საზოგადოება

ვინ აირჩევს ენმ-ის თავმჯდომარეს? — პარტია ამომრჩეველს ფეისბუკზე გადაამოწმებს

14 იანვარი, 2023 • 1014
ვინ აირჩევს ენმ-ის თავმჯდომარეს? — პარტია ამომრჩეველს ფეისბუკზე გადაამოწმებს

გუშინ, 13 იანვარს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია დაიწყო.

რეგისტრაცია 26 იანვარს დასრულდება, რის შემდეგაც სპეციალური ჯგუფი, რომელიც თავმჯდომარეობის კანდიდატების წარმომადგენლების მიერ იქნება დაკომპლექტებული, შეისწავლის, არის თუ არა რეგისტრირებული პირი პარტიის რეალური მხარდმაჭერი და ხომ არ ცდილობს ის პროცესის დისკრედიტაციას.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნინო კვიტაიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, იმისათვის, რომ დადგინდეს პირი ნამდვილად ენმ-ის მხარდამჭერია თუ არა, ამ პირის Facebook-ის გვერდს შეამოწმებენ, რომლის მითეთებაც რეგისტრაციისას ავტომატურად ხდება.

„ცნობილი იქნება პირადი ნომერი, სახელი და გვარი, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ დაადგინო ნამვილად არსებობს თუ არა საქართველოს ასეთი მოქალაქე. მაგალითად, ამისთვის არსებობს ცესკოს ვებგვერდი, მაგრამ ჩვენი ამომრჩეველი, მხარდმაჭერი და ჩვენდამი კეთილგანწყობილი ადამიანი არის თუ არა, ამას უკვე Facebook-ის იმ გვერდების საშუალებით შეისწავლიან, რომელიც თავად მიგვითითა ამომრჩევლმა.

ამ შემთხვევაში მნიშვნელობა მიენიჭება, არის თუ არა ნამდვილი ეს გვერდი, ხომ არ არის ყალბი, ბოტი, ტროლი… პროცესის დისკრედიტაციისთვის სისტემაში შემოსული. ამის შესაძლებლობა იქნება სწორედ Facebook-ის გვერდის საშუალებით. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ის არ იყოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ან სხვა პარტიის აქტიური მხარდამჭერი, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, – ამბობს ნინო კვიტაიშვილი ნეტგაზეთთან.

მისივე თქმით, რეგისტრირებული ამომრჩევლის პოლიტიკური ორიენტაციის Facebook-ის გვერდით შემოწმება, რისკების მინიმალიზაციის საშუალებას მისცემთ.

„სხვაგვარად პოლიტიკური ორიენტაციის დასადგენად ამ ქვეყანაში არანაირი მექანიზმი არსებობს და ვერც ათასობით ადამიანის პირად გამოკითხვას ჩავატარებთ და კვლევას ვინ ვისი ამომრჩეველია. ერთადერთი, რისი შესაძლებლობაც არსებობს შედარებით გონივრული და ობიექტური, ეს არის სწორედ ადამიანის პირადი Facebook.

ერთი მხრივ, იმის დადგენა, რომ არსებობს თუ არა რეალურად ასეთი ადამიანი, არა გამოგონილი პირადი ნომრით, ამის შესაძლებლობას იძლევა ცესკო. მისი პოლიტიკური ორიენტაციის შესწავლა პირადი გვერდით, ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც ამ რისკები მინიმალიზაციის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებზე უშუალოდ ხმის მიცემა დაიწყება 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და დასრულდება 30 იანვრის 10:00 სთ-ზე.

ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში კი მონაწილეობენ ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი