საზოგადოება

რუსეთის მოქალაქე ქართველების შეურაცხყოფისთვის ბოდიშს იხდის და საქართველოს ტოვებს

10 ნოემბერი, 2022 • 2304
რუსეთის მოქალაქე ქართველების შეურაცხყოფისთვის ბოდიშს იხდის და საქართველოს ტოვებს

პაველ კოპილკოვმა, რომელმაც თბილისში, საჯარო სივრცეში, ქართველები და საქართველო შეურაცხყო, საქართველოს დატოვება გადაწყვიტა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის მოქალაქემ “ნეტგაზეთთან” ისაუბრა.

კოპილკოვი თავის საქციელს ნერვული აშლილობით ხსნის და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

სანამ მისი ქმედების ამსახველი ვიდეო სოც. ქსელებში გავრცელდებოდა, ის პოლიციამ დააკავა, მოგვიანებით კი — სასამართლომ დააჯარიმა.

რა მოხდა 5 ნოემბერს

5 ნოემბერს გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდგომი ახალგაზრდა კაცი განუწყვეტლივ იმეორებს შეურაცხმყოფელ ფრაზებს რუსულ ენაზე, საქართველოსა და ქართველებისადმი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირი — რუსეთის მოქალაქე — ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდქსის ორი მუხლით დააკავეს: წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.

კადრებმა მოქალაქეები გააღიზიანა.

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ კი ბრიფინგი გამართა და იკითხა, რატომ არ აძევებდნენ საქართველოდან რუსეთის მოქალაქეს, რომელიც იყო საფრთხე საზოგადოებრივი წესრიგისთვის.

რატომ ჩამოვიდა საქართველოში

“ნეტგაზეთმა” შეძლო პაველ კოპილკოვთან დაკავშირება. როგორც ის ამბობს, საქართველოში 2021 წლიდან პერიოდულად ჩამოდიოდა, მიმდინარე წლის აპრილიდან კი აქ დამკვიდრდა და სექტემბერში ბინაც იქირავა.

მისი თქმით, საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლა არ უკავშირდება ომს უკრაინაში. ამბობს, რომ სურდა კახეთში მოქმედ ერთ-ერთ სამეურნეო სივრცეში საქმიანობა, მეორე მხრივ კი — “თეატრალური პროექტის” განხორციელება.

კითხვას, რატომ ვერ განახორციელებდა ხსენებულ პროექტს რუსეთში, კოპილკოვი პასუხობს:

“ბევრი ის ადამიანი, ვისაც ვიცნობ და მიყვარს, რუსეთიდან საქართველოში გადმოვიდა და ვიცოდი, რომ აქ ვიპოვიდი ხალხს…”

რით ხსნის თავის საქციელს

პაველ კოპილკოვი თავის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვერ დაასახელებს რაციონალურ მიზეზს, რომლითაც შეიძლება მის მიერ საქართველოსა და ქართველების შეურაცხყოფის ახსნა.

“მინდა, მოვიბოდიშო და ვთქვა, რომ აბსოლუტურად არ ვგულისხმობდი იმას, რასაც ვამბობდი. ასეთი რამ არასდროს მიფიქრია და არც ახლა ვფიქრობ.

ვერ გეტყვით რაციონალურ მიზეზს. ნერვული აშლილობა მქონდა და უბრალოდ მინდოდა, რაიმე ძალიან ცუდი გამეკეთებინა. გავაკეთე ის პირველი საშინელება, რაც თავში მომივიდა. ვიცოდი, ხალხი გაბრაზდებოდა და ალბათ, პოლიციაშიც წამიყვანდნენ”, — დასძენს ის.

როგორ დააკავეს და რა გადაწყვიტა სასამართლომ

კოპილკოვის მონაყოლიდან ირკვევა, რომ 5 ნოემბრის ინციდენტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება: სანამ იზოლატორში გადაიყვანდნენ, პოლიციას ერთხელ უკვე ჰყავდა შეჩერებული.

“ალბათ [პირველ ჯერზეც] ქუჩაში ვყვიროდი რაღაცებს ან რაიმე მსგავსს”, — გვეუბნება ის და ამატებს, რომ თავდაპირველად პოლიციამ გაუშვა, თუმცა მეორედ, როცა იგივე ქმედება გაიმეორა — დააკავა.

მისი თქმით, პოლიციამ მცხეთის იზოლატორში გადაიყვანა, სასამართლო პროცესი კი, სავარაუდოდ, თბილისში შედგა. რუსეთის მოქალაქე 7 ნოემბერს გამართულ პროცესზე 3 000 ლარით დააჯარიმეს.

ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება

9 ნოემბერს ჩაწერილ ინტერვიუში პაველ კოპილკოვმა გვითხრა, რომ საქართველოდან მიდის.

როგორც ამბობს, ერთი მხრივ, თავის მენტალურ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს, მეორე მხრივ კი, ფიქრობს, რომ ქვეყნის დატოვება ამ მომენტში სწორი გადაწყვეტილებაა.

“იმედი მაქვს, ქართველი ხალხი გაიგებს, რომ ეს იყო ტოტალურად ემოციური პრობლემა. ვთქვი ყველაზე ცუდი სიტყვები, რაც თავში მომივიდა. სულ ესაა.

მესმის ყველასი, ვინც ჩემზე გაბრაზებულია. ისინი მართლები არიან. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ თუ ოდესმე გამიგებენ და ნებას დამრთავენ, დავბრუნდე, ნამდვილად [მოხარული] ვიქნები, რადგან ძალიან კარგი დრო გავატარე აქ, სასიამოვნო ხალხს შევხვდი, პროექტი მქონდა…

თუ ნებას დამრთავთ, დავბრუნდე, ვეცდები, გამოვასწორო… რაიმე კარგი გავაკეთო საქართველოს საზოგადოებისთვის”, — ამბობს ის.

რას ამბობს მამამისზე

კოპილკოვის ქმედებიდან 2 დღეში, 7 ნოემბერს, პლატფორმა ImformNapalm-ის თანადამფუძნებელმა ირალი კომახიძემ “ფეისბუკზე” გამოაქვეყნა ცნობები, რომლებიც, როგორც ავტორი წერს, ქართველმა და უკრაინელმა მოხალისეებმა მოიპოვეს.

კომახიძის თანახმად, პაველ კოპილკოვი რუსი ბიზნესმენის, ალექსანდრ კოპილკოვის ვაჟია. პოსტში გამოთქმულია ეჭვი, რომ შესაძლოა, ის წარმოადგენდეს მამის ბიზნესინტერესებს, რომელსაც თავისი აქტივების ნაწილის გატანა სურს რუსეთის გარეთ.

ალექსანდრ კოპილკოვი მოსკოვში მოქმედი მსხვილი დეველოპერული კომპანიის, “ГК МИЦ”-ის თანადამფუძნებელი და თანამფლობელია. კოპილკოვთან ერთად, 90-იანების მიწურულს, კომპანია დააფუძნა ბიზნესმენმა ანდრეი რიაბისნკიმ.

2018 წლის ნოემბერში “ГК МИЦ” იუწყებოდა 2 სახელმწიფო კონტრაქტის გაფორმებაზე “რუსეთის ეროვნულ გვარდიასთან”(როსგვარდია) სამხედრო მოსამსახურეთათვის 187 ბინის მოსაწყობად.

“მსგავსი კონტრაქტების გაფორმებით MIC Group იზიდავს სტაბილურ სახელმწიფო დაფინანსებას თავისი ობიექტების მშენებლობისთვის”, — წერდა “ГК МИЦ”.

8 ნოემბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ გამართა ბრიფინგი, რომელშიც ნახსენები იყო, მათ შორის, კომახიძის მიერ გამოქვეყნებული ცნობები.

“ეს პირი, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უპრობლემოდ და უკონტროლოდ შემოუშვა საზღვარზე, აღმოჩნდა პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი”, — დასძინა მელიამ და დაამატა, რომ ალექსანდრ კოპილკოვის ოჯახის წევრებიც საქართველოში ცხოვრობენ.

თავის მხრივ, პაველ კოპილკოვი ადასტურებს, რომ ბიზნესმენ ალექსანდრ კოპილკოვის შვილია, თუმცა დასძენს, რომ პირადად ის საქართველოში ოჯახთან ერთად არ ჩამოსულა და “არ იცის, მისი ოჯახის რომელიმე წევრი დამოუკიდებლად თუ ჩამოდიოდა აქ”.

კოპილკოვის თქმით, მამამისის ბიზნესზე ბევრს ვერ ისაუბრებს, რადგან დეტალები არ იცის, თუმცა, მისი სიტყვებით, “ის პუტინის ოლიგარქი არ არის”.

კოპოლკოვის თქმით, 5 ნოემბრის ინციდენტის წინ არ ჰქონია რაიმე გეგმა და მის ქმედებას მამამისთან “არაფერი აქვს საერთო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი