საზოგადოება

ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 68%-ით გაიზარდა

6 ივლისი, 2022 • 1131
ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 68%-ით გაიზარდა

საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადებების რაოდენობა 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 68%-ით გაიზარდა და 14 970 შეადგინა.

ეს მონაცემი გაზრდილია წინა წელთან, თუმცა, არა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.

ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2016 — 8 775
  • 2017 — 12 060
  • 2018 — 20 950
  • 2019 — 22 765
  • 2020 — 8 905
  • 2021 — 14 970

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, 2021 წელს ყველაზე მეტი განაცხადი (37%) საქართველოს მოქალაქეებმა საფრანგეთში გააკეთეს, უარის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი გერმანიაზე მოდის. 2021 წელს პირველივე ეტაპზე თავშესაფარზე უარი ეთქვა საქართველოს 10 590 მოქალაქეს.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს დაახლოებით 648 000 განაცხადი საერთაშორისო დაცვაზე. სირიელები (117 000) და ავღანელები (102 000) არიან ორი უმსხვილესი განმცხადებელი ჯგუფი და წარმოადგენენ განაცხადების ერთი მესამედით ზრდის მიზეზს 2020 წელთან შედარებით.

თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანამ, სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილმა მიგრანტების კრიზისმა ბელარუსიიდან და რუსეთის ომმა უკრაინაში.

2022 წლის დასაწყისში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინელი ლტოლვილების 1 წლამდე დროებითი დაცვის უზრუნველყოფის შესახებ. EUAA-ს უახლესი ანალიზის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან თითქმის 6 მილიონი ადამიანი გაიქცა ევროკავშირში, რომელთაგან 3.4 მილიონზე მეტი დარეგისტრირდა დროებითი დაცვისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი