საზოგადოება

მელია: მე და სააკაშვილი თანამებრძოლები ვართ, მაგრამ მეგობრები – არა

6 სექტემბერი, 2022 • 1388
მელია: მე და სააკაშვილი თანამებრძოლები ვართ, მაგრამ მეგობრები – არა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ტელეკომპანია „პირველთან“ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. ნიკა მელიას თქმით ის და მიხეილ სააკაშვილი თანამებრძოლები არიან და არა მეგობრები, თუმცა ის, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ – ეს ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის სურვილია:

„მე და მიხეილ სააკაშვილი ვართ თანამებრძოლები, მე ვარ იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც დააფუძნა მიხეილ სააკაშვილმა… მიხეილ სააკაშვილი არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე. ამას ისტორია შეაფასებს, მაგრამ მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები არ ვართ, ძმაკაცები არ ვართ და ალბათ ვერც ვერასოდეს ვიქნებით. ამას დრო სჭირდება, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი უნდა გაიარო, რასაც მეგობარი ჰქვია. მეგობარი არ შეიძლება ბევრი გყავდეს.

მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანთ… კი, ძალიან ბევრი გვიკამათია, კიდევ ბევრს ვიკამათებთ. იმაზე ცხარედ ვიდრე გგონიათ, მაგრამ იმაზე დიდი შეურაცხყოფა ჩემთვის არაფერი შეიძლება იყოს როდესაც ასეთი კითხვა ტივტივდება ხელოვნურად იმ ადამიანთან მიმართებით, რომელიც დღეს ტყვეობაშია. ბევრად უფრო ახლოს ვარ ნიკა გვარამიასთან, მიმაჩნია, რომ ის არის ჩემი მეგობარი, მასთანაც ბევრი მიკამათია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი სხვა მასშტაბია ერთი, ვერ ვიტანთ ერთმანეთს ეს კობახიძის და ივანიშვილის სურვილია“ – აცხადებს ნიკა მელია.

მელიას თქმით, ბოლო პერიოდში სააკაშვილთან ხშირი კონტაქტი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ აქვს, თუმცა კომუნიკაციას საერთო მეგობრების წყალობით ინარჩუნებს, რომლებიც საავადმყოფოში მის მოსანახულებლად შედიან:

„მიხარია რომ მიხეილ სააკაშვილს, თუკი რამე შეიძლება გასახარი გქონდეს მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე როცა ვსაუბრობთ, აქვს ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა, თუ ეს რაიმე სახით შეიძლება იყოს შვება. ქალბატონი გიული შედის ყოველდღიურად მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია. მე მაქვს სხვადასხვა ადამიანის მეშვეობით მასთან კომუნიკაცია. ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან ხშირი კომუნიკაცია ნამდვილად არ მაქვს. ალბათ თვეზე მეტია ბოლო წერილობითი კომუნიკაციიდან. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ შუამავლის მეშვეობით, როცა საერთო მეგობრები შედიან, არაწერილობითი კომუნიკაცია გვაქვს,“ – აცხადებს ნიკა მელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი