საზოგადოება

“ვერ ვხედავ სიმართლეს” — რუსმა ჯარისკაცმა დღიური გამოაქვეყნა და ქვეყანა დატოვა

19 აგვისტო, 2022 •
“ვერ ვხედავ სიმართლეს” — რუსმა ჯარისკაცმა დღიური გამოაქვეყნა და ქვეყანა დატოვა

რუსმა ჯარისკაცმა, მედესანტემ, რომელიც უკრაინის ქალაქ ხერსონის ოკუპაციაში მონაწილე სამხედრო ნაწილში ერთიანდებოდა, საჯაროდ გამოქვეყნებულ დღიურში ომი მწვავედ გააკრიტიკა, შემდეგ კი სამშობლო დატოვა.

პაველ ფილატიევი, რომელიც მანამდე ყირიმში დისლოცირებული 56-ე გვარდიის საჰაერო თავდასხმის პოლკში მსახურობდა, ამჟამად ემიგრაციაშია და რთულია იმის თქმა, როდის შეძლებს რუსეთში დაბრუნებას. თუმცა, სანამ წავიდოდა, ჯერ კიდევ სამშობლოში მყოფმა, გამოაქვეყნა 141-გვერდიანი დღიური, რომელშიც აღწერს უკრაინის წინააღმდეგ ომში თავისი ყოფნის დღეებს.

ფილატიევის ჩანაწერებში მოთხრობილია, როგორ გაგზავნეს მისი ქვედანაყოფი ყირიმიდან კონტინენტურ უკრაინაში, რომელმაც შემდგომ ხერსონი დაიკავა, ქალაქის პორტის ჩათვლით. ჯარისკაცი ასევე ჰყვება თითქმის 1-თვიან პერიოდზე, როცა ცუდად აღჭურვილი ქვედანაყოფი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იყო ქალაქ მიკოლაივის მახლობლად.

დასასრულს ვიგებთ, რომ დაჭრილი ფილატიევი ევაკუირებული იქნა ფრონტიდან, თვალის ინფექციით.

“მე ვერ ვხედავ სამართლიანობას ამ ომში. ვერ ვხედავ სიმართლეს”, — უთხრა მან ბრიტანულ “გარდიანს” რუსეთის დატოვებამდე, მოსკოვის ერთ-ერთ კაფეში ჩაწერილი ინტერვიუს დროს.

“არ მეშინია ომში მონაწილეობის. მაგრამ უნდა მქონდეს სამართლიანობის განცდა, უნდა ვხვდებოდე, რომ რასაც ვაკეთებ, სწორია. და მჯერა, რომ ეს ყველაფერი ფლავდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ ყველაფერი მოიპარა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ, რუსები, ვერ ვგრძნობთ იმის სისწორეს, რასაც ვაკეთებთ”.

პაველ ფილატიევი

ფილატიევის დღიურის სახელწოდებაა “ZOV” — ერთობლიობა სიმბოლოებისა, რომელთაც რუსეთი უკრაინაში იყენებს მის მიერ წარმოებული ომის პროპაგანდისთვის.

“უბრალოდ ვეღარ ვიქნები ჩუმად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ალბათ, ბევრს ვერაფერს შევცვლი და შესაძლოა, სულელურადაც მოვიქეცი, ამხელა ხათაბალაში რომ გავყავი თავი”, — ეუბნება იგი “გარდიანს”.

პაველ ფილატიევის დღიურში, რომელიც 2 კვირის წინ გამოაქვეყნა რუსულ სოციალურ ქსელში “ვკონტაქტე”, აწ უკვე ყოფილი ჯარისკაცი არ მოგვითხრობს მხოლოდ თავის პერსონალურ დამოკიდებულებაზე ომის მიმართ. ის აღწერს რუსეთის არმიის შეიარაღების სისუსტეებს და დეტალურად ჰყვება, როგორი იყო რუსი ჯარისკაცების რეაქცია ღირებული ნივთებისა თუ საკვების დანახვისას.

“გინახავთ ბარბაროსების მიერ რომის გაძარცვის ნახატები? ეს საუკეთესო გზაა იმის აღსაწერად, რაც ჩემ ირგვლივ ხდებოდა. ყველა დაქანცული და ველური ჩანდა. ყველამ დავიწყეთ შენობების დათვალიერება საკვების, წყლის, შხაპის და ღამის გასათევი ადგილის მოსაძებნად;

ზოგიერთმა კომპიუტერებისა და ძვირფას ნივთების დატაცებას მიჰყო ხელი. გამონაკლისი არც მე ვიყავი: დამტვრეულ სატვირთო მანქანაში ქუდი ვიპოვე და ავიღე. ჩემს ნიღაბში მციოდა. მეზიზღებოდა მთელი ეს ძარცვა, მიუხედავად ჩემი ველური მდგომარეობისა”, — აღნიშნავს ის.

ქალაქი ხერსონი რუსეთის ძალების მიერ მარტის დასაწყისიდან არის ოკუპირებული

ფილატიევის სიტყვებით, ჯარისკაცები მხოლოდ თავის გადარჩენას ცდილობდნენ:

“მხეცებივით ყველაფერი ვჭამეთ: შვრია, ფაფა, ჯემი, თაფლი, ყავა… ყველაფერი ფეხებზე გვეკიდა, უკვე ზღვარზე ვიყავით მიყვანილნი. უმეტესობამ 1 თვე მინდორზე გაატარა, შხაპისა თუ ნორმალური საკვების გარეშე”.

ფილატიევის მონაყოლის თანახმად, პორტში შესული ჯარისკაცები ჩქარობდნენ, რათა დასაძინებელი ადგილი ეპოვათ, საშხაპის რიგში მდგომი ზოგიერთი ჯარისკაცი კი ერთმანეთს ეჩხუბებოდა.

“[სარდლობამ] ადამიანები აბსოლუტურ ველურებად აქცია, უგულებელყოფდნენ იმ ფაქტს, რომ მათ ძილი, ჭამა და შხაპი სჭირდებოდათ”, — აღნიშნავს დღიურის ავტორი. თავისი კოლეგის მიერ კომპიუტერის მოპარვაზე საუბრისას ფილატიევი დასძენს:

“…შეიძლება, ეს ველურად ჟღერდეს უცხოელი მკითხველისთვის. მაგრამ [ჯარისკაცმა] იცის, რომ [კომპიუტერი] მის ერთ ხელფასზე მეტი ღირს. აცნობიერებს, რომ შესაძლოა, ხვალ ცოცხალი აღარ იყოს. ასე რომ, უბრალოდ იღებს.

არ ვცდილობ გავამართლო, რასაც ის აკეთებს. მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მოვყვეთ, რატომ აკეთებენ ადამიანები ამას, რათა მივხვდეთ, როგორ შევაჩეროთ ისინი”.

ყოფილი ჯარისკაცი რუსეთის არმიის “დეგრადაციაზე” საუბრობს და ახსენებს ვადაგასული მოწყობილობებისა და მანქანების გამოყენების ფაქტს, რამაც, ფილატიევის თქმით, უკრაინელთა კონტრშეტევის ფონზე რუსი ჯარისკაცების დაუცველობა განაპირობა. ჰყვება, რომ ომამდე დაჟანგული იარაღი მისცეს, გაწყვეტილი სამაგრით.

“იდეალური სამიზნე ვიყავით”, – წერს იგი ხერსონისკენ მიმავალი გზის აღწერისას, რომელზეც, დღიურის თანახმად, მოძველებული და იარაღით აღუჭურველი “UAZ” სატვირთო მანქანებით გადაადგილდებოდნენ.

”გაურკვეველი იყო, რაში მდგომარეობდა გეგმა – როგორც ყოველთვის, არავინ არაფერი იცოდა”.

რუსეთის მიერ ხერსონის ოკუპაციის შემდეგ მოქალაქეები პერმანენტულად მართავდნენ დემონსტრაციებს აგრესორთა წინააღმდეგ

ფილატიევს თვალის ინფექცია მიკოლიევთან, ჭურვის ნამსხვრევის მოხვედრის შემდეგ განუვითარდა. რუსმა ჯარისკაცებმა იქ დაახლოებით 1 თვე გაატარეს თხრილებში, უკრაინელთა საარტილერიო ცეცხლის ქვეშ.

ფილატიევის თანახმად, სასოწარკვეთილი რუსი ჯარისკაცები ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობებს განგებ იყენებდნენ იმისათვის, რომ ფრონტი დაეტოვებინათ.

“ჯარში ადამიანთა უმეტესობა უკმაყოფილოა იმით, რაც იქ ხდება, ისინი უკმაყოფილონი არიან მთავრობით და მათი მეთაურებით, უკმაყოფილონი არიან პუტინით და მისი პოლიტიკით, უკმაყოფილონი არიან თავდაცვის მინისტრით, რომელსაც არასდროს უმსახურია ჯარში”, — ციტირებს “გარდიანი” ფილატიევს.

ყოფილი ჯარისკაცის თქმით, დღიურის გამოქვეყნების შემდეგ ქვედანაყოფმა მასთან კავშირი გაწყვიტა, თუმცა სჯერა, რომ თანამებრძოლთა 20%-მა მაინც დაუჭირა მხარი მის პროტესტს. როგორც ამბობს, სხვები პირად საუბრებში ჩიოდნენ ჯარისკაცებისადმი უდიერ მოპყრობაზე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, ან ეუბნებოდნენ, რომ პატივისცემას გრძნობენ სამშობლოს დაცვისათვის მებრძოლი უკრაინელებისადმი.

ყოყმანისა და დაპატიმრების შიშის ფონზე, რუსეთის დატოვებამდე, ფილატიევი 2 კვირის განმავლობაში ყოველ ღამეს სხვადასხვა სასტუმროში ათევდა. ჯერ კიდევ რუსეთში ყოფნისას, ფილატიევი “გარდიანს” ეუბნებოდა, რომ ვერ ხვდებოდა, რატომ იყო ჯერ კიდევ თავისუფალი. მანამდე ყური მოკრა ინფორმაციას, რომ ქვედანაყოფი, რომელშიც მანამდე ერთიანდებოდა, აპირებდა, დეზერტირობა დაებრალებინა მისთვის, რაც ხანგრძლივ პატიმრობას ნიშნავდა. და მაინც, არაფერი მომხდარა.

რუსეთის ხელისუფლებამ ხისტად უპასუხა ომის საწინააღმდეგო პროტესტს ქვეყანაში. OVD Info-ს თანახმად, “ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის” 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 16 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ფოტო: EPA

აცნობიერებდა რა დაპატიმრების რისკს, პაველ ფილატიევი თავდაპირველად გეგმავდა, თავად ჩაჰბარებოდა პოლიციას.

“თუ ჩემს ქვეყანაშიც არავის ვუნდივარ, სხვაგან ვის ვჭირდები?” — დასძენდა იგი.

თუმცა აქტივისტმა ვლადიმირ ოსეჩკინმა, რომელიც უფლებადამცველ ორგანიზაციაში “Gulagu.net” საქმიანობს, დაარწმუნა, რომ რუსეთიდან წასულიყო. სწორედ ის დაეხმარა ჯარისკაცს ქვეყნიდან გასვლაში. ოსეჩკინმა “ტელეგრამზე” დაწერა, რომ ფილატიევმა ქვეყანა “დაპატიმრებამდე” დატოვა. ჯერაც უცნობია, აღძრულია თუ არა ყოფილი ჯარისკაცის წინააღმდეგ საქმე რაიმე მუხლით.

ფილატიევმა მედიასთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ყოველივე ამას დაასრულებს ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო მოძრაობის მსგავსი სახალხო პროტესტი. მაგრამ ამ დროისთვის, მისი თქმით, ეს შორეულ პერსპექტივად ჩანს.

“მე ვიბრძოდი უკრაინაში და თუ არ მაქვს უფლება, ვთქვა “არა ომს”, რატომ აქვს ვინმე სხვას უფლება, რომ დაიწყოს ომი? ჩვენს არმიას უკან ვერ დავაბრუნებ, მაგრამ შემიძლია, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და აზრები ამ ომში მონაწილეობაზე; მოვუწოდო თანამოქალაქეებს, იზრუნონ თავიანთ ქვეყანაზე, რომელსაც თავისი პრობლემებიც ბევრი აქვს”.

“შესაძლოა, ამან ვერაფერი შეცვალოს, მაგრამ მე უარს ვამბობ ამ სიგიჟეში მონაწილეობაზე. ეთიკურად უფრო მარტივი იქნებოდა, თუ უკრაინა დაგვესხმებოდა თავს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩვენ შევიჭერით უკრაინაში და უკრაინელებს იქ არ დავუპატიჟებივართ”.

გარეკანის ფოტო: The Guardian

მასალების გადაბეჭდვის წესი