საზოგადოება

მობილიზებული რუსების პროტესტის ამსახველი ვიდეო ვრცელდება

6 ოქტომბერი, 2022 • 1611
მობილიზებული რუსების პროტესტის ამსახველი ვიდეო ვრცელდება

5 ოქტომბრის საღამოს რუსულ ტელეგრამის არხებზე და სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები იარაღით ხელში, — მათივე ცნობით, მობილიზებულები ბელგოროდში ,— “არაადამიანურ პირობებს” აპროტესტებენ.

ვიდეოს ავტორის თქმით, რომელიც სამგზავრო მატარებლის გვერდით დგას, ერთი კვირა იცხოვრეს არაადამიანურ პირობებში, ნულოვანი მომზადების პირობებში. სამხედროები ჩივიან, რომ მათზე გაცემული იარაღი, სავარაუდოდ, არ არის რეგისტრირებული, არ აქვთ არანაირი მატერიალური დახმარება, საკვებს თავად ყიდულობენ.

ვიდეოში ამბობენ, რომ მობილიზებულთაგან ბევრს აქვს ტემპერატურა. ჩივიან, რომ არ აქვთ საბრძოლო მასალა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და რაც დაურიგეს, სსრკ-ის დროინდელი იარაღია.

republic.ru-ს ცნობით, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა მარკ კრუტოვმა აღნიშნა, რომ პირველი ვიდეო გადაღებულია მობილიზებული პირის მიერ, რომელიც ცნობილია როგორც სერგეი სურკოვი. მანამდე მან გადაიღო „პირველი სატანკო პოლკის“ წვევამდელების ხერსონში მომზადების გარეშე გაგზავნის ვიდეო. კრუტოვმა ასევე შენიშნა, რომ ვიდეოში ერთ-ერთ მამაკაცი „ვაგნერის“ სიმბოლოებს ატარებს.

„რია ნოვოსტის“ წყარომ დასავლეთის სამხედრო ოლქში, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ გამოქვეყნებულ ვიდეოებში რუსეთის მობილიზებული ჯარისკაცები არიან, რომლებიც ბელგოროდის რაიონში იმყოფებიან. დასავლეთის სამხედრო ოლქის შტაბში განმარტავენ, რომ ეშელონი სპეცოპერაციის რაიონში არ გაგზავნილა.

„299-კაციანი ქვედანაყოფი გაემგზავრა მულინოს პოლიგონზე მდებარე სასწავლო ცენტრში, სადაც გაივლიან წვრთნას სამხედრო სპეციალობებში უნარების აღდგენისა და საბრძოლო კოორდინაციის ნაწილებში. საწვრთნელი ზონის მიმართულებით გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური კვების რაციონით, გუნდში შედის სამედიცინო პერსონალი“, — აცხადებს „რია ნოვოსტის“ წყარო.

თავად სამხედროები ქვედანაყოფში 400-დან 500-მდე მობილიზებულზე საუბრობენ.

მოგვიანებით ინტერნეტში ამავე სამხედროების მიერ ჩაწერილი კიდევ რამდენიმე ვიდეო გამოჩნდა. ერთ-ერთ მათგანზე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი თავს არტემ კოვრიჟნიხად წარადგენს. ის ამბობს, რომ მობილიზებულების 400-კაციანი ჯგუფი ცხოვრობს მიწურებში, რომლებიც თავად გათხარეს იმის გამო, რომ კარვები არ მისცეს.

„არსად მივდივართ. ჩვენ დახმარებას ველით თქვენგან, სახელმწიფოსგან, თუ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ”, — აღნიშნავს კოვრიჟნიხი.

„ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია“ რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო. პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც რეზერვში იმყოფება და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, იგეგმება 300 000 კაცის გაწვევა.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო, ქვეყნის საზღვრებს კი მასობრივად მიაწყდნენ მოქალაქეები, რომლებსაც მობილიზაციისთვის თავის არიდება სურთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი