საზოგადოება

“იმედი მაქვს, შევძლებ საზოგადოების დარწმუნებას” – რას აპირებს მარგველაშვილი

28 დეკემბერი, 2022 • 908
“იმედი მაქვს, შევძლებ საზოგადოების დარწმუნებას” – რას აპირებს მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წამოიწყო ხელმოწერების შეგროვება მისი წინამორბედის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით.

თავდაპირველად 140-ზე მეტმა ყოფილი თანამდებობის პირმა, სააკაშვილის დიდი ხნის ოპონენტების ჩათვლით, მოაწერა ხელი განცხადებას, რომელიც სახალხო დამცველის შექმნილი კონსილიუმის და ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების შეფასებების საფუძველზე ამბობს, რომ საქართველოში სააკაშვილის სიცოცხლე დასრულდება წამებით სიკვდილით, რასაც ქვეყნისთვის ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები.

დღეს ხელმოწერების შეგროვება „ფექტორი თბილისში“ გაგრძელდა, შემდეგ კი ონლაინ პეტიციის სახესაც მიიღებს. განცხადებაზე ხელმოწერა ყველა მოქალაქეს შეუძლია.

ხელმოწერების შეგროვება სააკაშვილის სამკურნალოდ გადასაყვანად

მარგველაშვილის თქმით, სწორედ მოქალაქეები არიან მისი მიმართვის ადრესატები და არა — სახელისუფლებო სტრუქტურები.

„მე მიმაჩნია, რომ მთავარი, სადაც წყდება ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის ბედი, არის ქართული საზოგადოება. უკვე მერე ამას მოჰყვება პარტნიორები, პოლიტიკური პროცესი, მაგრამ მთავარია პოზიციის კონსოლიდაცია ორი ღირებულების ირგვლივ:

  • დაუშვებელია ნებისმიერი მოქალაქის წამებით სიკვდილი;
  • საქართველომ უკვე მეორედ არ უნდა მოკლას თავისი პრეზიდენტი რუსეთის დაკვეთით.

თუ მოვახერხებთ ამ ორ პუნქტზე შეთანხმებას, მერე ეს გამოიწვევს დანარჩენს — უცხოელების ჩართვასაც და ხელისუფლებაზე ზეწოლასაც. მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის პირველიდან ბოლო მუხლამდე რომ დაერღვია, კანონმდებლობაში არ არსებობს წამებით სიკვდილის განაჩენი. როცა წამებით ნელ მოკვდინებაზე ვსაუბრობ, ეს არ არის ჩემი პოლიტიკური პოზიცია, კომპეტენტური სამედიცინო კომისიების დასკვნებს ვციტირებ“, — აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე განცხადების ხელმომწერთა რიგში იდგა დღეს ექიმი ნინო ქავთარაძეც.

„საშინელება ხდება ქვეყანაში. კლავენ მესამე პრეზიდენტს, რომელიც ფაქტობრივად სახელმწიფოებრიობის აღმდგენია. მე მახსოვს 90-იანი წლები, რა ხდებოდა მანამდე და როგორ შეიცვალა ყველაფერი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. ამის არდანახვა არ შეიძლება. გარდა ამისა, ექიმი ვარ და ვიცი, რომ როდესაც პაციენტი მძიმდება, საჭიროა რაღაც სხვა დამატებითი ღონისძიებების გატარება, რაც საქართველოში ახლა შეუძლებელია. მისი მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, ამიტომ საჭიროა მისი სასწრაფოდ გადაყვანა სიცოცხლის შესანარჩუნებლად“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ნინო ქავთარაძემ.

ის მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება, რადგან დიაგნოზი ნორმალურად დასმული არ არის.

„არის ინტოქსიკაცია, რაც ნიშნავს, რომ ყოველდღიურად მძიმდება პაციენტი, სანამ ტოქსინს არ აღმოაჩენ. ხდება სიმპტომატური მკურნალობაა — წნევა აუწევს, დაუწევენ. უნდა დადგინდეს პირდაპირი მიზეზი და მიზეზის აღმოფხვრის მიზნით უნდა ჩატარდეს სპეციალიზებული მკურნალობა, რაც საქართველოში ვერ ხერხდება“, — დასძენს იგი.

„ფექტორი თბილისის“ მფლობელ სოფო ჭყონიას არ სჯერა, რომ ხელმოწერების შეგროვება შედეგს გამოიღებს, თუმცა მიიჩნევს, რომ უმოქმედობა არ შეიძლება.

„მე პოლიტიკოსი არ ვარ. ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, რომელიც ხედავს, თუ რა ხდება დღეს საკუთარ ქვეყანაში და ეს ძალიან მაწუხებს. დღეს მოვედი იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს. სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ ეს რაღაც შედეგს მოიტანს, ვინაიდან ჩვენი ხელისუფლება ამდენი ხანია, სრულად აიგნორებს სააკაშვილის ოჯახის თუ საზოგადოების უკვე საკმაოდ დიდი ნაწილის მოთხოვნას. მაგრამ მოქმედება მაინც უნდა გაგრძელდეს, დრო ძალიან ცოტაა. მოგვწონს, არ მოგვწონს სააკაშვილი, მეორე მხარეა. მაგრამ როცა ხედავ, როგორ ექცევიან ადამიანს და რომ რუსეთის სპეცსამსახურები კლავენ, მეც ვალდებული ვარ ვიმოქმედო“, — განაცხადა სოფო ჭყონიამ.

ის, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის დავალებით მოქმედებს სააკაშვილის წინააღმდეგ, სჯერა ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც.

„მჯერა. ბევრი არგუმენტია ამ მიმართულებით. თუ ქართული ხელისუფლების პოლიტიკას დააკვირდებით, განსაკუთრებით 24 თებერვლის მერე, მითხარით, რომელიმე სხვა ეთერში თუ გინახავთ ამდენი ანტიდასავლური და ამდენი ანტიუკრაინული პოზიცია დაფიქსირებული? თქვენ საბჭოთა კავშირის დროს არ ცხოვრობდით, მაგრამ მაშინაც კი არ იყო ამდენი დაპირისპირება დასავლეთთან“, — ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

მარგველაშვილი ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებს და საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოში აკრედიტებული ელჩების ჩათვლით, აკრიტიკებს იმ პასიურობისთვის, რომელსაც, მისი შეფასებით,  „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკისა და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის პირობებში იჩენენ.

„ერთმნიშვნელოვნად არის [საელჩოების] პასიურობა. დღეს რაც ხდება საქართველოში, მარტივ ორ მაგალითს გეტყვით — დამოუკიდებელი კრიტიკული მედიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნიკა გვარამია დღეს ზის ციხეში თავხედური ბრალდებით, რომ მან მანქანა არასწორად მოიხმარა, და მიხეილ სააკაშვილი, მისი ბრალეულობის განხილვის მიუხედავად, წამებით მოკვდინების პროცესშია. ამ დროს თქვენ გაგიგიათ უფრო მძაფრი კომენტარი, ვიდრე „ყურადღებით ვაკვირდები“? როდესაც საუბარია დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ყველანი თანამოაზრენი უნდა ვიყოთ. ნამდვილად მაკლია ყურადღებით დაკვირვების მიღმა რაიმე უფრო ნათელი და მკაფიო პოზიცია ამ ძალიან ნათელი საკითხების მიმართ“, — უთხრა „ნეტგაზეთს“ მარგველაშვილმა.

საერთაშორისო საზოგადოების პასიურობა, მარგველაშვილის შეფასებით, არახალია. ის ამბობს, რომ 2022 წლის 24 თებერვლამდე მსოფლიოში ადგილი ჰქონდა ე.წ. Putinversteher (ვისაც ესმის პუტინის) პოლიტიკას, რომელიც უკრაინამ შეაცვლევინა მასთან მიმართებით, მაგრამ საქართველოს ჯერ კიდევ შესაცვლელი აქვს.

„რითი აიხსნება, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შესაძლებლობა მისცეს, ბირთვული სახელმწიფო დეგრადირებულიყო პუტინის ტირანიად? რუსეთში არ ხდებოდა ისეთი რაღაცები, რაზეც რეაგირება იყო საჭირო, როდესაც პოლიტიკოსებს კლავდნენ კრემლის კედელთან, ჟურნალისტებს კლავდნენ სადარბაზოებში, როდესაც ჩეჩნეთის პროცესი მიმდინარეობდა, საქართველოს პროცესი მიმდინარეობდა, უკრაინის პროცესი მიმდინარეობდა? ბევრად უფრო მძაფრი არ უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი პარტნიორები?“ — ამბობს მარგველაშვილი.

ექსპრეზიდენტის თქმით, მისი მიზანია შექმნას პოლიტიკური პროცესის დინამიკა.

„რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას, რომელიც რუსების დავალებით მეორეჯერ კლავს თავის პრეზიდენტს და რომელშიც მედია არის ციხეში? რომლის ხელისუფლებაც 24 საათის განმავლობაში დასავლეთის და უკრაინის წინააღმდეგ რიტორიკით არის დაკავებული. ეს დასკვნა მკითხველმა თავად გააკეთოს. მე არ ვიცი და არც მაინტერესებს, რა არის ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკის მიზეზი, მე მაინტერესებს ქართული საზოგადოების ჩამოყალიბება ისტორიულ არჩევანზე — რა უნდათ, რომ მეორედ 30 წლის განმავლობაში მოკლან პრეზიდენტი და დაემშვიდობონ ნებისმიერ პერსპექტივას რუსეთის გუბერნიის გარდა, თუ უნდათ, უფრო აქტიურები იყვნენ და არ მიიღონ ეს რეალობა?“ — კითხულობს მარგველაშვილი.

ამავდროულად, ის ამბობს, რომ საზოგადოებაში ვერ იქნება პროტესტი მანამ, სანამ პოლიტიკური პროცესების ლიდერები არ დააანონსებენ და არ განახორციელებენ ამ პროტესტს.

„ვერ შედგება პროტესტი პოლიტიკური ლიდერების გარეშე და ღმერთმა დაიფაროს ქართული საზოგადოება პროტესტისგან პოლიტიკური ლიდერების გარეშე, იმიტომ, რომ ეს არის ანარქია, ქაოსი, კატასტროფა. პოლიტიკურ პროცესს სჭირდება პოლიტიკური ლიდერები . პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გაიაზრონ, რომ დღეს პრობლემა ის კი არაა, რომ შარლ მიშელის რომელიღაც გეგმის პუნქტი ან ომბუდსმენის არჩევის პროცედურა დაირღვა, არამედ ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რუსული ორიენტაციის ავტორიტარიზმში. ჩვენ უნდა შევძლოთ დავარწმუნოთ საზოგადოება, შევძლოთ დავარწმუნოთ ოპოზიცია, რომ წყნარად არ უნდა იხილავდნენ ძაღლის ჯიშების აკრძალავს პარლამენტში მაშინ, როდესაც ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები“, — ამბობს მარგველაშვილი.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან, მეოთხე პრეზიდენტი პასუხობს:

„რა თქმა უნდა, არც უნდა შესულიყვნენ“.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მისი უახლოესი გეგმაა, შეეწინააღმდეგოს საქართველოში ქართველების მიერ რუსების დავალებით მეორეჯერ საკუთარი პრეზიდენტის მოკვლას და ქვეყანაში არ გვყავდეს პოლიტპატიმრები.

რაც შეეხება იმას, თავად უფრო აქტიურად აპირებს თუ არა პოლიტიკურ საქმიანობაში დაბრუნებას, მარგველაშვილის თქმით, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი „გზავნილების გასიგრძეგანება და დაჯერება ქართული საზოგადოების მიერ.

„იმედი მაქვს, რომ მე შევძლებ საზოგადოების დარწმუნებას, რომ ვითარება ძალიან რთულია და რთული მიმართულებით ვითარდება“, — აცხადებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი.

მარგველაშვილი და 140-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი