საზოგადოება

სანქციებისთვის საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების განხილვას ვიწყებთ — მაკფოლი

6 ივლისი, 2022 • 1828
სანქციებისთვის საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების განხილვას ვიწყებთ — მაკფოლი

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან არსებული რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკ მაკფოლი აცხადებს, რომ ემაკი-მაკფოლის ჯგუფი იწყებს მსჯელობას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნების, კერძოდ, საქართველოს და ბელარუსის წარმომადგენლებისთვის.

ამის შესახებ მაკფოლმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მაიკ მაკფოლი არ ასახელებს კონკრეტულ პირებს, თუ ვისი სანქცირება შეიძლება განიხილონ.

„ჯგუფი, რომელსაც მე კოორდინაციას ვუწევ, საერთაშორისო, დამოუკიდებელი და უპარტიოა. ჩვენ გვყავს ამერიკელები, უკრაინელები, ევროპელები და რუსებიც კი, რომლებიც მონაწილეობენ ამ ჯგუფში. მაგრამ ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ უკრაინის, ბრიტანეთის, ამერიკის მთავრობებთან, რათა შევიმუშაოთ ახალი იდეები, რა შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ მათ ვეხმარებით საკითხების გადაჭრაში, ჩვენ ვაძლევთ მათ რჩევას და არა — პირიქით. რაც შეეხება სახელებს, პიროვნებებს, ჩვენ ვადგენთ სანქცირებელი პიროვნებების სიებს. სამუშაო დოკუმენტი #3 ადგენს კრიტერიუმებს, როგორ გავაფართოოთ სანქცირებული პიროვნებების სია, რომელიც ათასებს აღწევს რუსეთის შიგნით. ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების სანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და, მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“, — განაცხადა მაკფოლმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპრეზიდენტო ოფისთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შესახებ 29 მარტს გამოაცხადა. აღნიშნული ჯგუფი აანალიზებს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული სანქციების გავლენას. უკრაინის მხრიდან ჯგუფს ხელმძღვანელობს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, ხოლო საერთაშორისო მხრიდან – რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი