საზოგადოება

დასახლება საბურთალოს რაიონში, სადაც ასფალტის გზა არ მიდის

18 ნოემბერი, 2022 • 2837
დასახლება საბურთალოს რაიონში, სადაც ასფალტის გზა არ მიდის

თბილისში, სოფელი დიღმიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, დასახლება ძველი ვეძისი მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა უკვე წლებია სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის გაკეთებას ითხოვს.

როგორც თავად ამბობენ, უგზოობის გამო ადგილობრივ მცხოვრებლებს არაერთი პრობლემა ექმნებათ, მათ შორის უჭირთ სამსახურში სიარული, ავად გახდომის შემთხვევაში ადგილზე დაგვიანებით ან საერთოდ არ მიდის სასწრაფო დახმარების ავტომანქანა, არ აქვთ მაღაზია, აფთიაქი და არ არის დანიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ყველაფერზე საკუთარი ავტომანქანებით უწევთ გადაადგილება, გაფუჭებული გზების გამო კი მანქანები ხშირად მწყობრიდან გამოდის.

ადგილობრივების თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის მერიას და საბურთალოს გამგეობას არაერთხელ მიმართეს, რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გამართეს, თუმცა, უშედეგოდ – გამგეობას გზის გასაყვანად საკმარისი თანხები არცერთი წლის ბიუჯეტში არ აღმოაჩნდა.

“ბაღზე უარი ვთქვით, მაგრამ სკოლაზე იმავეს ვერ ვიზამთ”

ძველი ვეძისისკენ მიმავალი ნაწილობრივ ხრეშიანი გზა სოფელი დიღმის ბოლოდან იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილიდან დასახლებამდე მხოლოდ დაახლოებით 5-კილომეტრიანი მონაკვეთია გასავლელი, მანქანით  მისასვლელად თითქმის 30 წუთი დაგვჭირდა.

ფოტო: Google Maps

გზაში ძირითადად მაღალი გამავლობის ავტომანქანები გვხდებოდნენ, რადგან, როგორც ჩვენი რესპონდენტები გვეუბნებიან, “ამ გზებზე პატარა მანქანები დიდხანს ვერ ძლებენ”. ერთი შეხედვით საავტომობილო გზა სავალალო მდგომარეობაში არ არის, რადგან ხრეში მოსწორებულია, კარგ ამინდში კი მიწიან ზედაპირზე გადაადგილება დისკომფორტის ფონზე, მაგრამ მაინც შესაძლებელია. თუმცა, ადგილობრივების თქმით, წვიმისა და უამინდობის დროს გზა იმდენად ტალახიანდება, რომ გავლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება.

“ამინდის პროგნოზით ვცხოვრობთ, უნდა ვინატროთ, რომ კარგი ამინდი იყოს”, – გვეუბნება ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელიც 5 წლის ბავშვს ბაღში სწორედ გზის პრობლემის გამო ვერ ატარებს.

მაკა მაკალათიას თქმით, ოჯახში ერთი მანქანა ჰყავთ, რომელიც გზების გამო “მუდმივად ფუჭდება”. ვიქტორიას კი სკოლაში შესვლა მომავალ წელს უწევს. მშობლები წუხან, რომ მოზარდის განათლებას შეიძლება პრობლემები შეექმნას:

“ჩემთვის განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და ბავშვმა სოციალიზაცია უნდა გაიაროს. მე აქედან გადასვლას არ ვაპირებ, ვერ გადავალ. მაშინ ბინა უნდა ვიქირაოთ ცალკე, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული და არ ვიცი, რა ვქნათ, ფეხით ვიაროთ? ბაღზე რაღაცნაირად ვთქვით უარი, მაგრამ სკოლაზე იგივეს ვერ ვიზამთ”, – ამბობს მაკა.

 

მაკა მაკალათია; ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

სკოლაში სიარულთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ ძველ ვეძისში მცხოვრებ სხვა ბავშვებსაც. კიდევ ერთი მცხოვრებელი, ნანა ზერეკიძე “ნეტგაზეთს” უყვება, რომ მის შვილიშვილებს უამინდობისას სასწავლო პროცესის გაცდენა უწევთ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ბავშვების სკოლაში სატარებლად დანიშნულია სკოლის ტრანსპორტი.

ნანას სამი შვილიშვილი ჰყავს, მათ შორის ორი დაწყებით კლასებში სწავლობს, ერთი კი ბაღის მოსწავლეა.

“[ტრანსპორტი] დილით მოდის ხოლმე და მიჰყავს ბავშვები. უამინდობაში საერთოდ ვერ მოდის. სკოლიდან ვცდილობთ, რომ ჩვენ წამოვიყვანოთ, იმიტომ, რომ ესენი პირველ-მეორე კლასელებში არიან და ადრე ამთავრებენ გაკვეთილებს, ავტობუსი უფროსკლასელებს ელოდება და გვიან მოდის იქიდან. ორ-სამ რეისს არავინ გააკეთებს, ამიტომ გვიწევს მანქანით წასვლა და მოყვანა, ხან ვიღაცას ვთხოვთ, რომ ამოგვიყვანოს, როცა მანქანა გვიფუჭდება”, – განმარტავს ნანა.

ის გვიყვება, რომ ამ პრობლემის გამო გასულ წელს სკოლასთან ახლოს სახლი იქირავეს, რადგან მაშინ მანქანაც არ ჰყავდათ, თუმცა ეს დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც ერთი წლის თავზე კვლავ ძველ ვეძისში დაბრუნება არჩიეს, მანქანა კი ნანას ოჯახს მისმა ძმამ ათხოვა.

სერვისები, რომელსაც მოსახლეობა გზის გამო ვერ იღებს

“ნეტგაზეთთან” საუბრისას ადგილობრივები ასახელებენ სხვა პრობლემებსაც, რომლებიც მათი თქმით, გზის გაყვანის შემთხვევაში მოგვარდებოდა. მათ შორის არის სასწრაფო დახმარებაზე ხელმისაწვდომობა, დასუფთავების სამსახურის მომსახურება, გარე განათების დამონტაჟება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნა და მაღაზიისა და აფთიაქის გახსნა.

ძველი ვეძისის მცხოვრებლები ნეტგაზეთთან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ასახელებენ სასწრაფო დახმარებაზე ხელმისაწვდომობას. კერძოდ, მათი თქმით, გზის გამო სამედიცინო დახმარება გამოძახების შემთხვევაში რამდენიმე საათის დაგვიანებით მიდის პაციენტთან, რის გამოც ხშირად თავად ან მეზობლების დახმარებით უწევთ კლინიკაში წასვლა.

ნანა ზერეკიძე; ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ნანა იხსენებს, რომ რამდენიმე კვირის წინ მისი შვილი შეუძლოდ გახდა და ძლიერი ტკივილების ფონზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა 5-საათიანი ლოდინის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თავად წაეყვანათ კლინიკაში:

“ღამე იყო, ბავშვებს ვერ ვუტოვებდით ვერავის. სასწრაფოში გვეუბნებოდნენ, ბრიგადა არ არის, ბრიგადა არ არისო, მაგრამ ძველი ვეძისი რომ ესმით, არ მოდიან. მთელი ღამის განმავლობაში ველოდეთ, ბოლოს ხომ არ მოვკლავდით ადამიანს და ჩვენით წავიყვანეთ, ისეთი ძლიერი ტკივილები ჰქონდა”, – გვიყვება ნანა.

“არავითარი იმედი არ გვაქვს, რომ სასწრაფო დახმარება მალე მოვა. თუ ავდარია, დარეკვასაც არ აქვს აზრი. ამიტომ მომზადებულები ვართ და ერთმანეთსვე ვეხმარებით”, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი, მაია ჩაკვეტაძე.

მაიას თქმით, სასწრაფო დახმარების გარდა ძველ ვეძისში არ მიდის დასუფთავების სამსახურიც, შესაბამისად, ნარჩენები მოსახლეობას თავად გააქვს.

“ვიკრიბებით ხოლმე და ვინც მიდის ქალაქში, ნაგავს მას ვატანთ”, – აცხადებს მაია და გვეუბნება, რომ ამის მიუხედავად დასუფთავების გადასახადს ყოველთვიურად იხდიან ბიუჯეტში.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს თბილისის მერიას, სადაც პასუხობენ, რომ “ამ გზებზე მანქანას ვერ გამოუშვებენ”.

ამასთან, მაიას განცხადებით, დასახლებას არ აქვს გარე განათებებიც, რაც, როგორც ისინი ამბობენ, “პირდაპირ გზაზეა მიბმული”. მაია ჩაკვეტაძე და მისი და, იზა ქობალია “ნეტგაზეთს” უყვებიან, რომ საღამოობით, დაბნელების შემდეგ ქუჩაში ფეხით გადაადგილებას მაქსიმალურად ერიდებიან, რადგან გარე განათებების და დასუფთავების სერვისზე არქონის გამო დასახლებაში საღამოობით არიან მგლები. მათი განცხადებით, ნადირმა არაერთხელ დაგლიჯა ადგილობრივი მოსახლეობის შინაური ცხოველები:

“წელიწადი არ გავა, რომ საქონელი არ დაგლიჯონ. წელს ერთ კაცს 6 ძროხა დაუგლიჯეს, მეორეს- ცხვრები. ბუნებაა ასეთი, უბრალოდ გზა რომ არ არის, განათება არ არის, ნაგვის გატანა არ ხდება და მიმოსვლა არ ხდება, მგლებიც უფრო მოდიან”, – ამბობენ ადგილობრივები.

მაია ჩაკვეტაძე და იზა ქობალია; ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

საბურთალოს რაიონის გამგეობის პოზიცია და მოსახლეობის პასუხი

ძველი ვეძისი საბურთალოს რაიონს 2000-იანი წლების დასაწყისში შეუერთდა. მას შემდეგ მოსახლეობა გზის გაყვანას თბილისის მერიას და გამგეობას სთხოვს.

ადგილობრივების თქმით, რამდენიმე წლის წინ შედგა პროექტი და გაკეთდა ხარჯთაღრიცხვა, რომლითაც დადგინდა, რომ გზის გაკეთება 5 მილიონ ლარამდე ჯდებოდა. თანხის გამოყოფა კი მუნიციპალიტეტმა ამ დრომდე ვერ შეძლო.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა თბილისის მერიას, სადაც საბურთალოს რაიონის გამგეობაში გადაგვამისამართეს.

საბურთალოს რაიონის გამგეობაში კი გვითხრეს, რომ მოსახლეობის პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილია, თუმცა გზის გაყვანა ამჟამად გამგეობის პრიორიტეტთა სიაში არ არის:

“გამგეობა ბიუჯეტით გათვალისწინებულ ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხარჯებს წლის განმავლობაში პრიორიტეტების მიხედვით ანაწილებს და სამუშაოებს პირველ რიგში ისეთ ობიექტებზე აწარმოებს, სადაც ბევრად მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობაა. პრიორიტეტების გათვალისწინებით მიხედვით ვმოქმედებთ”, – განმარტებულია გამგეობის მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებულ განცხადებაში.

ადგილობრივების თქმით, ძველ ვეძისში მუდმივად ცხოვრობს დაახლოებით 50 ადამიანი, 200-მდე ოჯახი კი, პერიოდულად. მათი თქმით, მოსახლეობის სიმცირის მიზეზი სწორედ მოპირკეთებული გზის არარსებობა და ამის გამო შექმნილი პრობლემებია. “ნეტგაზეთმა” მცხოვრებლების რაოდენობის გადასამოწმებლად გამგეობასაც მიმართა, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ ზემოთ გაკეთებული განცხადების გარდა, კომენტარს არ გააკეთებენ.

მოსახლეობისთვის გამგეობის განცხადება მისაღები არგუმენტი არ არის, რადგან, როგორც ამბობენ, გზის გაკეთებას 30 წელია ითხოვენ და ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფოს პრიორიტეტში ვერც ერთხელ მოხვდნენ:

“თუ გზას არ გვიკეთებენ, ჩაგვიხსნან საბიუჯეტო გადასახადები და ჩვენ გავაკეთებთ ფონდს, დავიქირავებთ კერძო სასწრაფოს და მოვაგვარებთ პრობლემებს”, – ამბობს მაია ჩაკვეტაძე.

კითხვაზე, უფიქრიათ თუ არა დასახლების დატოვება, ადგილობრივები გვპასუხობენ, რომ ეს მათთვის გამოსავალი არ არის და სახელმწიფომ მათზე, როგორც მოქალაქეებსა და გადასახადების გადამხდელებზე, ისევე უნდა იზრუნოს, როგორც სხვა დასახლებების შემთხვევაშია:

“რეალობაა, რომ აქ ვცხოვრობთ და ხომ გვაქვს უფლება გვქონდეს გზა?!”, – ამბობს იზა ქობალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი