საზოგადოება

შუალედური არჩევნები აშშ-ში — ვინ გააკონტროლებს სენატსა და წარმომადგენელთა პალატას

9 ნოემბერი, 2022 • 944
შუალედური არჩევნები აშშ-ში — ვინ გააკონტროლებს სენატსა და წარმომადგენელთა პალატას

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის 8 ნოემბრის შუალედური არჩევნები დასრულებულია და შტატების უმრავლესობაში მიღებული შედეგებიც გამოცხადდა. შესაბამისად, გამოიკვეთა კონტურები, რომლის მიხედვითაც, წარმომადგენელთა პალატას, დიდი ალბათობით, რესპუბლიკელები გააკონტროლებენ, თუმცა ჯერ არ არის გამოკვეთილი, ვინ გააკონტროლებს სენატს.

8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში სენატის 100 ადგილიდან არჩევნები ჩატარდა 35 ადგილის დასაკავებლად. არჩევნები არ შეეხო სენატში დემოკრატების 36 და რესპუბლიკელების 29 ადგილს.

თბილისის დროის 11 საათის მონაცემებით, „ფოქს ნიუსის“ მიხედვით, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს სენატში, ჯამში, 48-48 ადგილი აქვთ მოპოვებული, დარჩენილია შედეგების გამოცხადება 4 ადგილისთვის. იმისათვის, რომ რესპუბლიკელებმა სენატის გაკონტროლება შეძლონ, მათ კიდევ 3 ადგილი და, ჯამში, 51 ხმა უნდა მოიპოვონ. უმრავლესობისთვის დემოკრატებს დამატებით 2 სენატორის გაყვანაც ჰყოფნით, რადგან 51-ე ხმას მათთვის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უზრუნველყოფს. ტელეარხ CNN-ის მონაცემებით, ამ დროისათვის დემოკრატებს 48 ადგილი აქვთ მოპოვებული, რესპუბლიკელებს — 47,  შესაბამისად, დარჩენილია ხმების გამოცხადება 5 ადგილისთვის.

რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, აქ უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭიროა, რომელიმე პარტიამ მინიმუმ 218 ადგილი მიიღოს.

ბოლო მონაცემებით, „ფოქს ნიუსის“ მიხედვით, რესპუბლიკელებს უკვე გარანტირებული აქვთ 192 ადგილი, დემოკრატებს — 163. გამოსაცხადებელია შედეგები 80 ოლქიდან, საიდანაც ვარაუდობენ, რომ რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის შესაქმნელად საკმარის ადგილს მიიღებენ.

შუალედური არჩევნების შედეგები უმნიშვნელოვანესია როგორც თავად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე — დანარჩენი მსოფლიოსთვისაც თუნდაც საგარეო პოლიტიკის წარმოების მიმართ არსებული განსხვავებების გამო. თუ რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს როგორც სენატში, ისე — წარმომადგენელთა პალატაში, ეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას და ხელ-ფეხს შეუკრავს არაერთი მიმართულებით თავისი პოლიტიკის განხორციელებაში. გარდა ამისა, შუალედური არჩევნები არის მნიშვნელოვანი ტესტი ამერიკის ხელისუფლებისთვის, მზარდი ინფლაციისა და განსაკუთრებით, საწვავის გაძვირებს ფონზე, მოსახლეობის განწყობების გასაზომად.

შუალედური არჩევნების შედეგები ასევე მნიშვნელოვანია 2024 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტშიც, რადგან ეს არის ერთგვარი წინასწარი ძალების მოსინჯვა. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი 2024 წლის არჩევნებისთვისაც აპირებს ბრძოლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი