საზოგადოება

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

24 აგვისტო, 2022 • 1550
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 31 წლის წინ, ამ დღეს, უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო, რასაც სამი თვის შემდეგ რეფერენდუმიც მოჰყვა.

უკრაინის დამოუკიდებლობის შესახებ გამართულ რეფერენდუმში მოსახლეობის აქტივობა 84%-ს შეადგენდა, დამოუკიდებლობას კი მხარი რეფერენდუმზე მისულთა 98%-მა დაუჭირა. ამავე დღეს ქვეყნის პირველ პრეზიდენტად უკრაინელმა ხალხმა ლეონიდ კრავჩუკი აირჩია.

თუმცა, როგორც Washington Post წერს, 1991 წლის მოვლენები იმ ბრძოლის დაგვირგვინება იყო, რომელსაც უკრაინელი ხალხი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აწარმოებდა. დამოუკიდებლობის დეკლარაციას უკრაინელებმა ხელი პირველად I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1918 წლის 22 იანვრას მოაწერეს.

დამოუკიდებლობის მხარდამჭერი მანიფესტაცია უკრაინაში 1991 წელს. მოქალაქეები ცაში სამ თითს აღმართავდნენ, რომელიც უკრაინის გერბზე გამოსახული სამკაპის სიმბოლო იყო.

შედეგად, უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა, როგორც საქართველოს შემთხვევაში, არც უკრაინის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობამ გასტანა დიდხანს და მიუხედავად წინააღმდეგობისა, 1922 წელს უკრაინის გასაბჭოებით დასრულდა.

წელს უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქვეყანაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე უწევს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელები დამოუკიდებლობის დღეს თხრილებში და მიწისქვეშა თავშესაფრებში, ტანკებში და ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებში ატარებენ. რუსეთის აგრესიის შედეგად არაერთი უკრაინული ქალაქი მიწასთან არის გასწორებული, დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა დღეს თბილისშიცაა დაგეგმილი. მოქალაქეები 19:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი