საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არცერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე აქვს ეჭვი. აღნიშნულის შესახებ მან “ფეისბუკზე” დაწერა.
“მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში.
ვივამედის ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას”, — დასძენს ის.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ 12 მაისს გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.
რა ხდებოდა მანამდე
15 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ტელეკომპანია “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილი “სხვათა შორის, თვითონაც დარწმუნებულია, რომ ის არის მოწამლული”.
გელბახიანმა იქვე დაამატა: “უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულებები ამის თაობაზე”. მანვე ახსენა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება და თქვა:
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელოვნური პროცესია, მაგრამ არ გვაქვს ამის მტკიცებულება, რომ ვამტკიცოთ, რომ სპეციალურად მიიყვანეს ასეთ უმწეო მდგომარეობდე მისი ჯანმრთელობა, იმისათვის, რომ გამიზნულად იყო ეს ყველაფერი წარმართული”.
19 ნოემბერს გელბახიანმა უკვე დადასტურებულად თქვა სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მოწამლულია. ადვოკატი “უცხოელების ექსპერტიზის დასკვნაზე” საუბრობდა.
“კვლევის ნაწილში არის მონაცემები, თუ რა ელემენტები და ნაწილაკები ნახეს და რომელი მომწამლავი ნივთიერებისთვისაა დამახასიათებელი ეს ნაწილაკები. გამოკვლევის მთელი სერიაა.
ხოლო თუ რა მომწამლავ ნივთიერებებზეა საუბარი, ამის შესახებ მოგვიანებით ვიტყვით. გიდასტურებთ ფაქტს, რომ მოწამლულია”, — აცხადებდა გელბახიანი.
“ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, არის თუ არა საუბარი ისეთ მომწამვლელ ნივთიერებებზე, როგორიცაა ვერცხლისწყალი, ბარიუმი და კალიუმი, გელბახიანი ასე პასუხობდა:
“ასეთი მონაცემები არის, მაგრამ ამაზე დეტალურად ბრიფინგი გვექნება”.
სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების აღმოჩენაზე დედამისმა, გიული ალასანიამაც ილაპარაკა გასული კვირის ბოლოს. 19 ნოემბრის საღამოს “მთავარ არხთან” საუბრისას მან დასძინა, რომ ექსპერტების დასკვნაში ნახსენები იყო ნივთიერებები, თუმცა არ იყო საუბარი დეტალებზე.
“ამერიკელ ექიმებს გაუჩნდათ სურვილი, რომ ტოქსიკოლოგიური ანალიზიც გაკეთებულიყო. მე რამდენადაც ვიცი, გაიგზავნა ეს ანალიზები და გაკეთდა.
დიდხანს ვეღარ ვიღებდით ამ პასუხს… პასუხმა დაიგვიანა და ბოლოს და ბოლოს მივიღეთ, რაღაცა მივიღეთ. იქ იყო ჩამონათვალი ამ რაღაც მძიმე მეტალების, მაგრამ არ იყო მოცემული განმარტება, ამიტომ ჩემთვისაც არ იყო ბოლომდე ნათელი, რას ნიშნავდა ეს”.
“მახსოვს, რომ იყო ვერცხლისწყალი, ბარიუმი, თალიუმი, მაგრამ განმარტებების გარეშე იყო”, — აღნიშნა ექსპრეზიდენტის დედამ.
გიული ალასანიას თქმით, მისი “ინტუიციით არის შთაბეჭდილება, ხომ არ არის ეს ინტოქსიკაცია”, მაგრამ იქვე გაუსვა ხაზი, რომ ეს დიაგნოზი არ არის.
“…მე არც ექიმი ვარ და არც ადვოკატი. მაგრამ ინტუიცია არ ნიშნავს დიაგნოზს. მე ვერ დავსვამ დიაგნოზს”, — დასძინა მან.
პენიტენციური სამსახურის გამოხმაურება
სააკაშვილის ადვოკატის საპასუხო განცხადებაში სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნა, რომ მოწამვლის შესახებ ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა უწყებისთვის არავის მიუწოდებია.
“მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.
საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ”, — ნათქვამია განცხადებაში.