საზოგადოება

სააკაშვილი მზად არის სხდომას დაესწროს ეტლით, საკაცით თუ სხვა საშუალებით – ადვოკატი

8 დეკემბერი, 2022 •
სააკაშვილი მზად არის სხდომას დაესწროს ეტლით, საკაცით თუ სხვა საშუალებით – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ილია ლომია „მთავარ არხთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილს ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე დასწრების სურვილი აქვს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ პენიტენციური სამსახური დამხმარე საშუალებებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მისვლის შესაძლებლობას მისცემს:

„მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დიდი სურვილი აქვს დაესწროს ხვალინდელ სასამართლო განხილვებს. პენიტენციური სამსახური სპეციალური საშუალებებით უზრუნველყოფს მის გადაყვანას. იმდენად უნდა დაესწროს თავის სასამართლო სხდომას… დამხმარე საშუალებებში იგულისხმება ეტლი, საკაცე და ნებისმიერი სხვა,“ – ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, სხდომაზე გამოჰკითხავენ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შემდგენ და ხელმომწერ პირებს. ილია ლომიას თქმით, დაცვის მხარე გეგმავს სასამართლოზე მოწმეების ნაწილის მოხსნის შუამდგომლობა დააყენოს, რათა პროცესები კიდევ არ გაჭიანურდეს:

„სხდომაზე ჩვენს მიერ მოწვეული იქნებიან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შემდგენი და ხელმომწერი პირები, რომლებსაც მოუწევთ განმარტებების გაკეთება სასამართლოზე თუ რა სახის გამოკვლევები ჩაატარეს, რაზე იყო ეს გამოკვლევები დაფუძნებული. ჩვენ ვფიქრობთ სასამართლოზე დავაყენოთ საკითხი მოწმეების მოხსნის თაობაზე რომ არ გაჭიანურდეს პროცესები,“ – ამბობს ადვოკატი.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს განიხილავენ. სხდომის პარალელურად სასამართლოსთან შეკრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი