საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

18 აგვისტო, 2022 • 1074
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე დაიღუპა. ინფორმაციას გარდაცვლილის და, ბელა ჯოხაძე ავრცელებს.

ჯოხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ძმა 12 აგვისტოს, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას “მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო” გარდაიცვალა.

მისივე ინფორმაციით, ბერდია ჯოხაძე საქართველოში უკვე ჩამოასვენეს, რისთვისაც დაღუპულის და მადლობას უხდის უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს.

“19 აგვისტოს, პარასკევს, 10:00 საათზე თბილისის აეროპორტში დავხვდებით და გადმოვასვენებთ ქაშუეთის ეკლესიაში. პანაშვიდი გაიმართება 12:00-დან – 20:00 საათამდე. ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ და პატივი მიაგოთ მის სულს”, — წერს ბელა ჯოხაძე.

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. არაერთი უკრაინული ქალაქი მიწასთან არის გასწორებული, დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი