22 წლის ხათუნა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, როდესაც ერთხელ უნივერსიტეტის კორპუსთან ახლოს, ტროტუარზე, სანიაღვრე ჭაში ჩავარდა.
ხათუნამ ფეხის მძიმე მოტეხილობა მიიღო, ის თვეები ვერ დადიოდა, ამჟამად კი გადაადგილება მხოლოდ ორი ყავარჯნის დახმარებით შეუძლია.
სტუდენტი იხსენებს, რომ ჭა არასწორად იყო დამონტაჟებული, შედეგად, როდესაც მან თავსახურზე ფეხი დააბიჯა, ის ამოტრიალდა. ხათუნა 2 მეტრამდე სიღრმის ჭაში ჩავარდა.
ტრავმისა და ფინანსური ხარჯების გამო, მას დროებით სწავლის მიტოვება მოუწია. სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებაზე უარი მოუვიდა თბილისის მერიიდან. არადა, ხათუნა ამბობს, რომ ეს სწორედ მათი პასუხისმგებლობა იყო.
მერია კი ირწმუნება, რომ ჭის ხუფები უცხო პირებმა მოიპარეს. რაც შეეხება დაფინანსებას, მათი თქმით, ხათუნამ განცხადება სამედიცინო სერვისების ჩატარების შემდეგ შეიტანა, ასეთ დროს კი მერია ხარჯებს ვერ აფინანსებს.
ჭაში ჩავარდნა და მძიმე მოტეხილობა
31 მაისს ხათუნა სალიმიანი ე.წ. მედიკების კორპუსში იყო დაბარებული. ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ერთ-ერთი კორპუსია, რომელიც დიღომში, ბელიაშვილის ქ.#78 ნომერში მდებარეობს. გამოსვლისას ხათუნა სანიაღვრე ჭაში ჩავარდა. ჭა დახურული იყო, თუმცა მისი სახურავი არ ერგებოდა ჭის გარშემოწერილობას. ფეხის დაბიჯებისას ის ამოტრიალდა, ხათუნამ კი მძიმე ტრავმა მიიღო.
„თავიდან ვერც მივხვდი რა მოხდა, თვალებში დამიბნელდა, შეშინებული ვიყავი. მხოლოდ ის მესმოდა, ჩემი ჯგუფელები ყვიროდნენ, დაგვეხმარეთო. რომ მივხვდი, რაც მომივიდა, ჩემს ჯგუფელს ვკითხე, ფეხს რა სჭირს, რა მდგომარეობაშია-მეთქი, რადგან ტკივილს ვერ ვგრძნობდი და მგრძნობელობა სრულად მქონდა დაკარგული. მეგობარმა მითხრა, არაფერიაო, თუმცა, თავიდან არ დავუჯერე და შევათვალიერე ფეხი. ღია მოტეხილობა რომ არ იყო, შედარებით დავწყნარდი. უკვე შემდგომ, ორი ადამიანი ცდილობდა ჩემს ამოყვანას ჭიდან, თუმცა, ძალის დატანება მაინც დამჭირდა იმ ფეხზე, რომ ამოვსულიყავი,“ — იხსენებს სრუდენტი.
კურსელებმა ხათუნა ჭიდან ამოიყვანეს და სასწრაფოც გამოიძახეს.
სანამ სასწრაფო მოვიდოდა, კურსელებმა ჭას ფოტო გადაუღეს. იმ დღეს, ის გამოიყურებოდა ასე:

სანიაღვრე ჭა. ფოტო ხათუნას კურსელებმა გადაიღეს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული იქვე, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.
„კლინიკაში ასევე გამომყვა ჩემი კურსელი, ის ჩემ გვერდით დარჩა მანამ, სანამ დედაჩემი არ მოვიდა. რენტგენი როდესაც გადამიღეს, უკვე ვიცოდი, რომ მაქვს მოტეხილობა და უკვე ღმერთს ვევედრებოდი, ცდომა არ ყოფილიყო და საოპერაციო არ გავმხდარიყავი.
პასუხი როცა მივიღე, ფეხი საოპერაციო არისო, ამ დროისთვის, პოლიციის თანამშრომლებიც ადგილზე იყვნენ მოსულები. მეკითხებოდნენ, ვინმემ სპეციალურად ხომ არ გკრა ხელიო, რაზეც ავუხსენი, რომ საკანალიზაციო ჭა იყო არასწორად დამონტაჟებული და ასე მივიღე ეს ტრავმა. გამოძიება არ დაწყებულა. ასევე მითხრეს, რომ ჩემამდე ჩავარდა ჩემი კურსელი და ვიღაც კაცი. იმის გამო, რომ ძალიან დაბნეული ვიყავი იმ მომენტში და კითხვებს ნორმალურად ვერ ვპასუხობდი, დამპირდნენ, ოპერაციის შემდგომ მოსვლას დამპირდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა.
ახლა ყავარჯნების საშუალებით დავდივარ, ორ ყავარჯენს ვიყენებ,“ — უთხრა ნეტგაზეთს ხათუნამ.

ხათუნა სალიმიანის სამედიცინო რენტგენები.
ხათუნას სრული დიაგნოზი ასეთია: მარცხენა წვივის ძვლის დიაფიზის მოტეხილობა ფრაგმენტების ცდომით,ძირითადი დიდი წვივის დიაფიზური მოტეხილობა.
„ეს მიიჩნევა რთულ მოტეხილობად. ასევე, აღსანიშნავია, რომ ოპერაცია, რომელიც 2 საათს უნდა გაგრძელებულიყო, 6 საათს გაგრძელდა. ქირურგმა იმ დღეს ფეხიდან ნამსხვრევები ამომიღო. სრული რეაბილიტაციისთვის, ალბათ, ახალ წლამდე დრო დამჭირდება,“ — ამბობს ხათუნა.
მისვე ცნობით, ოპერაციის სრული საფასური 2 ათასი ლარი იყო, მაგრამ რადგან ის სტუდენტია, თანხის ნაწილი დაუფინანსდა – „გადავიხადეთ 400 ლარი, მაგრამ 500 ლარი დაგვიჯდა ფირფიტა. ასევე, დამჭირდა ექთნის მომსახურება, რათა ჩემი ნაკერი დაემუშავებინა. რენტგენების გადაღება და სხვა.“
„ოპერაციის შემდგომ გონს რომ მოვედი, მივხვდი, ყურადღებას არავინ გვაქცევდა და დედას ვთხოვე, ჩემს სახელზე მერიაში განცხადება შეეტანა. განცხადების შეტანიდან სამ დღეში მივიღე უარყოფითი პასუხი, რამაც დიდი მორალური ტრავმა მომაყენა, რადგან ჩემი სწავლის ფული დახარჯული იყო ოპერაციაზე, წამლებზე, პოსტოპერაციულ საჭიროებებზე და მქონდა უნივერსიტეტის ვალი.
ამიტომ, გადავწყვიტე, მეორეჯერ შემეტანა განცხადება მერიაში, სადაც ვთხოვე, გადაეხედეთ ჩემი საქმისთვის. ვადა 30 დღეა, მაგრამ 2 კვირით დაიგვიანა პასუხმა. პასუხი კვლავ უარყოფითი მომივიდა, ვთვლი, რომ ამჯერად მოსული პასუხი უაზროა, რადგან ისე გამოუვიდათ, თითქოს, უბრალოდ, სწავლის დაფინანსება მოვითხოვე,“ — უთხრა ნეტგაზეთს დაშავებულმა.
მერიის მიერ გაგზავნილ პასუხში წერია: „გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის მერია მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს თქვენი თხოვნა“.
ხათუნა ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ არც უნივერსიტეტმა შეუწყო ხელი და ონლაინ ვერ გაიარა ის საგნები, რომლებიც პრაქტიკულ მეცადინეობას არ მოითხოვდა.
„სამჯერ მქონდა განცხადება შეტანილი, რომ საკანალიზაციო ჭები არასწორადაა დამონტაჟებული. ამაზე ხომ მაინც უნდა იყოს რეაგირება, რომ არავინ აღარ დაშავებულიყო?!“
ამჟამად ხათუნას აკადემიური წელი აქვს აღებული — ეს ნიშნავს, რომ ის თავის პროფესიას ვერ ეუფლება. რეაბილიტაციის შემდეგ კი გეგმავს, რომ სასამართლოს მიმართოს.
„ხუფები მოიპარეს“ — მერიის პასუხი
როგორც ნეტგაზეთს თბილისის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურში უთხრეს, ამ კონკრეტული სანიაღვრე ჭის ხუფები დაუდგენელმა პირებმა მოიპარეს.
სამსახურში ამბობენ, რომ სავარაუდოდ, გოგო მაშინ ჩავარდა, ჭაში, როდესაც ხუფები ჯერ შეცვლილი არ იყო. ჩვენს დამატებით კითხვაზე პასუხად, კერძოდ კი, რამდენ ხანში შეიცვალა ხუფები, უწყება ამბობს, რომ ხუფები „მალე იცვლება“.
უცნობია ასევე, ჭაში ჩავარდნილი სხვა ადამიანების შესახებ ცნობა, რადგან, სამსახურის თქმით, მათთან ასეთ შემთხვევებზე განაცხადი არ შესულა.
რაც შეეხება დაფინანსებას, ნეტგაზეთის კითხვებზე პასუხად ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში ამბობენ, რომ სტუდენტმა განაცხადი შეიტანა უკვე მას შემდეგ, რაც დაფარა სამედიცინო გადასახადები. ასეთ დროს კი მერია მოკლებულია შესაძლებლობას, დააფინანსოს სამედიცინო სერვისი.

იგივე ჭა. გადაღებულია 19 ოქტომბერს. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი