საზოგადოება

კლინიკა სკოლის ნაცვლად? – რას აპროტესტებენ მშობლები

8 ნოემბერი, 2022 • 1399
კლინიკა სკოლის ნაცვლად? – რას აპროტესტებენ მშობლები

თბილისში, ლუბლიანის ქუჩაზე მდებარე კერძო სკოლის 300-მდე მოსწავლეს ახალ სკოლაში მოუწევს სწავლის გაგრძელება. ამის მიზეზი ისაა, რომ წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა მიმდინარე წლის აგვისტოში გაიყიდა, ახალი მფლობელი, შპს “თოდუას კლინიკა” სასწავლო წლის დასრულების შემდეგ სკოლისთვის აკრედიტაციის გაგრძელებას აღარ გეგმავს და მანამდე, იანვრიდან მოსწავლეებს სწავლის გაგრძელებას “მწვანე სკოლაში” სთავაზობს.

ახალი დირექციის გადაწყვეტილების შესახებ მშობლებმა სასწავლო წლის მიმდინარეობისას, ოქტომბრის ბოლოს შეიტყვეს, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ამის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია მანამდეც ვრცელდებოდა, რასაც სკოლის დირექცია პირად საუბრებში უარყოფდა.

დირექციის გადაწყვეტილების გამო მშობლები  სასამართლოში აპირებენ დავას და აცხადებენ, რომ სკოლის გაყიდვისას და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული არ იყო არც მათი და არც მათი შვილების ინტერესები.

წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

რას აპროტესტებენ მშობლები

გვანცა ჟორჟოლიანის ორი შვილი წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში სწავლობს. უფროსი შვილი მეხუთე კლასშია, უმცროსისთვის კი ეს პირველი სასწავლო წელია.

როგორც გვანცა გვიყვება, ამ სკოლაზე არჩევანი წელს, ბევრი მოკვლევის შემდეგ შეაჩერა. წმ. ნიკოლოზის სკოლაში უფროსი შვილი სხვა სკოლიდან გადაიყვანა, უმცროსი კი პირველ კლასში დაარეგისტრირა.

გვანცას თქმით, ბავშვების დარეგისტრირებისას მისთვის არავის უთქვამს, რომ მომავალ წელს სკოლა ამ სახით აღარ იარსებებდა და მის შვილებს სწავლის გაგრძელება სხვაგან მოუწევდათ.

“მე, როგორც რიგით მშობელს, ამის შესახებ რომ მქონოდა ინფორმაცია, სხვა ზომებს მივიღებდი”, – ამბობს გვანცა.

ის მიიჩნევს, რომ სკოლამ მასთან ხელშეკრულება მოტყუებით დადო, რადგან ვარაუდობს, რომ შვილების დარეგისტრირებისას ახალმა დირექციამ უკვე იცოდა, რომ სკოლა არსებული პროფილით აღარ განაგრძობდა არსებობას და ამის შესახებ მისთვის არაფერი უცნობებიათ.

“ხელშეკრულება სექტემბრის დასაწყისში გავაფორმეთ სკოლასთან, ხოლო სკოლა აგვისტოში გაიყიდა. შესაბამისად, როგორც ახალ, ასევე ძველ მფლობელსაც ჰქონდათ ვალდებულება, რომ ახალმიღებული მშობლები საქმის კურსში ჩაეყენებინათ, რა ვითარება იყო, და ასევე ეცნობებინათ იმის შესახებ, რომ 2023 წლის ივლისიდან აკრედიტაცია გაუქმდებოდა და სკოლა ავტორიზაციას აღარ გააგრძელებდა”, – განმარტავს ის.

მშობლები ეჭვობენ, რომ შპს თოდუას კლინიკას სკოლის ამჟამინდელ შენობაში საავადმყოფოს გახსნა სურს, თუმცა ამ ინფორმაციას “ნეტგაზეთთან” არც ადასტურებს და არც უარყოფს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

გვანცა ჟორჟოლიანი. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

მშობლები აცხადებენ, რომ როგორც ცვლილებები, ასევე ამ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღების ფორმა უარყოფითად აისახება ბავშვებსა და მშობლებზე და ქმნის სტრესულ გარემოს. შედეგად კი, ბავშვებს ხარისხიანი განათლების მიღებაში ხელი ეშლებათ. მათ შორის არის 11 წლის ტყუპების დედა, ნუცა ჯავახიშვილიც:

“ბავშვების მორალურ და ფსიქოლოგიურ ტრავმაზე არავინ ფიქრობს. რომ იცოდეთ, როგორი მიმოწერები აქვთ ერთმანეთთან, რომ იქნებ რაღაც ალტერნატივა მოიფიქროს ყველამ ერთად, რამე ისეთი კარგი სკოლა, რომელიც შეცვლის მათ სკოლას და მასწავლებლებთან ერთად გადავიდნენ იქ”, – განმარტავს ნუცა.

ნუცა ჯავახიშვილი. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

სკოლის ადმინისტრაცია მშობლებს მოსწავლეების “მწვანე სკოლაში” გადაყვანას სთავაზობს შემდეგი პირობით, რომ ახალ სკოლაში სწავლა გაგრძელდება “არსებული კლასებით, პროგრამითა და მასწავლებლებით”. ამის შესახებ ადმინისტრაციის მიერ მშობლებისთვის მიწერილ განცხადებაშია ნათქვამი.

ამ განცხადების მიუხედავად, მშობლები სკეპტიკურად არიან განწყობილი ახალი დირექციის პირობის მიმართ და ამბობენ, რომ ახალ სკოლასთან შეერთების შემთხვევაში ცვლილებები გარდაუვალია, რადგან “მწვანე სკოლას” აქვს თავისი შიდა განაწესი და სასწავლო პროგრამა. ამასთან, ნუცას თქმით, ყველა მასწავლებელი არ არის მომხრე წმ. ნიკოლოზის სკოლიდან “მწვანე სკოლაში” გადასვლაზე.

რას ამბობს სკოლის ადმინისტრაცია

წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის ახალი დირექტორი, მარიამ ვაშაკიძე განმარტავს, რომ შპს თოდუას კლინიკამ შპს ბრიტანული ცენტრის 100%-იანი წილი 2022 წლის 15 აგვისტოს შეიძინა, რის შესახებაც სკოლის დირექცია და მშობლები ინფორმირებული იყვნენ. სწორედ ბრიტანული ცენტრის მფლობელობაში იყო წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა.

თუმცა ვაშაკიძე ასევე ადასტურებს, რომ მშობლები ოქტომბრის ბოლომდე არ იყვნენ ინფორმირებული ახალი მფლობელის გეგმების შესახებ, რომ 2023 წლის ივლისიდან სკოლა ავტორიზაციის გაგრძელებას აღარ გეგმავდა.

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ შპს თოდუას კლინიკის ადმინისტრაციამ მშობლებს “გონივრულ ვადაში” აცნობა, მას შემდეგ, რაც მოიძია ალტერნატივა, სადაც მოსწავლეები სწავლის გაგრძელებას შეძლებდნენ.

ვაშაკიძის განმარტებით, ალტერნატივად შეირჩა “მწვანე სკოლა”, რადგან მისი შენობა წმ. ნიკოლოზის სკოლასთან ტერიტორიულად ახლოსაა და ასევე სთავაზობს ამჟამინდელ სკოლასთან მიახლოებულ პირობებს.

“მესმის, რომ შუა სასწავლო პროცესია, თუმცა ჩვენ ალტერნატივა [მწვანე სკოლაში გადასვლა] შევთავაზეთ სემესტრის დასრულების შემდეგ, ხოლო თუ არ იქნებოდნენ თანახმა ამ ალტერნატივაზე, შევთავაზეთ, რომ კანონით გათვალისწინებული ავტორიზაციის ფარგლებში დავასრულებდით სასწავლო პროცესს ივნისის ჩათვლით, სანამ ავტორიზაცია გაუვა სკოლას… ამავე შენობაში”, – განმარტავს ვაშაკიძე.

კითხვაზე, ხომ არ ირღვევა ახალი მფლობელის ამ გადაწყვეტილებით ბავშვთა უფლებები, ვაშაკიძე პასუხობს, რომ მშობლებთან აღებულ ვალდებულებას სკოლა “არცერთი პუნქტით” არ არღვევს.

“მნიშვნელოვანია, გვქონდეს განსაზღვრული, რა შემთხვევაში და როგორ უნდა მოხდეს სკოლის გაუქმება”

ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” დამფუძნებლის, მეგი კავთუაშვილის განმარტებით, სასკოლო განათლების მიღება კონსტიტუციური უფლებაა და სტატუსის მიუხედავად, კერძო იქნება სკოლა თუ საჯარო, ბავშვებს ამ უფლებით უნდა უზრუნველყოფდეს.

კავთუაშვილის განცხადებით, მისი ორგანიზაცია კონკრეტულად წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩართული არ არის, თუმცა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, კერძო სკოლების შემთხვევაში მკაფიოდ იყოს განსაზღვრული მათი დაარსებისა და ლიკვიდაციის წესები და ამის შესახებ მშობლები ინფორმირებული იყვნენ.

“თუ ქვეყანაში გვაქვს კერძო სკოლები და თუ ვაღიარებთ ამ სისტემას, ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვრული გვქონდეს, რა შემთხვევაში და როგორ უნდა მოხდეს სკოლის გაუქმება. ეს არ არის ტიპური ბიზნესი, ეს არის განათლების დარგი და ძალიან სამწუხაროა, რომ იქ, სადაც მეტი ფული იშოვება, ამ ფულის შოვნას ეწირება ბავშვების ინტერესები”, – განმარტავს კავთუაშვილი.

მეგი კავთუაშვილი. ფოტო: Facebook/Megi Kavtuashvili

მასალების გადაბეჭდვის წესი