საზოგადოება

„უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ“ — იუსტიციის მინისტრი

16 დეკემბერი, 2022 • 1366
„უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ“ — იუსტიციის მინისტრი

„უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ“, — ეს სექსისტური განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დეპუტატ ანი წითლიძესთან დაპირისპირებისას გააკეთა.

პარლამენტის პლენარულ სხდომა, სადაც რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, ხმაურით დაიწყო. ენმ-ის წარმომადგენლებმა გაშალეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტოები და პლაკატები, წარწერით: „ნუ კლავ“. მინისტრის მიმართ დარბაზიდან ისმოდა შეძახილები: „მკვლელო“. დეპუტატი ანი წითლიძე ტრიბუნასთან მიიჭრა, თუმცა მანდატურებმა მინისტრთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

„ძაან შემაშინე. ვკანკალებ. უზრდელი ხარ, უზრდელი, ქალბატონო, მაგრამ ხმას არ გაგცემ. მაგ უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ“, — თქვა იუსტიციის მინისტრმა .

ხმაურის შემდეგ ენმ-ის წევრებმა დარბაზი დატოვეს.

„დაჯექით, დაჯექით, ხუთიანიც ვერ მიიღეთ, ხომ ხედავთ“, — მიმართა იუსტიციის მინისტრმა ოპოზიციას. შემდეგ მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, მათ შორის „რადიკალური ოპოზიციის ქმედებების გამო“.

„[ისინი] ნათლად ადასტურებენ, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო საკანონმდებლო საქმიანობასთან, ცივილიზებულ პოლიტიკურ კულტურასთან. აქ ჩვენ ვიხილეთ ცილისწამება. შევახსენებ ამ ოროსნებს, რომ როდესაც ადამიანს აბრალებ, რომ არის მკვლელი, მის წინააღმდეგ სასამართლოს კანონიერი განაჩენი უნდა იყოს დამდგარი. თუმცა მსგავსი ტიპის ცილისწამებებს მიჩვეული ვართ. აქვე, სამწუხაროდ, არ ჩანს და ალბათ, მედია დააფიქსირებდა ოჯახის წევრებზე და მცირეწლოვან ბავშვებზე საუბარს, რაც ყოვლად დაუშვებელია და იმ მარაზმზე მეტყველებს, რასაც ეს ხალხი წარმოადგენს. კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ მართლაც არავის დაინდობენ ხელისუფლების უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს “, — განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დეპუტატმა ანი წითლიძემ Facebook-ზე განმარტა, რა კონტექსტში ახსენა რატი ბრეგაძის შვილები.

„რატი ბრეგაძემ უნდა იცოდეს, რომ კი, როდესაც ვეუბნები, რომ მისი შთამომავლები ივლიან მკვლელი და მოღალატე მამის სახელით, ეს არის მისი იუსტიციის მინისტრობის განაჩენი და ამას ვერ ასცდება… როგორც სერგო ორჯონიკიძის შთამომავლებმა იციან, თუმცა მათ არაფერი დაუშავებიათ. ამ ომში რუსულ ოცნებასთან უნდა იცოდნენ, რომ მათი დღევანდელი ჯალათობა და ბოლშევიზმი არის ის ისტორიული განაჩენი, რაც მათ თვითონ აირჩიეს და რაც არამხოლოდ მათ, გაჰყვება მთელ მათ შთამომავლობას“, — წერს წითლიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი