საზოგადოება

მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეკომენდაციების რეალურად შესრულებისთვის საჭირო ყველა ინიციატივას – ოპოზიცია

5 სექტემბერი, 2022 • 858
მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეკომენდაციების რეალურად შესრულებისთვის საჭირო ყველა ინიციატივას – ოპოზიცია

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი დეპუტატების  ნაწილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება, კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ ევროკავშირის წევრობა საქართველოს ისტორიული შანსი და მთავრი ამოცანაა.

როგორც ოპოზიცია აცხადებს, „ქართულა ოცნებამ“ თავიდანვე, რეკომენდაციების მიღებისთანავე დააყენა 3 კონკრეტული დათქმა, რომელიც  ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება. მათი თქმით, ეს დათქმებია:

  1. დეოლიგარქიზაცია არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს და უფრო მეტიც, ოლიგარქები არიან ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და კრიტიკული მედიის დამფუძნებლები.
  2. „ქართული ოცნება“ არ აღიარებს სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას და პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებას, ხოლო სასამართლოსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებას პროცედურული საკითხების ფორმალური გადაწყვეტით ცდილობს.
  3. „ქართულმა ოცნებამ“ წინსწრებით უარი თქვა შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული და უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესრულებაზე, ხოლო დეპოლარიზაციად მიაჩნია ოპოზიციური სპექტრის და კრიტიკული მედიის გაჩუმება, მათ შორის, ხელისუფლების ანტიდასავლურ გზავნილებზე.

ოპოზიციის განცხადებით, ამის პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული ჰიბრიდული ომის ხერხის გამოყენებით წამოიწყო საინფორმაციო შეტევა პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ელჩებზე, აშშ და ევროკავშირის ინსტიტუტებზე „იმ საბაბით, რომ თითქოს ყველა ზემოაღნიშნულს სურდა საქართველოში ომის დაწყება და მეორე ფრონტის გახსნა“.

„უფრო მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი მოსახლეობისთვის იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება დაკავშირებულია ომში ჩართვასთან და არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან.

გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ უხეშად შეზღუდა დასავლეთიდან დაფინანსებული ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების (სამართლიანი არჩევნები-ISFED) მონაწილეობა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სამუშაო პროცესში, რასაც მოჰყვა სხვა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი“, – ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.

როგორც ოპოზიცია აცხადებს, მიუხედავად „ქართული ოცნების“ პოზიციისა, რეკომენდაციების მიღებისთანავე მათი მოთხოვნისა, რომ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია მოწვეულიყო და მმართველ პარტიასთან ერთად შევთანხმებულიყვნენ საერთო სამოქმედო გეგმაზე, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და დემონსტრაციულად ჩაკეტა სასესიო დარბაზის კარებები.

„ამის შემდეგ, ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს მოგვიწია ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად სამუშაო პროცესის დაწყება საჭირო ინიციატივების მოსამზადებლად. პროცესი წარიმართა ინკლუზიურად, არასამთავრობო სექტორის ფართე ჩართულობით, განსხვავებით ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ფაქტიურად ერთპარტიული, არაგამჭვირვალე და არაინკლუზიური პროცესისგან.

ზაფხულის განმავლობაში, არასამთავრობო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ მოვამზადეთ ევროპული რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო სათანადო გადაწყვეტები და საკანონმდებლო ინიციატივები თორმეტივე მიმართულებით. ჩვენს მიერ მომზადებული ინიციატივების დიდი ნაწილი თანხვედრაშია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და შეესაბამება ევროკომისიის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და დასკვნებს“, – ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.

მათი თქმით, წინა კვირაში მოხდა შემუშავებული ხედვების და ინიციატივების გაცნობა სამოქალაქო სექტორისთვის და მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ფინალური შეხვედრები დეოლიგარქიზაციის, სასამართლო, საარჩევნო და მედია საკითხების მიმართულებით.

როგორც ოპოზიცია აღნიშნავს, მომდევნო კვირაში, საბოლოო შეჯერების შემდეგ, მოხდება დოკუმენტის გასაჯაროება და შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება საქართველოს პარლამენტში სექტემბრის ბოლომდე.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, რისთვისაც მზად ვართ ავიღოთ პასუხიმგებლობა ჩვენს მიერ წარდგენილ ინიციატივებზე და მხარი დავუჭიროთ ევროკომისიის რეკომენდაციების რეალურად შესრულებისთვის საჭირო ყველა ინიციატივას“, – ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“,  რესპუბლიკური პარტია, დამოუკიდებელი დეპუტატები –  თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, ნატო ჩხეიძე,


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოსთვის კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

ამ რეკომენდაციის საფუძველზე, 2022 წლის 24 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო,  უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭია კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – ევროპული პერსპექტივა; ამასთან, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს, მას შემდეგ, რაც შეასრულებს ევროკომისიის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს, ასევე მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის შესრულების ვადად თავდაპირველად 2022 წლის დეკემბერი დაასახელა – მიუთითა, რომ ევროკომისია „მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების განხორციელების პროცესში და გააკეთებს მოხსენებას 2022 წლის ბოლოსთვის“.თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბრიუსელში საქართველოსთვის განსაზღვრული 12 კრიტერიუმის შესრულებაზე ანგარიშს 2023 წლის ოქტომბრისთვის მოამზადებენ.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად საჭირო 12-პუნქტიანი პირობების შესასრულებლად „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში სამუშაო ჯგუფები შექმნა. აღნიშნულ ჯგუფებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის: ენმ, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი. ოპოზიციის ეს ნაწილი ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლადა საკანონმდებლო ინიციატივებზე „ოცნების“ მიერ შექმნილი ჯგუფების პარალელურად მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი