საზოგადოება

ვეძებთ გზებს, რომ საქართველოს სამხედრო და სხვა ტიპის დახმარება მივცეთ – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

15 ოქტომბერი, 2022 • 1038
ვეძებთ გზებს, რომ საქართველოს სამხედრო და სხვა ტიპის დახმარება მივცეთ – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

“საქართველოს სხვადასხვა ტიპის დახმარებას ვუწევთ და კვლავაც ვეძებთ გზებს, იმისთვის, რომ საქართველოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საჭირო სამხედრო და სხვა ტიპის დახმარება მივცეთ”, – ეს განცხადება ბონი ჯენკინსმა გააკეთა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჯენკინსი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით. ის “არასწორს” და “დეზინფორმაციას” უწოდებს იმას, თითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა სურს.

ჯენკინსი საქართველოში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა.

“იმის გათალისწინებით, რა სიტუაციასთანაც გვიწევს გამკლავება, ვგულისხმობ, რუსეთ-უკრაინის ომს, რუსეთის არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ერთ-ერთი მესიჯი, რომელიც გავაჟღერე [თბილისში] ის იყო, რომ უკრაინის სუვერენიტეტისადმი ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა გრძელდება და ზუსტად ასევე ვართ ერთგულები საქართველოს სუვერენიტეტისადმიც.

ვაცნობიერებთ, რომ საქართველო ახლა იმ სიტუაციაშია, როდესაც ასეთი უსაფრთხოების რისკი ასე ახლოსაა. ასევე ვაცნობიერებთ, რომ მობილიზაციის გამო, რუსების დიდი ნაკადი საქართველოში შედის და გვესმის ის გამოწვევებიც, რაც ამან საქართველოს შეიძლება მოუტანოს.

იმის გათალისწინებით, რაც მე საქართველოში მოვისმინე, ქვეყანაში სჯერათ, რომ შეუძლიათ ამ სიტუაციას გაუმკლავდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ჩვენ ვაძლევდით საქართველოს დაფინანსებას სამხედრო შესყიდვებისთვის. მხოლოდ ამ წელს, თუ არ ვცდები, 35 მილიონ დოლარზე მეტი გვაქვს საქართველოსთვის გაცემული. საქართველოს სხვადასხვა ტიპის დახმარებას ვუწევთ და კვლავაც ვეძებთ გზებს, იმისთვის, რომ საქართველოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საჭირო სამხედრო და სხვა ტიპის დახმარება მივცეთ”, – აცხადებს ჯენკინსი.

მისივე თქმით, რუსეთი დეზინფორმაციაზე აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით.

“ისინი ცდილობენ, რომ ყურადღება გადაგვატანინონ იმისგან, რასაც აკეთებენ. ისინი ცდილობენ, რომ უკუღმა წარმოაჩინონ ის დახმარება, რასაც ამერიკის და სხვამ თავრობები აწვდიან უკრაინას. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ უკრაინაა აგრესორი, ან რომ ის არასწორად იქცევა.

დეზინფორმაციის კიდევ ერთი ფორმაა, რასაც ისინი აკეთებენ: თავს ესხმიან ელჩ დეგნანს და იმას, რასაც ის აკეთებს. ასე რომ, ერთ-ერთი მესიჯი, რომლის გაჟღერებაც მინდოდა – და ასეც მოვიქეცი – ის არის, რომ ადმინისტრაცია მხარს უჭერს ელჩ დეგნანს, რომ გარშემო ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა და საქართველო ასეთ დეზინფორმაციას ხელს არ უნდა უწყობდეს. ეს არავის ინტერესში არ შედის.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, მტკიცედ ვუჭერთ მხარს ელჩ დეგნანს და ჩვენს საელჩოს საქართველოში”.

ჯენკინსი ასევე გამოეხმაურა ბრალდებებს და კონსპირაციებს, რომლის მიხედვითაც აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს.

“ეს დეზინფორმაციაა. არანაირი მცდელობა საქართველოს რაიმეში ჩათრევისა არა რსებობს. ვცდილობთ, რომ გავაღრმაოთ პროგრამები, თანამშრომლობა, გავაძლიეროთ ურთიერთობები და ასევე ვცდილობთ, რომ მივცეთ საქართველოს ყველაფერი, რაც მას სუვერენიტეტის გასაძლიერებლად სჭირდება”, – განაცხადა ჯენკისნმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი