საზოგადოება

გააკეთებს თუ არა საქართველოც განაცხადს ნატო-ში შესვლაზე — „ოცნების“ პასუხი

1 ოქტომბერი, 2022 • 1239
გააკეთებს თუ არა საქართველოც განაცხადს ნატო-ში შესვლაზე — „ოცნების“ პასუხი

უკრაინის განაცხადს ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე მოჰყვა კითხვა, საქართველოც აპირებს თუ არა, იგივე გააკეთოს.

თბილისის მერს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძეს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით. როცა იქნება მსჯელობა და გადაწყვეტილება, გეტყვით. არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ზოგადად მსოფლიოში ხდება, ძნელია განმარტებების გაკეთება“, — უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.

მმართველი პარტიის წევრებმა უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანებისადმი სკეპტიციზმი დაინახეს ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში და საკუთარ კომენტარებში სწორედ ამაზე აკეთებენ აქცენტს.

იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას და მხარს უჭერს უკრაინის უფლებას, გადაწყვიტოს, უსაფრთხოების რომელი არქიტექტურის ნაწილი იყოს; ამავდროულად, გადაწყვეტილება მიიღება 30 წევრის კონსენსუსის საფუძველზე და ალიანსი ფოკუსი ახლა უკრაინისთვის თავდაცვაში დახმარებაა.

„ის, რაც განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ვფიქრობ საკმარისია. იცით, რომ გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. ანუ ნატო-ს ყველა წევრის მიერ და მე მხოლოდ მივესალმები, თუ უკრაინა გაწევრიანდება ნატო-ში. რაც შეეხება საქართველოს, კონსტიტუციის გარდამავალ მუხლებში წერია ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მე არ მინახავს ნატო-ს რომელიმე მაღალ ოფიციალურ პირს ან რომელიმე სამხედროს ჩვენს მიმართ პრეტენზია გამოეხატოს ამ მიმართულებით“, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ.

დეპუტატ ირაკლი ზარქუას აზრით, საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზადაა, მაგრამ ალიანსი არ არის მზად ახალი წევრების მისაღებად.

„სხვა ქვეყნებს მცდელობებიც აქვთ დაჩქარებული ვარიანტით [მისაღებად], მე მესმის მათი, იმიტომ რომ უკრაინა დღეს ყველაზე დიდი განსაცდელშია. თუმცა პასუხიც გავიგეთ, რომ არ აპირებენ ამ ეტაპზე დაჩქარებული ვარიანტით განხილვას. ნატო-ს პოზიცია ასეთია მთელი ბოლო წლებია, რომ ნატოს კარი ღიაა და ამას ამბობენ, რისთვისაც ჩვენ ვემზადებით. როდესაც ისინი იქნებიან მზად, რომ დაიწყოს გაწევრიანების პროცესი, ჩვენ მზად ვართ — ხვალაც მზად ვართ, გუშინაც მზად ვიყავით“, — განუცხადა ზარქუამ ჟურნალისტებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო უნდა დააკვირდეს მოვლენების განვითარებას.

„ჩვენ, პირველ რიგში, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ [ევროკავშირის] კანდიდატის სტატუსი. ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად პირნათლად შესრულდება 12-ვე პუნქტი. რაც შეეხება ნატოს, უფრო რთულად არის ვითარება. ყველა აღიარებს, რომ საქართველო მზად არის ნატო-ში გაწევრიანებისთვის, უბრალოდ თვითონ ნატო-ში არ არის მომწიფებული კონსენსუსი ამ გადაწყვეტილების გარეშემო. იგივე ეხება უკრაინასაც. მართალია, უკრაინის მხრიდან ამ შემთხვევაშიც გაკეთდა განაცხადი, მაგრამ განსხვავებით ევროკავშირში ინტეგრაციისგან, აქ ბევრად უფრო სკეპტიკური იყო თავად ნატოს წარმომადგენელი ქვეყნების და ლიდერების პოზიცია. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია და ისედაც გაცხადებული გვაქვს ყველანაირად, რომ გვინდა ნატო-ს წევრობა, უფრო მეტიც, მზად ვართ ამისთვის. დანარჩენი ნატოს გადაწყვეტილების საგანია“, – განაცხადა კობახიძემ.

30 სექტემბერს უკრაინამ ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ განაცხადი გააკეთა. უკრაინის განაცხადს მხარი დაუჭირეს ბალტიის ქვეყნებმა და კანადამ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა გაწევრიანებისთვის აუცილებელი პროცესის გავლით.

„როიტერსი“: ომის დასაწყისში პუტინი არ დაკმაყოფილდა უკრაინის უარით ნატოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი