საზოგადოება

პრესის ევროპული ჯილდო „ლიბერალს“

20 მაისი, 2010 • 1813
პრესის ევროპული ჯილდო „ლიბერალს“

ჟურნალი ”ლიბერალი” ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ (Institusjonen Fritt Ord) და გერმანულ ფონდ „ცაიტის“ (Zeit-Stiftung) მიერ დაწესებული პრესის პრიზით დააჯილდოვეს.

 დაჯილდოების ცერემონიალი 19 მაისს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართა.

„ეს ადამიანები ნამდვილი გმირები არიან”; „ამ ჟურნალისტების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“; „ჩვენ გაცილებით უკეთეს პირობეში ვცხოვრობთ, ვიდრე ჩვენი კოლეგები აღმოსავლეთ ევროპაში”, – ამბობდნენ გერმანელი და ნორვეგიელი მედიის სპეციალისტები.

„ეს ჯილდო ძალიან საამაყოა. პრესის პრიზის მიღების შემდეგ კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ”, – დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მითხრა პირად საუბარში ”ლიბერალის” მთავარმა რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა. „მამაცი ჟურნალისტების” ნაწილი, მათ შორის შორენა შავერდაშვილიც, ცრემლების შეკავებას ცდილობდა.

„ლიბერალთან“ ერთად  სხვადასხვა ქვეყნიდან მედიის კიდევ ხუთი წარმომადგენელი დააჯილდოვეს. რუსი ჟურნალისტი მიხაილ ბეკეტოვი ცერემონიალზე ვერ ჩამოვიდა. ბეკეტოვს ცოტა ხნის წინ უცნობი პირები სასტიკად გაუსწორდნენ – ხელის თითები და ფეხი დაუმტვრიეს… უგონოდ მყოფი ჟურნალისტი ორი დღის შემდეგ მეზობელმა შემთხვევით ნახა. ჟურნალისტს ერთი კიდურის და თითების ამპუტაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა. ბეკეტოვის პრიზის მისაღებად ჰამბურგში ”ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი ჩამოვიდა.

ევროპის ზოგიერთი მედიისთვის ისევ აქტუალურია აზერბაიჯანელი აბუდულა ფატულაევის მდგომარეობა. ფატულაევი, რომელსაც პრეზიდენტ ალიევის რეჟიმმა რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა, ევროპის სასამართლომ უკვე სცნო უკანონო პატიმრად, მაგრამ ის მაინც არ გაათავისუფლეს. როგორც ჰამბურგში ჩამოსული აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ამბობენ, იმისათვის, რომ ფატულაევი ციხიდან არ გამოეშვათ, მას ნარკოტიკი ჩაუდეს: „ახლა ნარკოტიკი უპოვეს ფეხსაცმელში. წარმოგიდგენიათ, კაცი ციხეშია და მის ფეხსაცმელში ნარკოტიკს პოულობენ. უბრალოდ, ალიევს არ უნდა მისი გამოშვება”.

დაჯილდოების ცერემონიალზე მოწვეული იყო ცნობილი რუსი მწერალი ვიქტორ ეროფეევი. მწერალმა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია გერმანიაში, გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება და დასავლეთიც. ეროფეევის აზრით, დასავლეთმა უფრო დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მკაცრი რეჟიმის პირობებში მუშაობენ და თავდაცვის არანაირი ბერკეტი არ აქვთ.

ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ (Institusjonen Fritt Ord) და გერმანულ ფონდ „ცაიტის“ (ZEIT Foundation) მიერ დაწესებული პრესის პრიზი ყოველწლიურად აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის იმ გაზეთებს, ინტერნეტგამოცემებსა და ჟურნალისტებს გადაეცემათ, რომლებიც რეპრესიებისა და ფინანსური სიძნელეების პირობებში დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ, არ ემორჩილებიან ცენზურას და არა აქვთ თვითცენზურა.

წელს დაჯილდოვებული ჟურნალისტები და ბეჭდური გამოცემებია: არსენოვსკიე ვესტი – მიხაილ ბეკეტოვი (რუსეთი); ბორისოვსკიე ნოვოსტი (ბელორუსი); ედიკ ბაგდასარიანი (სომხეთი); შაჰვალად ჩობანოგლუ და ANTV (აზერბაიჯანი); ჟურნალი ”ლიბერალი” (საქართველო).

ორივე ფონდმა აღმოსავლეთ ევროპელი ”მამაცი ჟურნალისტების” დასახმარებლად 80 ათასი ევრო გაიღო. ფულადი ჯილდო ”ლიბერალსაც” ერგო (10 ათასი ევრო). ჟურნალმა ეს პრესტიჟული პრიზი დაბადების დღის წინა დღეს მიიღო – 20 მაისს ”ლიბერალი” ერთი წლის გახდა.

 გასულ წელს საქართველოდან პრესის პრიზით გაზეთი ”ბათუმელები” დააჯილდოვეს.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი