საზოგადოება

Trendyol-ის ბუმი საქართველოში – რას და რატომ იწერენ თურქეთის ონლაინ მაღაზიებიდან

22 ნოემბერი, 2022 • 5732
Trendyol-ის ბუმი საქართველოში – რას და რატომ იწერენ თურქეთის ონლაინ მაღაზიებიდან

მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში, 2021 წელთან შედარებით, თითქმის ხუთჯერაა გაზრდილი თურქეთიდან მცირე ღირებულების ონლაინ გამოწერილი ამანათების რაოდენობა.

მიუხედავად იმისა, რომ რიგ კომპონენტებში თურქეთს აშშ და ჩინეთი კვლავ უსწრებს, სტატისტიკა უჩვენებს, რომ ზრდის ტენდენცია მხოლოდ თურქული ონლაინ მაღაზიებიდან შესყიდვებს აქვს.

ნეტგაზეთის ამ სტატიიდან შეიტყობთ, რომ გაზრდილი ფასების ფონზე საქართველოს მოქალაქეები თურქეთიდან, კერძოდ Trendyol-დან, ტანსაცმლის გარდა საყოფაცხოვრებო და პირველადი მოხმარების ნივთებსაც, მათ შორის საკვებ პროდუქტებსაც კი იწერენ.

სტატისტიკა

„ნეტგაზეთისთვის“ შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველ 10 თვეში თურქეთიდან 300 ლარამდე ღირებულების (განუბაჟებელი) ონლაინ გამოწერებით შემოსული ამანათების რაოდენობა, 2021 წლის მთლიან მონაცემთან შედარებით, თითქმის 5-ჯერაა გაზრდილი.

შედარებისთვის, 2021 წლის 12 თვის განმავლობაში საქართველოში თურქეთიდან ონლაინ გამოწერებით, ჯამში, 55 354 ამანათი შემოვიდა, როცა 2022 წლის პირველ ათ თვეში ეს რიცხვი 260 864-მდე გაიზარდა. ამრიგად, მცირე ღირებულების ამანათების რაოდენობით, წელს თურქეთი პირველ ადგილზეა და საგრძნობლად აჭარბებს გამოწერებს ჩინეთიდან და აშშ-დან, საიდანაც წინა წლებში ყველაზე დიდი რაოდენობით ნივთებს ყიდულობდნენ საქართველოში.

შემოსავლების სამსახურიდან მიღებული სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე მეტად შემცირებულია აშშ-დან გამოწერილი მცირე ღირებულების ამანათების რაოდენობა. კლების ტენდენციით ხასიათდება გამოწერები ჩინეთიდანაც.

მიუხედავად განუბაჟებელი ონლაინ ამანათების რაოდენობის ასეთი ზრდისა, ნივთების საერთო ღირებულებით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება, თურქეთი კი მეორე ადგილს იკავებს.

ჯამურად 2022 წლის 10 თვეში აშშ-დან 300 ლარამდე ღირებულების ამანათების ფასმა 8 246 335 ლარი შეადგინა, თურქეთიდან გამოწერილი ნივთების ღირებულება კი 7 033 997 ლარი იყო. აღნიშნულ კომპონენტში მესამე ადგილს ჩინეთი იკავებს, სადაც დროის ამ მონაკვეთში 4 082 188 ლარის ნივთები გამოიწერეს. ეს სტატისტიკა, სავარაუდოდ, მიუთითებს, რომ თურქეთიდან უფრო დაბალი ღირებულების ნივთებს იწერენ, ვიდრე აშშ-დან.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი გამოწერილი ამანათების საერთო ღირებულებით მეორე ადგილზეა, TOP სამ ქვეყანას შორის ზრდის ტენდენცია ამ კომპონენტითაც მხოლოდ მას ახასიათებს. კერძოდ, 2021 წელს თურქეთიდან გამოწერილი განუბაჟებელი ამანათების საერთო ღირებულებამ 1 949 717 ლარი შეადგინა. შესაბამისად, 2022 წლის პირველ 10 თვეში ამგვარი ამანათების საერთო ღირებულებაც თითქმის ოთხჯერაა გაზრდილი.

რაც შეეხება განბაჟებას დაქვემდებარებული (300 ლარის და მეტი) ამანათების რაოდენობას და ჯამურ ღირებულებას, აღნიშნულ კომპონენტში, გასული წლის მსგავსად, პირველ ადგილს აშშ იკავებს. მეორე ადგილზე ჩინეთია, თურქეთი კი მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ კომპონენტშიც თვალსაჩინოა, რომ ზრდის ტენდენცია მხოლოდ თურქეთის შემთხვევაში შეინიშნება.

როგორც „ნეტგაზეთის“ მიერ მომზადებულ გრაფიკზეც ჩანს, 2021 წელს აშშ-დან განბაჟებას დაქვემდებარებული 28 915 ამანათი გამოიწერეს, რომელთა საერთო ღირებულება 29 063 073 ლარი იყო. 2022 წლის პირველ ათ თვეში კი აშშ-დან 25 844 924 ლარის 22 420 300 ლარზე მეტი ღირებულების ნივთი გამოიწერეს.

ამის ფონზე თურქეთიდან განბაჟებას დაქვემდებარებული ამანათების რაოდენობაც და ღირებულებაც მოკრძალებულად გამოიყურება, თუმცა, ზრდის ტენდენციით. კერძოდ, 2021 წელს თურქეთიდან 300 ლარზე მეტი ღირებულების 3 588 ამანათი გამოიწერეს, რომელთა ჯამური ღირებულება 289 490 ლარს შეადგენდა. 2022 წლის ათ თვეში კი თურქეთიდან გამოწერილი განბაჟებას დაქვემდებარებული ამანათების რაოდენობა 11 768-მდე გაიზარდა, მათმა საერთო ღირებულებამ კი 710 816 ლარს მიაღწია.

რას ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები თურქულ ონლაინ მაღაზიებში

თურქეთში ონლაინ შოპინგის ყველაზე პოპულარულ ფეისბუკ ჯგუფში „Trendyol-ის მომხმარებლები“ ამ დროისთვის 86 400-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. სწორედ Trendyol-ია ის თურქული ონლაინ მაღაზია, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები ნივთებს ყველაზე ხშირად იწერენ.

პორტალზე თავმოყრილია როგორც ბრენდული, ასევე კერძო მაღაზიები და მისი მეშვეობით ტანსაცმელთან ერთად შესაძლებელია ავეჯის, ტექნიკის, სარემონტო მასალების, საყოფაცხოვრებო ნივთების, კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების და საკვები პროდუქტების გამოწერაც კი.

სწორედ ამ საიტიდან გამოიწერა თიკომ ლაქტაციისა და ბავშვის მოვლის საშუალებები, რომელიც მისი თქმით, საქართველოში არსებულ ფასებთან შედარებით თითქმის ნახევარი დაუჯდა:

რადგან ბავშვს ველოდები, ბოლო პერიოდში ძირითადად სულ ლაქტაციისთვის საჭირო ნივთებს და ბავშვის მოვლის და ჰიგიენურ საშუალებებს ვიწერდი. ლაქტაციის ბალიში, მკერდის საფენები, მკერდის ტუმბო, დედის რძის შესანახი პაკეტები, ბავშვის გამოსაცვლელი დაფა, საძილე ტომარა, განმავითარებელი ხალიჩა, პირსახოცები, ზეწრები, დასაბანი და დამატენიანებელი საშუალებები და ა.შ.

საქართველოში აბსოლუტურად ყველაფერია ადგილზე, აფთიაქებშიც და საბავშვო ადგილობრივ ონლაინ მაღაზიებშიც, მაგრამ გაცილებით ძვირია და „ტრენდიოლიდან“ გამოწერა თავისი ტრანსპორტირებით უფრო იაფი ჯდება“ ,- ამბობს თიკო „ნეტგაზეთთან,“ საუბრისას.

თიკოს თქმით, იგივე პროდუქცია თბილისში რომ ეყიდა, შავ პარასკევს 50%-იან ფასდაკლების აქციებს უნდა დალოდებოდა. ამასთან, თიკო აღნიშნავს, რომ თურქეთიდან ტრანსპორტირების დრო და ღირებულება აშშ-სა და ჩინეთთან შედარებით დაბალია, რის გამოც სხვაობა ფასებში მაინც დიდი გამოდის:

„მაგალითად, „მუსტელას“ ბავშვის დასაბანი გელი, დამატენიანებელი, საფენქვეშ კრემი და კიდევ სხვა ჰიგიენური საშუალებები აქ, ჯამში, გამოდიოდა 180 ლარი, როცა ტრენდიოლზე დაჯდა ზუსტად ნახევარი, 90 ლარი და ტრანსპორტირება მაქსიმუმ 8 ლარი დაემატა, იმიტომ, რომ ერთ კილოს არ სცდებოდა.

ანუ აქ აფთიაქის 50% ფასდაკლებას უნდა დავლოდებოდი შავ პარასკევს, რომ იგივე ფასი გადამეხადა, რაც ისედაცაა ტრენდიოლზე. გამოსაცვლელი დაფა 55 ლარი გამოვიდა ტრანსპორტირებით, აქ 80-90 ღირს, გასავითარებელი ხალიჩა – 30 ლარამდე, აქ მსგავსი ტიპის ხალიჩა 70 ლარიდან იწყება. საძილე ტომარაც 30 ლარამდე, აქ 50 ღირდა დაახლოებით“, – ამბობს თიკო.

ნეტგაზეთის კიდევ ერთი რესპონდენტი ნინო კი აცხადებს, რომ ბოლო დროს თურქეთიდან სხვა ნივთებთან ერთად მენსტრუალურ პროდუქტებსაც იწერს. ნინოს თქმით, ერთ დღესაც, როცა თბილისში მენსტრუალური ტამპონების ფასი 5 ლარით დახვდა გაძვირებული, პროდუქტის თურქეთიდან გამოწერა გადაწყვიტა. ნინოს თქმით, თბილისში ერთი შეკვრა ტამპონები 13.90 ლარი ღირს, თურქეთში იმავე ფასად 3 შეკვრის ყიდვა შეეძლო:

“ჩამოტანა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ კაპიკები დაჯდა“, – ამბობს ნინო.

მისი თქმით, წარსულში ნივთებს ჩინეთიდანაც იწერდა, მაგალითად, გამოუწერია მაუსი და ფლეშ მეხსიერების ბარათი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ტრანსპორტირებას მეტი დრო სჭირდება, ახლა ამ ნივთებსაც თურქულ მაღაზიებში ყიდულობს.

ელენეს თქმით კი, თურქეთიდან ძირითადად ტანსაცმელს იწერს, რადგანაც ფასები საგრძნობლად დაბალია. ელენე აღნიშნავს, რომ ბაზრობაზეც კი, სადაც სამოსი,  წესით, უფრო იაფი უნდა ღირდეს, თურქულ საიტებზე ძვირი გამოდის.

ელენე აღნიშნავს, რომ მაგალითად, ჯინსის შარვლები, ტრანსპორტირების ღირებულების ჩათვლით, 40 ლარამდე დაუჯდა, როცა საქართველოში ყიდვის შემთხვევაში, სულ მცირე, 80-100 ლარი დასჭირდებოდა, სავაჭრო ცენტრებში კი მინიმუმ 150 ლარის გადახდა მოუწევდა. დიდი ნაქსოვი ჯემპრები კი თურქულ საიტებზე 20-30 ლარად შეიძინა, როცა ქართულ მაღაზიებში მათი საშუალო ფასი 80 ლარია.

ამასთან, „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ელენე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში თურქული ონლაინ მაღაზიებიდან ჭაღებიც გამოიწერა სახლისთვის:

„ჭაღი, რომელიც აქ შეიძლება 150-200 ლარამდე დაგიჯდეს… იქ მსგავსი დიზაინით 50 ლარადაც იპოვი. უფრო ადრე რომ მცოდნოდა, შეიძლება როზეტები, ჩამრთველები და რემონტისთვის სხვა ბევრი საჭირო ნივთიც იქიდან გამომეწერა, რადგან სხვაობა საკმაოდ დიდია“, – ამბობს ელენე.

„ნეტგაზეთის“ კიდევ ერთი რესპონდენტი ნიკა აღნიშნავს, რომ წარსულში ყველაზე ხშირად ნივთებს აშშ-დან იწერდა, თუმცა ახლა თურქეთი მისთვის უალტერნატივოა. ნიკას თქმით, ორივე ქვეყნიდან გამოუწერია საყოფაცხოვრებო ნივთები და პროდუქტები, როგორიცაა წვერის მოვლის საშუალებები, ბოლოს კი თურქეთიდან ფსტა გამოიწერა, რაც საქართველოში არსებულ ფასზე გაცილებით იაფი დაუჯდა:

„გამოვიწერე ფსტა აქაურ ბაზარზე მისი აბსურდული ფასის გამო. თურქეთში 1 კგ 180 ლირა ღირდა, დაახლოებით 28 ლარი, ჩამოატანინათ 40 ლარამდე დაჯდა მთლიანად, კარფურში და ზოგადად ჩვენს მარკეტებში 100- გრამიანი შეფუთვა დაახლოებით 8-დან 10 ლარამდე მერყეობს. კილო 80-90 ლარი ღირს კარფურში“, – ამბობს ნიკა.

გვანცამ თურქეთიდან იატაკის საწმენდი ჯოხი გამოიწერა საწურით. მისი თქმით, სანამ ონლაინ გამოწერას გადაწყვეტდა, საქართველოში იმავე ბრენდის იატაკის საწმენდის ფასები მოიკვლია და აღმოაჩინა, რომ თურქულ მაღაზიაში ყიდვის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ჩათვლით, 110 ლარით ნაკლების გადახდა უწევდა.

გვანცას თქმით, რამდენიმე წლის წინ ყველაზე ხშირად ამერიკიდან და ჩინეთიდან იწერდა ნივთებს, თუმცა მას შემდეგ, რაც თურქული და ბერძნული საიტებიდან გამოწერა სცადა, ამერიკიდან ნივთები აღარ გამოუწერია:

„მთავარი მიზეზი ტრანსპორტირების საფასურის სიმცირეა. თუ ამერიკიდან გამოგზავნილ ნივთში 1 კგში 8-9$-ს ვიხდიდი, ახლა იმავე წონაში თურქეთიდან 2.5$ ვიხდი. ერთი და იგივე ნივთზეც კი ამერიკულ საიტზე დოლარში გაცილებით მეტის გადახდა მომიწევს, ვიდრე თურქულ საიტზე ლირაში. იმის გამო, რომ ნაკლები თანხის გადახდა მჭირდება თურქულ და ბერძნულ საიტებზე, მირჩევნია მათთან ვიშოპინგო, ვიდრე ამერიკულ და ჩინურ საიტებზე“, – ამბობს გვანცა.

იმას, რომ თურქეთიდან ონლაინ გამოწერილი ამანათების რაოდენობა გაიზარდა, ადასტურებენ თავად გადამზიდ კომპანიებშიც, რომლებიც ამანათების ქვეყანაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ. „კამექსის“ ბიზნესგანვითარების დირექტორი გიგა სეთურიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ თურქეთის მიმართულება მომხმარებლებს ამა წლის გაზაფხულზე შესთავაზეს და 4 თვის მანძილზე თურქეთის მიმართულებაზე ისეთი მოცულობის ზრდა ჰქონდათ, რასაც ჩინეთის შემთხვევაში ორი წელი დასჭირდა.

სეთურიძის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩინეთიდან ამანათების ჩამოტანა შეწყვიტეს. „კამექსის“ წარმომადგენლის თქმით, ჩინეთიდან ამანათების ტრანსპორტირების საფასური პანდემიისა და შემდგომ პერიოდში არაერთხელ გაიზარდა, რის გამოც ხარჯები გაუსამმაგდათ და ჩინეთის ბაზარი არასტაბილურად მიიჩნიეს:

„Ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირება გავაჩერეთ იმიტომ, რომ ფასი იყო ძალიან არასტაბილური. Როცა ჩვენ ჩინეთიდან ტრანსპორტირება ჩავრთეთ, მაშინ კილოგრამის ფასი მომხმარებლებისთვის გვქონდა დაახლოებით 6 დოლარამდე, პანდემიის პერიოდში და პანდემიის შემდეგ კი ავიდა დაახლოებით 17.5 დოლარამდე.

ფაქტობრივად გასამმაგდა ის ხარჯები, რაც გათვლილი გვქონდა და იმდენად არასტაბილური იყო ჩინეთის ბაზარი თავისი ვადებით და ფასებით, რომ გადავწყვიტეთ ჩინეთის მიმართულება გაგვეუქმებინა. მხოლოდ კომერციული ტვირთები დავიტოვეთ, რომელიც მოდის ჩარტერული რეისებით და არ არის მიბმული ტვირთის შეგროვებაზე“, – ამბობს გოგა სეთურიძე.

მისი თქმით, „კამექსის“ მომხმარებლები ყველაზე ხშირად თურქეთიდან მაინც ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს იწერენ, თუმცა ასევე ყიდულობენ კოსმეტიკას და საყოფაცხოვრებო ნივთებს, მათ შორის სახლის მოვლის საშუალებებსა და საკვებ პროდუქციასაც კი:

„იწერენ ხოლმე საკვებსაც, მაგალითად, შოკოლადებს და ა.შ იმიტომ, რომ ნებადართულია და ფასები საქართველოს ბაზართან შედარებით ბევრად უფრო ნაკლებია იქიდან გამომდინარე, რომ ლირა გაუფასურებულია. მაღაზიაში რასაც ნახავთ, იმავეს 30-40% სხვაობით იყიდით თურქეთის ონლაინ მარკეტებში“ ,- ამბობს „კამექსის“ წარმომადგენელი „ნეტგაზეთთან“.

„ინექს გრუპის“ დირექტორი გიორგი კაპანაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის მათ კომპანიაშიც თურქეთიდან გამოწერები იკავებს პირველ ადგილს. გიორგი კაპანაძის თქმით, თურქეთის მიმართულება კომპანიამ გასული წლის გაზაფხულზე დაამატა და ამ დროის განმავლობაში გაათმაგებულია ამ ქვეყნიდან ტვირთების მოცულობა, რასაც, მისი თქმით, რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

„ჩვენ,ფაქტობრივად ,ყველა მიმართულება გვაქვს, რა მიმართულებებზეც ონლაინ შეძენილი ნივთები ჩამოდის. თურქეთი ყველაზე ბოლოს დავიწყეთ, შარშან გაზაფხულზე გავხსენით ოფისი თურქეთში და მას შემდეგ ყოველდღიურად იმატებს ტვირთის მოცულობა. დღესდღეობით თურქეთმა ყველა სხვა მიმართულებას გადააჭარბა. რამდენიმე ფაქტორია, რატომაც იზრდება ტვირთების რაოდენობა თურქეთიდან.

ერთია ის, რომ თვითღირებულება ნივთების გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში გამომდინარე ლარის და ლირის კურსიდან. მეორე არის ის, რომ ტრანსპორტირების დრო გაცილებით მცირეა. სახმელეთო გზით მოდის, შედარებით ახლოსაა და ესეც განაპირობებს იმას, რომ თურქეთზე მოთხოვნა იმატებს.

მესამე ფაქტორი არის ის, რომ ტრანსპორტირების ღირებულება თურქეთიდან ყველაზე დაბალია. თუ შევადარებთ ჩინეთს და აშშ-ს, იქიდან საჰაერო გზით ხდება ტრანსპორტირება. ამასთან, მოცულობითი წონა არ ანგარიშდება და ტრანსპორტირების ღირებულებას რეალური წონით ვითვლით“ ,- ამბობს გიორგი კაპანაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მისი თქმით, სხვა უცხოურ ვალუტებთან ლარის გამყარების ფონზე მათი კომპანიის მიერ ტრანსპორტირებული ამანათების რაოდენობა სხვა ქვეყნებიდანაც იზრდება. მაგალითისთვის, „ინექსის“ წარმომადგენლის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე გაორმაგდა აშშ-დან გამოწერილი ამანათების მოცულობაც. კომპანიის დირექტორის თქმით, ზრდის ტენდენცია ახასიათებს გერმანიისა და საბერძნეთის მიმართულებებსაც, თუმცა თურქეთი მაინც პირველ ადგილზეა.

მისი თქმით, ყველა ქვეყანას ნივთების სახეობების მიხედვით საკუთარი სპეციფიკა აქვს. გიორგი კაპანაძეც აღნიშნავს, რომ მომხმარებლები თურქეთიდან ყველაზე ხშირად ტანსაცმელს და პირადი მოხმარების ნივთებს, ასევე ჰიგიენის საშუალებებს იწერენ, აშშ-დან და გერმანიიდან კი უდიდესი წილი ავტომობილის ნაწილებს უკავია, რითაც შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ მიუხედავად თურქეთიდან გამოწერილი ამანათების რაოდენობის ზრდისა, ღირებულების მიხედვით, აშშ კვლავ პირველ ადგილზე რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი