში, რომ მას აქვს არაფორმალური გავლენის შემოტანის სურვილი პარტიაში, ზოგ შემთხვევაში ჩემი გვერდის ავლით, და გამოიჩინა ამბიცია, რომ ვიღაც უნდა ყოფილიყო პარტიაში ლიდერად, ვიღაც არა, მე მასთან შევწყვიტე ურთიერთობა. როდესაც კონკრეტული შემთხვევა ჩვენს ურთიერთობაში დაფიქსირდა და მე ჩავდექი მდგომარეობაში, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი ნაციონალურ მოძრაობაში, რომელსაც აქვს ძალიან მდიდარი ბიოგრაფია, არ უნდა ყოფილიყო პარტიულ თანამდებობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ცალკე აღებულ ადამიანს [ასე უნდოდა], ეს იყო ჩემთვის წითელი ხაზი. მე ვფიქრობ, ამ ადამიანს ექნება შესაძლებლობა თავად ისაუბროს. მე მქონდა ამაზე დათო კეზერაშვილთან საუბარი და ჩვენი გზები გაიყო“, – აცხადებს ნიკა მელია „ტელეკომპანია პირველთან“.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მელია ამბობს, რომ მათი დაპირისპირება 2020 წელს დაიწყო, როცა თავად კენჭს იყრიდა გლდანის მაჟორიტარად და საერთო ოპოზიციური კანდიდატი იყო. ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარის თქმით, მერაბიშვილი მისი გუნდის 10-მდე წევრს შტაბის დატოვებას სთხოვდა, რაც ენმ-ის ლიდერის შეფასებით, არჩევნების ჩაშლას გამოიწვევდა.

ნიკა მელია აცხადებს, რომ რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, ამ ადამიანებმა მერაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ამგვარ ჩარევაზე თავად აცნობეს:

„2020 წელს ვარ გლდანში, ძალიან მძიმე საარჩევნო კამპანიაში, მალევე ირკვევა რომ იქ ოპოზიციას ძლიერი პოზიციები და გამარჯვების უნიკალური შესაძლებლობა აქვს, ვებრძვით კახი კალაძის და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ამ პროცესში მე აღმოვაჩინე, რომ ჩვენ თურმე ვებრძვით არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ ჩვენ გვიპირისპირდება ვანო მერაბიშვილი.

ის ძალიან აქტიურად ყოფილა ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში. კონკრეტულ ადამიანებთან, და ეს არ არის 3 4 ან 5 10-მდე ადამიანთან, მისი წარმომადგენლები გადიან კონტაქტზე და ეუბნებიან, დატოვეთ მელიას შტაბი. დროთა განმავლობაში ვხედავ, ცენტრალურ შტაბში ადამიანების რაოდენობა მცირდება ჩემ გარშემო, დაიკარგნენ ესენი ჩემი თვალთახედვის არედან რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ ადამიანებს ყური რომ ეგდოთ ვანო მერაბიშვილისთვის, ის არჩევნები ჩაიშლებოდა გლდანში. როდესაც ეს ადამიანები გამოჩნდნენ სამი დღის შემდეგ და მომიყვეს სიმართლე, მე წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა. იმ დღესვე მქონდა კომუნიკაციის მცდელობა, მაგრამ კონტაქტზე აღარ გამოვიდა“, – ამბობს ნიკა მელია.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამ მოვლენებს მოჰყვა მისი განცხადება, სადაც ამბობდა, რომ სადაც ვანო მერაბიშილი იდგებოდა, თავად არასდროს დადგებოდა:

„ყველა მისი მეგობარი პარტიაში ვინც არის, ძალიან ბევრი ადამიანი მეორე დღესვე ვნახე და ეს მოვუყევი. ამიტომ ვთქვი, იქ ,სადაც არის ეს ადამიანი, მე არასოდეს არ დავდგები. მან ალბათ ჩათვალა, თუ ახლა მელია გლდანში გამარჯვებას მოიპოვებს, ამას მერე პოლიტიკურ კისერს როგორ მოვუღრიცავო?! მთელი მისი პოლიტიკური ცხოვრება ხასიათდება ინტრიგებით, ადამიანების ერთმანეთთან გადაკიდებით და ა.შ. და ა.შ. მე როდესაც ვიცი, ამ წლების განმავლობაში ამ პარტიაში ბევრ ადამიანთან ერთად უკან არაფერზე დამიხევია, ასე მექცევა ადამიანი, რომელსაც უნდა გავლენის მოპოვება პარტიაში, მე ან რა სინდისით ან რა მორალით უნდა ვეცადო და დავარწმუნო ნებისმიერი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მსგავს მანკიერებებს არასოდეს აღარ გაიმეორებს და აღარ ჩაიდენს.

ვანო მერაბიშვილი 2020 წლიდან არის ამ პროცესში ჩართული, რა უნდა, თავადაც არ იცის. დამდგარიყო კანდიდატად თავად, რატომ ჩააყენეს ლევან ხაბეიშვილი ამ მდგომარეობაში?! პარტიაში მოყვანა ადამიანის გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ პარტიიდან წასული ადამიანის მობრუნება ძალიან რთული იყო და მე ყველაფერი გავაკეთე. ლევან ხაბეიშვილი როცა გიორგი ვაშაძის პარტიაში იყო და ლაპარაკობდა, ენმ-ს არაფერი ეშველება და ა.შ. გამოვთქვი სურვილი მასთან შეხვედრის და შევთავაზე საკრებულოს სიაში შეყვანა. ნახევარ საათში დამთანხმდა. ვიღაცამ უფრო მომგებიანი წინადადებები შესთავაზა, ის, რაც შეიძლება დათო კეზერაშვილს და ვანო მერაბიშვილს შეეთავაზებინა, და ადამიანს ვერ ვცნობ“, – ამბობს ნიკა მელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი