„ომის კვლევის ინსტიტუტი“ (ISW) იუწყება, რომ 29 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დიდი ალბათობით დაასრულეს ლიმანისთვის ალყის შემორტყმა და რუსულ არმიას ჩაუჭრეს სახმელეთო კომუნიკაციის კრიტიკული ხაზები.
ISW-ის ცნობით, „ცნობილმა რუსმა სამხედრო ანალიტიკოსმა“ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა გაარღვიეს რუსული არმიის თავდაცვის ხაზები სტავკის დასახლების გარშემო (ლიმანიდან 10კმ-ის დაშორებით) და ჩაჭრეს ტორსკე-დრობიშევეს გზა, რომელიც კრიტიკული იყო ლიმანის დასავლეთით გამაგრებული რუსული არმიის ელემენტების მომარაგებისა და გამოსვლისთვის.
რუსული წყაროების თანახმად, ვითარება „უკიდურესად მძიმეა“ BARS-13 ბატალიონისა [„რუსული ლეგიონი] და მე-20 არმიის 752-ე მოტომსროლელთა პოლკისათვის, რომლებიც, სხვადასხვა წყაროებით, ამაგრებენ დრობიშევესა და ლიმანს.
ინსტიტუტი ეყრდნობა ერთ-ერთ რუს სამხედრო ბლოგერს, რომლის თანახმადაც უკრაინელი ჯარისკაცები სამი მხრიდან უტევენ ლიმანს.
ორგანიზაციის თანახმად, არაერთი რუსი სამხედრო ბლოგერი ამბობს, რომ „ლიმანის დაცემა და უკრაინის ხელში გადასვლა გარდაუვალია, თუკი რუსულ არმიას დაუყოვნებლივ არ დაემატება ძალები“.
თუმცა, ISW-ის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დამატებითი, ახლად მობილიზებული ძალების განთავსება ლიმანში მნიშვნელოვნად გააძლეირებს რუსული დაჯგუფების თავდაცვისუნარიანობას და ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ხელს შეუშლის უკრაინას ლიმანის „ჯიბის“ გარღვევაში.
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების შეფასებითვე, რუსეთი არ რეაგირებს საკუთარი არმიის დანაკარგებზე ლიმანთან, რამაც შესაძლოა, კიდევ უფრო დააქვეითოს რუსი სამხედროების მორალური განწყობა.
ინსტიტუტის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლიმანის მარცხი, სავარაუდოდ, სერიოზულ შედეგებს მოიტანს რუსეთის დანაყოფებისთვის დონეცკის ჩრდილოეთით და ლუგანსკის დასავლეთით და შესაძლოა უკრაინელებს მისცეს საშუალება, დაემუქრონ რუსების პოზიციებს ლუგანსკის დასავლეთ საზღვრის გასწვრივ და სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის მონაკვეთზე.