საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ უნდა დაუბრუნოს საქართველომ ეთნიკურ ოსებს ქონება | ინტერვიუ ნანუაშვილთან

28 მაისი, 2022 • 3346
რატომ უნდა დაუბრუნოს საქართველომ ეთნიკურ ოსებს ქონება | ინტერვიუ ნანუაშვილთან

საქართველოს ყოფილი  სახალხო დამცველი, ამჟამად ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია DRI-ს ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი თანაავტორია ანგარიშისა, რომელიც 1989-1992 წლებში შეიარაღებული კონფლიქტით დაზარალებული ეთნიკურად ოსი მოქალაქეების ქონების დაბრუნების საკითხებს შეეხება. ნეტგაზეთთან ინტერვიუში უჩა ნანუაშვილი საუბრობს ქონების რესტიტუციის საკითხის სამართლებრივ ანალიზზე და საქართველოს ხელისუფლების მიმართ რეკომენდაციებზე.

ქონების რესტიტუციისა და კომპენსაციის კანონის მიღების ვალდებულება საქართველომ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანების დროს აიღო. უფრო გვიან – 2006 წლის 5 იანვარს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგის კომიტეტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ გადაუდებლად უნდა მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც მოაწესრიგებს კონფლიქტების დროს დაზარალებულთა საკუთრებისა და ბინადრობის უფლებების აღდგენის ან კომპენსაციის მიღების საკითხებს.


ბატონო უჩა, თქვენ ხართ თანაავტორი იმ სამართლებრივი ანალიზის, რომელიც რესტიტუციის კანონის საკითხებს შეეხება. პირველ რიგში, განგვიმარტეთ, რას ითვალისწინებს კანონი და რატომ არ მუშაობს ის? 

​​ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაზარალებულ პირთა ქონების რესტიტუციის შესახებ კანონი, რომელიც სამართლებრივი და ქონებრივი მდგომარეობის აღდგენას ითვალისწინებს, საქართველომ ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღო, თუმცა მისი იმპლემენტაცია არ დაწყებულა. 

ამ შემთხვევაში, საუბარია საქართველოს ეთნიკურად ოს მოქალაქეებზე, რომლებიც გასული საუკუნის 90-იანი წლების პოლიტიკურ და ეთნიკურ ნიადაგზე გაჩენილი დაპირისპირებისას დაზარალდნენ. 

ანგარიშში, რომელიც “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” გამოაქვეყნა, გამოკვეთილია ორი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც უკავშირდება ეთნიკურად ოსი პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესს და საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წელს მიღებული კანონის – „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ აღუსრულებლობას.

ამ დოკუმენტზე მუშაობას წინ უძღოდა ის, რომ “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მუშაობდა რამდენიმე საქმეზე, სადაც ეთნიკური ოსები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საკუთარი მიტოვებული ქონების დაბრუნებას ითხოვდნენ. მათ იურისტების მხრიდან გაეწიათ სამართლებრივი დახმარება, თუმცა მოქმედი კანონმდებლობით პრობლემები გამოიკვეთა.  

სწორედ ამიტომ, ვიფიქრეთ, მივბრუნებოდით უკვე არსებულ კანონს, რომელიც პარლამენტის მიერ იყო მიღებული 2006 წელს და რომელშიც თავის დროზე,გათვალისწინებულიც იყო საერთაშორისო პრაქტიკა. დავიწყეთ ამ კანონთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მოძიება. ის, რომ კანონი არსებობს, ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია და ჰაერში საუბარი აღარ გვიწევს ამ საკითხებზე. თუმცა, სამუშაო კიდევ ბევრია. 

რა პრობლემებია დღეს, რატომ არ მუშაობს კანონი?

ამ კანონის შესაბამისად, ქართულ-ოსური ერთობლივი კომისია და სპეციალური რესტიტუციის კომისია უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული. საჭიროების შემთხვევაში, ეს კომისია შეისწავლიდა ქონების ფლობის ფაქტსაც. 2008 წლის ომამდე საუბარი იყო კომისიაში დე ფაქტო ხელისუფლების ჩართულობაზეც. თუმცა, რაღაც პერიოდში ქართული პოლიტიკა ცხინვალთან მიმართებაში შეიცვალა. მოგვიანებით დაიწყო ომიც, რაც თავისთავად, ხელისშემშლელი ფაქტორი გახდა ასეთი კომისიის შექმნისთვისაც. 

დღეს, ხშირ შემთხვევაში, წარსულში ქონების ფლობის დამადასტურებელი საბუთები არ აქვთ ადამიანებს და არც არქივში იძებნება ისეთი დოკუმენტები, რითაც დაასაბუთებენ, რომ ისინი ფლობდნენ საკუთრებას საქართველოს ტერიტორიაზე.  იმის გამო, რომ ეს საბჭოთა დროის პერიოდის დოკუმენტაციაა,  ფიზიკურად აღარ არსებობს ამ დოკუმენტების ნაწილი. მით უმეტეს, ახლა უკვე, ხშირ  შემთხვევაში, ეს ქონება მესამე და მეოთხე პირებზეა გასხვისებული. ვის ეკუთვნოდა კონკრეტული უძრავი ქონება, ამას ცალკე კვლევა სჭირდება, რომელიც სპეციალური კომისიის  საქმეა. ასეთი კომისია ვერ ჩამოყალიბდა, შესაბამისად, კანონიც ვერ აღსრულდება.  

სად არის გამოსავალი? 

ჩვენ ვამბობთ, რომ გაგრძელდეს დაწყებული საქმე. რადგან არსებული მექნიზმებით შეუძლებელია ამ კანონის მუშაობა და, შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იყოს საერთაშორისო პრაქტიკა. ვნახოთ, როგორ იმოქმედეს, მაგალითად, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, კოსოვოში, სადაც მოგვარდა ეს საკითხები. ამისთვის ზოგან შეიქმნა ეთნიკური წარმომადგენელი [მეტი ნდობისთვის], იურისტებისგან შემდგარი სპეციალური კომისიები საჩივრების შესასწავლელად, ან სასამართლოში მოხდა საქმეების განხილვა. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება.

ჩვენს შემთხვევაში კანონის იმპლემენტაციის პრობლემაა, რადგან კანონი უკვე არსებობს, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ უნდა მოხდეს აღსრულება. ამისთვის კი საზოგადოებაში დისკუსია უნდა დიწყოს. დღეს არავის საუბრობს ამ თემაზე და ბევრმა არც იცის, რომ ასეთი კანონი არსებობს. არც თავად მათ იციან კანონის არსებობა, ვინც საკუთარი ქონების დაბრუნებას ითხოვს. 

იმ წლებში კანონის მიღების ინიციატივა ვისი იყო?

ეს იყო ქართულ-ოსური ერთობლივი პროცესი. მაშინ ახალი მოსული ხელისუფლება საქართველოში ცდილობდა ამ თემებზე მუშაობას და გარკვეულ საკითხებზე ცოტა განსხვავებული მიდგომების დანერგვას, მათ შორის, ამ ადამიანების რეაბილიტაციის საჭიროებაზეც საუბრობდა. 

მაშინ საკმაოდ აქტიური ორმხრივი კომუნიკაცია იყო ოსებთან, ეწყობოდა შეხვედრები, ტრენინგები. სამოქალაქო საზოგდოებისთვის ძალიან მარტივი იყო კომუნიკაცია ოსურ მხარესთან, ისევე როგორც გადადგილება ცხინვალიდან აქ და პირიქით. ამ კავშირების დამყარების მზაობაც მეტი იყო. შესაბამისად, გადაიდგა ნაბიჯები იმისკენ, რომ რეაბილიტრებული ყოფილიყვნენ ეს ადამიანები, ვინც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული ოლქის გარეთ ცხოვრობდნენ და იმ წლებში დაზარალდნენ საომარი მოქმედებეის ან ანტიოსური განწყობების გამო.

რამდენ ოჯახს შეიძლება შეეხოს რესტიტუციის კანონი?

ეს, ალბათ, ყველაზე რთული კითხვაა. ოფიციალური მონაცემით, 1989 წელს 164 ათასი ოსი ცხოვრობდა საქართველოში, მათგან უფრო მეტი – 98 ათასი ცხინვალის ოლქს გარეთ. ამ წლებში ბევრმა ეკონომიკური მოტივითაც დატოვა საქართველო. მთელი რიგი სოფლები დაიცალა საქართველოს თითქმის ყველა რაიონში.

თუკი მომავალში კონკრეტული საქმეები იქნება შესწავლილი და კომისია დაადგენს, რომ ამა თუ იმ ადამიანს ნამდვილად ჰქონდა უძრავი ქონება აქ და დაკარგა, თუმცა ამ ქონებას უკვე სხვა მფლობელი ჰყავს, რა ხდება? კომპენსაციის გაცემის ვალდებულება უჩნდება სახელმწიფოს? 

აქ შეიძლება იყოს საუბარი კომპენსაციაზეც. ვინაიდან ეს ეხება ფინანსებს, არ იქნება ეს პროცესი მარტივი. თუმცა, რიგ შემთხვევებში, ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებაშიცაა. ჩვენ ჯერ ისიც არ ვიცით, რამდენი მათგანი გამოთქვამს ქონების დაბრუნების სურვილს. შესაბამისად, ვისაც ასეთი სურვილი ექნება, მათ უნდა მიეცეთ საშუალება, განხილული და შესწავლილი იყოს მათი საქმე. 

ცალკე პრობლემაა მოქალაქეობის დაბრუნება. ბევრი ითხოვს მოქალაქეობის დაბრუნებას და გაურკვეველი მიზეზით უსაფრთხოების მოტივით უარი ეთქვათ ამ  ადამიანებს ისე, რომ მათი განცხადებების შესწავლა არც კი მომხდარა. 

რას ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს რესტიტუციის კანონის აღსრულებას ქვეყნისთვის?

ამ ადამიანებს არაფერი დაუშავებიათ. არ ჰქონიათ შეხება საომარ მოქმედებებთან, არიან ისეთივე დევნილები, როგორც ეთნიკური ქართველები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. ძალიან ბევრი მათგანი იმდროინდელი პოლიტიკის და ძალადობის მსხვერპლი გახდა და იძულებული შეიქმნა, ქვეყანა დაეტოვებინა. 

მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ, რომ ადამიანებმა დაკარგეს ქონება მაშინ, დაზარალდნენ და მათი ტკივილი უნდა გავითავისოთ. სულ მცირე, დისკუსია უნდა დავიწყოთ. ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა ცხინვალთანაც ჩვენი ურთიერთობისთვისაც, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლის აღდგენა.

როგორ ფიქრობთ, დღეს სახელმწიფოს ამის ინტერესი გააჩნია?

სამწუხაროდ, ისევე როგორც სხვა ბევრ საკითხზე, სახელმწიფო პასიური და ინერტულია. მისთვის პრიორიტეტი დღეს არ არიან ადამიანები, რომელთაც 89-92 წლებში ქონება დაკარგეს. ამ თემაზე სახელმწიფოს არ აქვს რაიმე ხედვა და არც კონკრეტული პასუხი. სწორედ ამიტომ გვინდა მივმართოთ რეკომენდაციით მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს, გადადგან ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები, რომ პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრას და სამართლიანობა აღდგეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავის დროზე  ვერ დაიცვა სახელმწიფომ.

მოლოდინი გაქვთ, რომ ხელისუფლება გადადგამს ამ ნაბიჯებს? 

არ ვიცი, არ მაქვს იმედი, რომ მოხდება გათვალისწინება. მაგრამ ის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ იმ ადამიანებს, ვინც ელოდება ამ პროცესს, მნიშვნელოვანია.  ადრე თუ გვიან მოგვიწევს, მათ შორის ხელისუფლებასაც მოუწევს ისაუბრობს ამ თემაზე. წარსულში მომხდარ ტრაგედიებზე საუბრის გარეშე ჯანსაღი სახელმწიფო ვერ შედგება.


მასალების გადაბეჭდვის წესი