რუსულ მედიასა და ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ცნობები, რომლის თანახმადაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში დააკავეს გორ გირკინი/სტრელკოვი, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი წარმომადგენელი, რომელიც 2014 წელს MH17-ის ჩამოგდებაშია ბრალდებული.
ლენტა.რუ ციტირებს ტელეგრამ-არხ „ოპერაცია Z-ს“, რომელიც წერს, რომ გირკინი ცდილობდა ხერსონის ფრონტზე ყირიმიდან მოხვედრილიყო, რა დროსაც დააკავეს.
„ვკონტაქტეში“ ოლექსანდრე ჟუჩკოვსკი, – რომელიც „კიევ ინდეფენდენთის“ ცნობით, გირკინთან დაახლოებული პირია, – წერს, რომ გირკინმა ნამდვილად სცადა ფრონტზე მოხვედრა, რა დროსაც ყირიმში დააკავეს.
მისი თქმით, მებრძოლების ნაწილი ვალდებულების გამო მიდის საბრძოლველად, გირკინს კი სურს, მიიღოს მონაწილეობა „ეროვნულ-გამათავისუფლებელ ომში, რომელიც მან დაიწყო“, თუმცა მას „არ უშვებენ“.
„კიევ ინდეფენდენთი“ ასევე წერს, რომ სწორედ გირკინი იყო ის სამხედრო პირი, რომელმაც 2014 წელს რუსეთის ომი დონბასში დაიწყო ქალაქ სლოვიანსკის აღებით.
თუმცა, ერთ დროს ყირიმის დე-ფაქტო მაღალჩინოსანი, დროთა განმავლობაში ყირიმის სეპარატისტულ და რუსეთის მთავრობებს აკრიტიკებდა ომის „არაეფექტურად წარმოების“ გამო.
22 ივლისს მან დაწერა, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის არმია „უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე იღებს ჩამნაცვლებლებს“.
გირკინისთვის,- რომელიც საკუთარ თავს „რუს ნაციონალისტს“ უწოდებს, – უკრაინის მთავრობას ბრალი დაუსწრებლად აქვს წაყენებული ტერორიზმის მუხლით.
იგი სანქცირებულია ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს განხორციელებული ქმედებების გამო. მას ომის დანაშაულებშიც ედება ბრალი.
კერძოდ, 2019 წელს ნიდერლანდების პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით მოძრავი მალაიზიური თვითმფრინავის, 17-ის ჩამოგდებისათვის, რასაც 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გირკინი ხშირად წერს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ.