საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

14 დეკემბერი, 2022 • 581
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა. ხაჭაპურიძის თქმით, გადაწყვეტილება დღევანდელ სასამართლო პროცესს უკავშირდება, რომელზეც სააკაშვილს არ მიეცა არც დასწრების და არც ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა:

“ის, რაც დღეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც სააკაშვილი არათუ მოიყვანეს და არც კი ჩართეს, ეს არ გაუკეთებია სტალინს. პროტესტის ნიშნად სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა“, — თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედის“ დატოვების შემდეგ, სადაც მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, ექსპრეზიდენტის წერილიც წაიკითხა:

„დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლოს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა. ამიტომ იძულებული ვარ, მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას.

ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით ჩართვის მაინც. ყოველგვარ დაცინვას და დამცირებასაც საზღვარი აქვს“, – ნათქვამია წერილში, რომელიც შალვა ხაჭაპურიძემ წაიკითხა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ ვერ გაიმართა მიხეილ სააკაშვილის პროცესი. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ პენიტენციური სამსახურის თქმით, 1 კვირის მანძილზე ვერ მოახერხეს სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.

სააკაშვილის პროცესი 22 დეკემბრისთვის გადაიდო

მასალების გადაბეჭდვის წესი