საზოგადოება

მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენტიტესა და ტერიტორიულ მთლიანობას – უკრაინა

7 აგვისტო, 2022 •
მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენტიტესა და ტერიტორიულ მთლიანობას – უკრაინა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 14 წელი გავიდა დღეს, 7 აგვისტოს. 10 წელიწად-ნახევარზე მეტია , რაც რუსეთი აგრძელებს მის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას – საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევით.

უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენტიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულს საზღვრებში.

„მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა საერთაშორისო საზოგადოებისგან არ მიიღო შესაბამისი პასუხი, მან გააგრძელა მისი აგრესიული ქმედებები უკრაინაში და 2014 წელს მოახდინა ყირიმისა და დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ნაწილის ოკუპაცია, შემდეგ 22 წლის 24 თებერვალს კი სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო თანასაზოგადოებას შეუძლია, მკაფიო სანქციათა რეჟიმითა და იმ ქვეყნების სრულფასოვანი მხარდაჭერით, რომელთა წინააღმდეგ მოსკოვი აგრესიას განაგრძობს.

რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა მოახდინოს, ხოლო რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი,“ – წერია განცხადებაში.


წელს 14 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, რომელიც „აგვისტოს ომის“ სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი