საზოგადოება

ხერსონს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ

11 ნოემბერი, 2022 • 1011
ხერსონს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ

უკრაინელი სამხედროები რუსული ანექსიისგან გათავისუფლებულ ხერსონში არიან.

11 ნოემბერს ხერსონის მცხოვრებლებმა უკრაინის დროშებით დაიწყეს ქუჩებში გამოსვლა ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მოლოდინში. 8-თვიანი ოკუპაციის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინის ჯარს ოვაციებით დახვდა.

უკრაინის დროშა ფრიალებს ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის შენობაზე, ასევე, პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაზე.

რუსეთის ჯარებმა დაიპყრეს ხერსონი უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში. ხერსონის ოლქი ერთ-ერთია იმ ოთხს შორის, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკანონო რეფერენდუმების შედეგად წელს მიიერთა. მანამდე რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია განახორციელა. უკრაინამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა შემოდგომის დასაწყისიდან წამოიწყო.

რუსეთმა 9 ნოემბერს განაცხადა ხერსონიდან უკან დახევის შესახებ.

უკრაინის ჯარის მოლოდინში ადგილობრივებმა უკრაინის და ევროკავშირის დროშები აღმართეს ხერსონის ადმინისტრაციის შენობის წინ. წყარო: ტელეგრამი

ხერსონში ზეიმობენ რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებას. წყარო: ტელეგრამი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 ნოემბერს განაცხადა, რომ სრულად გაიყვანა თავისი სამხედროები მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე.

თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მიმართვა ხერსონში ჩარჩენილი რუსი სამხედროებისადმი და მათ ტყვედ ჩაბარებისკენ მოუწოდა. უწყების ცნობით, რუსი დამპყრობლების უკანდახევის მარშრუტები უკრაინის არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშაა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, რუსული არმიის ჯარების ძირითადი ჯგუფის ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ, თქვენმა სარდლობამ ბედის ანაბარად მიგატოვათ. თქვენი მეთაურები მოგიწოდებენ, ჩაიცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი და ხერსონიდან თავის დაღწევა დამოუკიდებლად სცადოთ. ცხადია, ამას ვერ შეძლებთ. ხერსონი უკრაინის კონტროლის ქვეშ ბრუნდება, ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შედიან. რუსი დამპყრობლების უკან დახევის მარშრუტები უკრაინის არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშაა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირების ნებისმიერი მცდელობა შეჩერდება. ყველა რუსი ჯარისკაცი, რომელიც წინააღმდეგობას გაგვიწევს, განადგურდება. თქვენ გაქვთ სიკვდილის თავიდან აცილების ერთადერთი შანსი — დაუყოვნებლივ დანებება“, — ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი