საზოგადოება

გვსურს, საქართველომ დაიბრუნოს რეფორმების იმპულსი — ნატოს ელჩი

5 ივლისი, 2022 • 789
გვსურს, საქართველომ დაიბრუნოს რეფორმების იმპულსი — ნატოს ელჩი

ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდრე ვინიკოვი აცხადებს, რომ ნატო-ს დამფუძნებელ შეთანხმებაში არაფერია ისეთი, რაც დააბრკოლებდა ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანას აქვს ტერიტორიული პრობლემები.

ვინიკოვის თქმით, ქვეყნის ნატოში მიწვევა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოკავშირეებმა კონსენსუსით უნდა მიიღონ. ასევე, აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა დაიბრუნოს ბოლო პერიოდში შენელებული რეფორმების იმპულსი.

„იმისთვის, რომ იყოს მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის ნატო-ში მოწვევასთან დაკავშირებით, როგორც ეს ვნახეთ ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, აუცილებელია ორი რამ – უპირველეს ყოვლისა, ქვეყანა უნდა იყოს მზად, რომ დააკმაყოფილოს წევრობის მოთხოვნები. ეს მოთხოვნები სცდება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, რადგან ნატო-ს მთელი ქვეყანა უერთდება და არა მხოლოდ მისი თავდაცვის სამინისტრო ან შეიარაღებული ძალები. ამიტომ ქვეყანა უნდა იყოს მზად. მეორე ელემენტი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული კონსენსუსის საფუძველზე, რომ მათ სურთ კონკრეტული ქვეყნის მიწვევა, რადგან მიაჩნიათ, რომ ის განამტკიცებს ალიანსის უსაფრთხოებას. ასე რომ, საქართველოსთვის ფოკუსი ახლა უნდა იყოს მომზადებაზე, ევროატლანტიკური რეფორმების იმპლემენტაციაზე, რომელიც საქართველომ თავად განსაზღვრა მიზნად. ზოგიერთ იმ სფეროში, სადაც ვნახეთ იმპულსის შენელება გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ძალიან გვსურს, რომ ამ სფეროებში საქართველომ გადაჭრას და დაიბრუნოს რეფორმების იმპულსი. კერძოდ, ვსაუბრობ ზედამხედველობის პრობლემაზე, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ ზედამხედველობაზე. ასევე, ვფიქრობ, მართლმსაჯულებაზე და საარჩევნო რეფორმის გაგრძელებაზე. ეს სფეროები იყო ხაზგასმული მოკავშირეების მიერ და ამ სფეროებში ისურვებდნენ ისინი რეფორმების უფრო აქტიურ იმპლემენტაციას. ვაშინგტონის შეთანხმებაში არაფერია ისეთი, რაც დააბრკოლებდა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანას აქვს ტერიტორიული პრობლემები, მაგრამ საბოლოოდ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოკავშირეებმა ერთობლივად უნდა მიიღონ, როდესაც დრო მოვა“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით ალექსანდრე ვინიკოვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ამისათვის საქართველომ ჯერ ტერიტორიული პრობლემები უნდა მოაგვაროს. ეს ნარატივი მან საქართველოს პარლამენტში გამოსვლის დროსაც გაიმეორა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არის ალიანსში გაწევრიანების დამაბრკოლებელი ფაქტორი და ამის შესახებ მისთვის თავად ნატოს წარმომადგენლებს უთქვამთ.

„მე ვთქვი, რომ ბარიერი ნამდვილად არის, ეს თავად ჩვენს ევროპელ და ნატოელ მეგობრებს პირადად უთქვამთ, რომ ვერ გახდება ქვეყანა ნატოს წევრი. გასაგებია გერმანიის მაგალითი, მაგრამ სხვა რეალობა იყო, დღეს სხვა რეალობაა. დღეს ასეთი მოცემულობაა. ეს არ არის ჩემი ინტერპრეტაცია, ეს არის მათი პირდაპირი ნათქვამი, რომ სანამ გაქვთ კონფლიქტი, მიმდინარე ოკუპაცია და კონფლიქტი რუსეთთან, ეს არის ერთ-ერთი ბარიერი“, – განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი