საზოგადოება

იმედი მაქვს, გამოვალ, წინ არის სტრასბურგის სასამართლო – გვარამია

24 ოქტომბერი, 2022 • 968
იმედი მაქვს, გამოვალ, წინ არის სტრასბურგის სასამართლო – გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ იმედი აქვს, პატიმრობიდან გამოვა და მიანიშნებს, რომ ზედა ინსტანციების გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

„იმედი მაქვს, გამოვალ. მხოლოდ აქ არ წყდება ჩემი ბედი, არც მხოლოდ ქართული სასამართლოს წინაშე, წინ არსებობს სტრასბურგის სასამართლო“, – განაცხადა გვარამიამ 24 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში, სასამართლო პროცესზე.

დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეები შემაჯამებელი სიტყვებით წარდგნენ სასამართლოს წინაშე. საუბრის დასაწყისში გვარამიამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და განაცხადა:

„ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მომავალი კართან მოგვადგა. მივიდეთ კარამდე და გავაღოთ. რამდენიმე ნაბიჯია სულ, პირდაპირი მნიშვნელობითაც კი. არ დაყაროთ ფარ-ხმალი. არავითარ შემთხვევაში. საზოგადოებას მოვუწოდებთ, თავისი სიტყვა თქვას. საზოგადოება არ შედგება მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, – და ჩვენი სამოქალაქო სექტორი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, რაც მინახავს“.

გვარამია ასევე გამოეხმაურა ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტიების მიმართ კრიტიკას და განაცხადა:

„უსამართლოა ჩვენი პოლიტიკური ელიტის სტიგმატიზაცია, როგორც ძალის არმქონის. არ არის ასე, მეგობრებო. უკრაინის მაგალითი უნდა მოვიყვანო, რომელსაც სტიგმატიაზაციაც არ სჭირდებოდა, იმდენად მომაკვდავი იყო და ჩაფლული კორუფციაში,  ხელისუფლება თუ ოპოზიცია… მარტივია საუბარი იმაზე, რომ ვიღაც რაღაცას არ აკეთებს… ნუ ვეძებთ განტევების ვაცს. ეს არის ჩვენი უმოძრაობის გამართლება. უნდა გავინძრეთ თითოეული… ჩვენი წარუმატებლობა ჩვენი ბრალია და როგორც კი მოვინდომებთ, ეს შეწყდეს, მაშინვე შეწყდება“, – განაცხადა გვარამიამ.

მან ასევე მოკლედ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის შესახებ და თქვა, რომ იგი „ცოცხალი სჭირდება არამხოლოდ მის ოჯახს და ამიტომ, ჯანმრთელობას მიხედოს“.

სააპელაციო სარჩელს განიხილავენ მოსამართლეები – მერაბ ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი.


გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3-ნახევარი წლით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა.

პროკურატურა გვარამიას  ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას არაერთი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით,  ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი