საზოგადოება

ბაიდენი: ბირთვული არმაგედონის რისკები კუბის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალია

7 ოქტომბერი, 2022 • 1122
ბაიდენი: ბირთვული არმაგედონის რისკები კუბის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ბირთვული „არმაგედონის“ რისკები 1962 წლის კუბის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

როგორც BBC წერს, ბაიდენის თქმით, პუტინი „არ ხუმრობდა“, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობდა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ცდილობენ გამოიცნონ“, როგორი იქნება ომის დასრულების პუტინისეული გზა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერები წარსულშიც აცხადებდნენ, რომ პუტინის ბირთვული მუქარა სერიოზულად უნდა ყოფილიყო აღქმული. თუმცა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მიუხედავად მოსკოვის მინიშნებებისა ბირთვული შეიარაღების გამოყენების თაობაზე, აშშ ამ დრომდე ვერ ხედავს შესაბამის სიგნალებს, რომელიც დაადასტურებდა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის დაუყოვნებლივი გამოყენებისთვის ემზადება.

BBC აღნიშნავს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინა აქტიურად იბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. მათ შორის, იმ ოთხ რეგიონშიც, რომლის უკანონო ანექსიაც რუსეთმა მოახდინა. ბაიდენის თქმით, მიზეზი, რატომაც მისი აზრით, პუტინი „არ ხუმრობს“, როდესაც ტაქტიკურ ბირთვულ, ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღზე საუბრობს, ისაა, რომ „მისი ჯარი საგრძნობლად ცუდად მოქმედებს“:

„კუბის კრიზისის შემდეგ პირველად, ჩვენ წინაშე ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირი საფრთხეა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ „პოტენციური არმაგედონის“ პირისპირ კუბის კრიზისის შემდეგ არ აღმოჩენილან.

მასალების გადაბეჭდვის წესი