საზოგადოება

მნიშვნელოვანია ომბუდსმენის შერჩევაში ყველა მხარე მონაწილეობდეს – დეგნანი

31 აგვისტო, 2022 • 767
მნიშვნელოვანია ომბუდსმენის შერჩევაში ყველა მხარე მონაწილეობდეს – დეგნანი

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა იყოს გამჭვირვალე და ინკლუზიური და მასში მონაწილეობდეს „ყველა მხარე“.

„უაღრესად მნიშვნელოვანია [სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა]. ეს არის შესაძლებლობა, რომ პარლამენტმა და საქართველომ ამ პროცესში უზრუნველყოს სრული ინკლუზიურობა და ქართული საზოგადოების მაქსიმალური ჩართვა.

წინა პროცესი, რომლითაც ხდებოდა საქართველოში სახალხო დამცვლეის შერჩევა, მაღალ შეფასებას იმსახურებდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდა.

ეს პროცესი ითვლებოდა ინკლუზიურად, რომელშიც მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

თუ საქართველოს აქვს სურვილი, რომ უზრუნველყოს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარება, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საუბარია ადამინის უფლებების დაცვაზე და გადამწყვეტია, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური და მასში ჩართული იყოს ყველა მხარე“, – განაცხადა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. პარლამენტმა ლომჯარიას შემცვლელი  სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

ამასთან, სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილ იმ 12- პუნქტიან პირობაში, რომელიც წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა შესასრულებელი.

ევროკომისიის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ახალი სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს უნდა მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი