საზოგადოება

მუხიანში, ადგილზე, სადაც სარეკრეაციო სივრცეს ითხოვდნენ, კორპუსების მშენებლობაზე ნებართვა გაიცა

19 აგვისტო, 2022 • 1681
მუხიანში, ადგილზე, სადაც სარეკრეაციო სივრცეს ითხოვდნენ, კორპუსების მშენებლობაზე ნებართვა გაიცა

მუხიანში, ალეკო გობრონიძის ქუჩაზე, რომელსაც წლებია მოსახლეობა იყენებს რეკრეაციისა და სპორტისთვის, კორპუსების მშენებლობის ნებართვა გაიცა.

ადგილისთვის, რომელზეც ახლა კორპუსები უნდა აშენდეს, მოსახლეობა დიდი ხანია იბრძვის. სამეზობლოს განცხადებით, ეს არის რეკრეაციული, სოციალური თუ სპორტული თავყრილობის ერთ-ერთი მთავარი წერტილი მუხიანში.

მოსახლეობის ხმამაღალი პროტესტის შემდეგ, პროექტს გამოეხმაურა გლდანის მაჟორიტარი, კონსტანტინე ზარნაძე. მან განაცხადა, რომ ტერიტორიები წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა და, შესაბამისად, ის არ მიიღებს კრიტიკას.

“ამ ყველაფრის შემდეგ, მე და დედაქალაქის დღევანდელი ხელმძღვანელობა საყვედურს ნამდვილად ვერ მივიღებთ. რა ვქნათ, წავართვათ მესაკუთრეს ?!

ბოდიში, მაგრამ როდესაც ყიდდნენ და როდესაც ნებართვას გასცემდნენ, მაშინ უნდა ამოგვეღო ხმა, მაგრამ მესმის, მაშინ ძალიან საშიში იყო ხმის ამოღება. დღევანდელი მოცემულობა ასეთია, ქალაქს გამოსყიდვის საშუალება მაშტაბიდან გამომდინარე არ აქვს, ფიზიკურად არ აქვს“, – წერს ზარნაძე.

კიდევ ერთ გამოხმაურებაში ზარნაძე აცხადებს, რომ კომპანიასთან საუბრის შემდეგ პროექტში შევიდა ცვლილებები და ერთის ნაცვლად სამი სპორტული მოედანი მოეწყობა. მისი თქმით, ასევე მოეწყობა 25-მეტრიანი საცურაო კომპლექსიც.

ამ ინფორმაციას ადასტურებენ მერიაში. ნეტგაზეთს წერილობით კომენტარში უწყებამ უთხრა, რომ პროექტის ბოლო კორექტირებით, 2019 წელს, აქ განაშენიანების ინტენსივობა შემცირდა. ამასთანავე:

„კორექტირების შესაბამისად, საზოგადოებრივი, საცხოვრებელი და სარეკრეაციო სივრცეების დაბალანსების მიზნით, ფუნქციურ ზონირებად დაემატა სარეკრეაციო ზონა 2, რომელიც წარმოადგენს 2380 კვ.მ-ს, სადაც მოეწყობა სამი სპორტული მოედანი, რომელიც დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტს გადაეცემა საკუთრებაში. ასევე, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზის კომპლექსი“.

თუმცა ე.წ. რენდერებში ჩანს, რომ სტადიონები, რომელზეც მერია და მაჟორიტარი მიუთითებს, მრავალსართულიანი კომპლექსის შიგნითაა. ზარნაძის ფეისბუკ პოსტის კომენტარებში ადამიანები წერენ, რომ საცხოვრებელი კორპუსის ეზო და სარეკრეაციო ზონა მუხიანისთვის ერთი და იგივე არაა.

შესწორებული პროექტი გამოიყურება ასე:

ფოტომონტაჟი, რომელიც მუხიანში დაგეგმილ მშენებლობას აჩვენებს. წყარო: კონსტანტინე ზარნაძე

ასე კი გამოიყურება ტერიტორია, სადაც კორპუსები უნდა აშენდეს:

სარეკრეაციო სივრცე მუხიანში, ალეკო გობრონიძის 22-ში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მუხიანში მშენებლობასა და მოსახლეობის პროტესტზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი