საზოგადოება

სახალხო დამცველობის კანდიდატთა სია ცნობილია — ვინ არიან ისინი

30 სექტემბერი, 2022 •
სახალხო დამცველობის კანდიდატთა სია ცნობილია — ვინ არიან ისინი

სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველთა სია ცნობილია. საქართველოს პარლამენტის თანახმად, შესაბამისი განცხადება 19 ადამიანისგან მიიღეს. ესენი არიან:

1. ანა აბაშიძე – ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“(PHR) ხელმძღვანელი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში იურისტად და გაეროს ქალთა ორგანიზაციაში ექსპერტად გენდერული თანასწორობის საკითხებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში “Disability Rights International და “Amnesty International”.

ამჟამად, გარდა იმისა, რომ ხელმძღვანელობს PHR-ს, საქმიანობს სს “ლიბერთი ბანკის” საზედამხედველო საბჭოში მიწვეულ წევრად, სადაც ადამიანის უფლებათა სფეროში კერძო სექტორის ჩართულობაზე და შშმ პირებისთვის საფინანსო ორგანიზაციებში მომსახურების მისაწვდომობის გაზრდაზე ორიენტირდება.

2. მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი

სხვადასხვა დროს მუშაობდა კერძო კომპანიებში, კითხულობდა და კითხულობს ლექციებს ქართულ უნივერსიტეტებში სამართლის მიმართულებით. ასევე საქმიანობს “ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრში”(დამფუძნებელი/დირექტორი), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ეთიკის კომისიის წევრად და რამდენიმე ორგანიზაციაში, სხვადასხვა პოზიციაზე.

3. გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე

წარსულში საქმიანობდა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” სავარაუდო პოლიტიკური მოტივაციის საქმეების მონიტორინგის მიმართულებით და “ღია საზოგადოების ფონდში” ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერად. ამასთან, მიწვეული ლექტორია თავისუფალ უნივერსიტეტში. ბურჯანაძე 2018 წელს გახდა სახალხო დამცველის მოადგილე, თუმცა მანამდე, 2010-2012 წლებში, ამავე ინსტიტუტში მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარ სპეცისლისტად მუშაობდა.

4. ლელა გაფრინდაშვილი – ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი

ხსენებულ ორგანიზაციას გაფრინდაშვილი 1997 წლიდან ხელმძღვანელობს. 2001-2008 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტზე საქმიანობდა, 2009 წლიდან კი – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

სხვადასხვა დროს საქმიანობდა ქალთა საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციაში, 2014-2016 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო, 2017 წლიდან კი საქმიანობს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის(IDFI) სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.

5. სოფიო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

წარსულში მუშაობდა სამგორის რაიონის გამგეობაში, მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2016 წლიდან საქმიანობს. ამავე დროს, არის “დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.

6. თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი

2008-2010 წლებში განათლების სამინისტროში მუშაობდა იურისტად, შემდგომ — გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატის თანაშემწედ და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

GIPA-ს გარდა, საქმიანობს საქართველოში მოქმედ სხვა რამდენიმე უნივერსიტეტში. ასევე არის კომპანიის “თინათინ ერქვანია და პარტნიორები” და ა(ა)იპ “კონსტიტუციური მმართველობის ცენტრი — საქართველოს” დამფუძნებელი და დირექტორი.

7. ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი

თავაძე მედიცინის დოქტორია, რომელიც სხვადასხვა დროს ულტრასონოგრაფიის სასწავლო-კვლევით ცენტრში, ღეროვანი უჯრედების ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობდა. საქმიანობდა საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნულ საბჭოში და UNDP/UNFPA-ს(გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს მოსახლეობის ფონდი) საქართველოს წარმომადგენლობაშიც.

8. ალექსანდრე კობაიძე  – ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე

წარსულში საქმიანობდა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში იურისტად, ასევე, მოძრაობაში “სოლიდარობა”(დამფუძნებელი) და ორგანიზაციაში “დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია”(თავმჯდომარე).

9. ლევან კოკორაშვილი  – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე

CV-ს მიხედვით, ხსენებული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ, კოკორაშვილმა “ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის განხორციელება დაიწყო საორდერო წარმოებით საქართველოს მასშტაბით ყველა სასამართლო ინსტანციაში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის მიმართულებით.

10. ნუგზარ კოხრეიძე – ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე.

წარსულში საქმიანობდა “მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში”. CV-ს მიხედვით, “2010 წლიდან მონაწილეობს და ფასილიტირებას უწევს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატებს ახალგაზრდებს შორის”.

11. გიორგი მარიამიძე – ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი

გასულ წლებში საქმიანობდა სხვადასხვა კომპანიაში იურისტად, ასევე, ლექციებს კითხულობდა საქართველოში მოქმედ რამდენიმე უნივერსიტეტში. გამოცემული აქვს წიგნები სამართლის თემატიკაზე.

12. სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი

სხვადასხვა დროს იყო “საქართველოს ანტიკორუფციული ცენტრის” იურისტი, ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი, ასევე, გარემოს დაცვის ინსპექციის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის იურისტი, ისევე როგორც “თელასის” შრომის დავების იურისტი.

13. მაკა  მინდიაშვილი  ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი

პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილში მინდიაშვილს ძირითადად თავისი პოლიტიკური აქტივობები აქვს მიმოხილული. CV-ს მიხედვით, წლების მანძილზე იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მისი ორგანიზაცია “ხალხის ხმა” კი, როგორც წერს, “მშრომელი ხალხის უფლებებისთვის” იბრძვის.

14. ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

90-იან წლებსა და 2 000-იანების დასაწყისში მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, შემდგომ — თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაში(გამომძიებელი), 2012-2021 წლებში კი — მცხეთის რაიონულ პროკურატურაში(პროკურორი).

15. ნიკოლოზ ნიკოლაძე  – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი

2002-2010 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობდა სხვადასხვა პოზიციაზე, შემდგომ — საქართველოს გენერალურ საკონსულოში საბერძნეთის ქალაქ სალონიკში(ვიცე-კონსული) და საქართველოს საელჩოში ათენში(ვიცე-კონსული). 2013-2022 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში.

16. ქეთევან ჩაჩავა – ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი

CV-ში აღნიშნავს, რომ აქვს სამოქალაქო სექტორში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება, არის სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი. საქმიანობდა “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრში(CDD)”, ევროპის საბჭოში(COE)”, “საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” და სხვა ორგანიზაციებში.

17. გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი

წარსულში იყო ააიპ “სამართლის ახალგაზრდული ასოციაციის” თავმჯდომარე, ასევე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ კომისიის მუდმივმოქმედი წევრი და “საქართველო სახელმწიფო ელექტროსისტემის” იურისტი. იურიდიულ საქმიანობას ახლაც განაგრძობს. ასევე არის მიწვეული სპეციალისტი ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.

18. იაგო ხვიჩია  – საქართველოს პარლამენტის წევრი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატია პარტიიდან “გირჩი”. ასევე საქმიანობს საპროკურორო საბჭოში. 2013-2018 წლებში თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში საქმიანობდა, მანამდე — საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის, იურიდიული სამსახურის უფროსად, 2005-2007 წლებში კი — თბილისის მერიაში.

19. ნაზი ჯანეზაშვილი  – ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი

წლების განმავლობაში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. მანამდე საქმიანობდა “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში”, ასევე იყო “ასოციაცია — საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” აღმასრულებელი დირექტორი და ორგანიზაციის “ციხის საერთაშორისო რეფორმა” სამხრეთ კავკასიის ოფისის პროექტების კოორდინატორი. ჯანეზაშვილი წლების მანძილზე საქმიანობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”(ამჯერად “უფლებები საქართველო”).


მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. თუმცა, დღეს პარლამენტში 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა. თუმცა, მოქმედი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას მიმართ კრიტიკულად განწყობილმა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ახალი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატს არ დაასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი