საზოგადოება

რა წერია “ოცნების” პარტნიორი ევროპული პარტიის რეზოლუციაში საქართველოზე

14 ოქტომბერი, 2022 • 1308
რა წერია “ოცნების” პარტნიორი ევროპული პარტიის რეზოლუციაში საქართველოზე

ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო “ქართული ოცნების“ დელეგაციამ.

რეზოლუციაში საქართველოზეცაა საუბარი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად:

“ჩვენ მხარს ვუჭერთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინისა და მოლოვისათვის და მზადყოფნას, რომ ეს სტატუსი საქართველოსაც მიენიჭოს. მათი მომავალი ევროკავშირშია და ჩვენ გვინდა, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, როგორც კი ყველა გაწევრიანების კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ, მათ შორის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე”, – ნათქვამია რეზოლუციაში.

“ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “რეზოლუციაში ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი”.

“ამ მხრივ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული პოლიტიკური ოჯახის მხარდაჭერა”, – აცხადებს კობახიძე, რომელიც თავადაც ბერლინში იმყოფება.

„ქართულ ოცნება” ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) დამკვირვებელი წევრია და ევროპაში მისი პოლიტიკური პარტნიორია, ისევე როგორც ენმ-ის პარტნიორია ევროპის სახალხო პარტია (EPP), ხოლო, მაგალითად, რესპუბლიკელების – ALDE.

მიმდინარე წლის ზაფხულში ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი უკვე მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. EU-ს განცხადებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმ შემთხვევაში მიიღებს თუ 12 პირობას შეასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი