საზოგადოება

ძნელი გასაგებია, 21-ე საუკუნეში რატომ იყო შეუძლებელი სააკაშვილის დასწრება სასამართლოზე – EU-ს ელჩი

15 დეკემბერი, 2022 • 564
ძნელი გასაგებია, 21-ე საუკუნეში რატომ იყო შეუძლებელი სააკაშვილის დასწრება სასამართლოზე –  EU-ს ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი „ძნელად გასაგებს“ უწოდებს მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დაუსწრებლობას და იმედოვნებს, რომ მას მიეცემა შესაძლებლობა, მომდევნო პროცესს დისტანციურად დაესწროს.

„ევროკავშირის სახელით შემიძლია განვაცხადო, რომ ძალიან შეშფოთებულნი ვართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობებით. ჩვენ დავსვით ეს საკითხი შესაბამის ორგანოებთან აქ, საქართველოში. სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მისი ყველა უფლების სრული დაცვა – მისი, როგორც პატიმრისა და, ამავე დროს, როგორც ბრალდებულისა“, – განუცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ 15 დეკემბერს ჟურნალისტებს.

„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მას მიეცემა სასამართლოს წინაშე წარდგომის უფლება. 21-ე საუკუნეში, ისეთ განვითარებულ ადგილას, როგორიც თბილისია, ძნელი გასაგებია, რატომ იყო შეუძლებელი მისი სასამართლოზე დასწრება. ვიმედოვნებ, რომ ტექნიკურად ეს შესაძლებელი იქნება „ონლაინ“ რეჟიმში, რადგან მისი, როგორც ბრალდებულის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

„მოხარული ვართ, რომ მან, რამდენადაც მე ვიცი, გადაწყვიტა შიმშილობა არ დაეწყო, რადგან ეს მის ჯანმრთელობას ხელს არ შეუწყობს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მის ჯანმრთელობას და ველოდებით შემდეგ ნაბიჯებს, რასაც ქართული სასამართლო გადადგამს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.


თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო პროცესზე 14 დეკემბერს, – იმის მიუხედავად, რომ წინა პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ მოითხოვა სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა, თუ კლინიკა მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას კვლავ არ გასცემდა, – სააკაშვილი კვლავ ვერ ჩართეს.

„შესაბამის ტექნიკურ საშუალებებს სჭირდება შესაბამისად გამართვა. ამ ეტაპზე კლინიკა „ვივამედში“ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მიოწყობილობები და სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარ ვერ მოხდა ჩართვა“, — განაცხადა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა.


სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 დეკემბერს ასევე გაავრცელა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი