საზოგადოება

პარლამენტარმა ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

26 დეკემბერი, 2022 • 1231
პარლამენტარმა ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

პარლამენტარმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანი წითლიძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა.

წითლიძემ, სხვა სამ დეპუტატთან ერთად, შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 15 დეკემბერს გამოაცხადა. ექიმმა თამარ სვანიძემ დღეს განაცხადა, რომ წითლიძის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მისი სხეულის მასა არის ძალიან დაბალი, ასევე დაბალია არტერიული წნევის მაჩვენებელი. შესაბამისად, ქალბატონი [ანა] წყვეტს დღეს შიმშილობას ჩვენი კატეგორიული მოთხოვნით“, – ამბობს ექიმი.

ექიმის ცნობითვე, წითლიძეს გადაიყვანენ სტაციონარში, სადაც რამდენიმე დღეს დაყოფს.

ბრიფინგზე, სადაც შიმშილობის შეწყვეტის შესახებ გახდა ცნობილი, კომენტარი გააკეთა თავად ანი წითლიძემაც. მისი თქმით, შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც:

“მე პირველივე დღიდან არ მქონდა [იმედი], რომ ეს ჰუმანიზმისგან დაცლილი ხელისუფლება რამეს იზამდა და ჩემს მოთხოვნებს შეასრულებდა. ეს იყო ჩემი პროტესტი იმ სიძულვილზე და იმ ბოღმაზე, რომლითაც ხელისუფლება ამ ათი წლის განმავლობაში ჩვენს გამოკვებას ცდილობს, და იმ სიძულვილის მორევში, რაშიც გვითრევენ, ვერ გადარჩება ვერავინ. ეს ვიცი ძალიან ზუსტად და არის ზღვარი, სადაც ეს სიძულვილი უნდა გაჩერდეს.

მე მთელი ამ დღეების განმავლობაში მქონდა შეხვედრები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მქონდა კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს, მელაპარაკა მასთან და მინდა მადლობა ვუთხრა მას ამ შესაძლებლობისთვის.

ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი – ჩვენ უნდა ვაშენოთ უფრო მეტი ხიდები, და არა პირიქით, რადგან სიძულვილი არ არის ის, რაც ამ ქვეყანას ევროპული მომავლისკენ წაიყვანს”, – განაცხადა წითლიძემ.

ბრიფინგზე ასევე ისაუბრა ხატია დეკანოიძემაც. მისი თქმით, თორმეტდღიანი შიმშილობის შემდეგ წითლიძე მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.

თავდაპირველად შიმშილობა “ნაციონალური მოძრაობის” ოთხი დეპუტატი შიმშილობდა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა იყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მანამდე შიმშილობა შეწყვიტეს დავით კირკიტაძემ, აბდულა ისმაილოვამ და თემურ ჯანაშიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი