აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმაურება ISFED-ის დაბლოკვას პარლამენტის სამუშაო ჯგუფში და აცხადებს, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას.
“„სამართლიანი არჩევნების” (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად საქართველომ უნდა „უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე“. სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების წარსადგენად პარტნიორმა ორგანიზაციებმა ISFED შეარჩიეს მისი კომპეტენციის, პროფესიონალიზმისა და საარჩევნო რეფორმებში ხანგრძლივი გამოცდილების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რიგ საკითხებზე ხალხის ხმას წარმოადგენს და სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეთა საჭიროებების, პრიორიტეტებისა და არჩევანის უზრუნველსაყოფად. ISFED-ის არდაშვება პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს’, – ნათქვამია აშშ-ის განცხადებაში.
18 აგვისტოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ეს ერთ-ერთია იმ სამუშაო ჯგუფთა შორის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით პარლამენტში შექმნა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მოწოდება არის პროცესის ინკლუზიურობა და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში არ დაუშვეს საარჩევნო საკითხებზე მუშაობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“(ISFED).
ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება “მაგიდის აყირავებას” ცდილობს და მისი მიზანია სამუშაო ჯგუფი სხვებმაც დატოვონ. მმართველი გუნდის განცხადებით კი, ISFED ნეიტრალურობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.