საზოგადოება

ჩემი შვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში — ალასანია

1 დეკემბერი, 2022 • 2272
ჩემი შვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში — ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას არ ადანაშაულებს მოწამვლაში. ამავდროულად, მისი თქმით, თუ მსგავსი მოწამვლა იყო, სააკაშვილისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს კვალი იკვეთება.

ეს განცხადება გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან წაიკითხა.

„ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში. [მას ასე მიაჩნია, რომ თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს. ამერიკაში ეს ტესტები გაკეთდა საუკეთესო ლაბორატორიაში, კალიფორნიაში, რომელიც ითვლება ნომერ პირველ ლაბორატორიად. ანალიზიც გაუკეთდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ. ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან თავიანთ რეპუტაციას და ზერელედ ამ საკითხს არავითარ შემთხვევაში არ მოეკიდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ყველას მოვუწოდებ,პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისგან და ჩემი შვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავის შეკავებისკენ“, — განაცხადა ალასანიამ.

გიული ალასანიას თქმით, წყდება მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი.

„ყველას ვთხოვ, დედის პოზიციას ყურადღებით მოეპყრას და მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინოს. ჩემი შვილი არ აპირებს, რამე მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში, ეს განცხადება მან არაერთხელ გააკეთა და იმედი მაქვს სამართლიანი გადაწყვეტილების. გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც ძალზე გაუარესებულ ჯანმრთელობას და გთხოვთ, პატივი სცეთ ჩემი შვილის და ჩვენი ოჯახის ღირსებას“, — დასძინა გიული ალასანიამ.

ცენტრ „ემპათიის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები – ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg).

„ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები“, — აცხადებს ემპათია.

მანამდე, 15 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ტელეკომპანია “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილი „სხვათა შორის, თვითონაც დარწმუნებულია, რომ ის არის მოწამლული”.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით კი, მას არცერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე აქვს ეჭვი.

არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე – სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი