საზოგადოება

ბრძოლის ეს ეტაპი არ გულისხმობს ხელისუფლებაში მოსვლას – მელია

21 ივნისი, 2022 •
ბრძოლის ეს ეტაპი არ გულისხმობს ხელისუფლებაში მოსვლას – მელია

„მიმაჩნია, რომ ბრძოლის ეს ეტაპი, სადაც ახლა ყველანი ვართ ჩართულები, არ გულისხმობს ხელისუფლებაში მოსვლას. ბრძოლის ეს ეტაპი გულისხმობს ევროპაში შესვლას. ბრძოლის ეს ეტაპი არის ევროპული, გნებავთ- ეროვნული, ღირებულებების დაცვისთვის ბრძოლა“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია.

21 ივნისს, ტვ „პირველზე“ ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეებს:

„აქ, პოლიტიკოსები, ისევე როგორც ჟურნალისტები, ვართ რიგითი თანამებრძოლები. დიახაც, გამოცდილები, მაგრამ ახლა ჩვენ, – განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით დიდი, მთავარი მეინსტრიმული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, ლიდერებმა, – როგორც არასდროს, პატივი უნდა ვცეთ ზღვას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც გუშინ გამოვიდნენ – რის გამო? რათა ემოციური, წრფელი, ბრაზით გაჟღენთილი მუხტი სწორად მიემართოს დამანგრეველი ელემენტების დასამარცხებლად და ქვეყნის განსავითარებლად“.

ნიკა მელიას განცხადებით, 20 ივნისის აქციაზე „კოალიციური მთავრობის ამომრჩეველი დადგა ერთად“.

„პოლიტიკური პარტიების ბრძოლის ეტაპი დადგება, როდესაც ჩვენ, გამარჯვების შემდეგ, ერთმანეთს შევეჯიბრებით პროგრამებით დებატებში და ერთმანეთს გავუჩაღებთ ბრძოლას. დღეს ნამდვილად მინდა, რომ არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ენმ ან სხვა ოპოზიციური პარტია ცდილობს, საბანი საკუთარი თავისკენ მიიქაჩოს“, – განაცხადა მან.

პოლიტიკოსის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო ნაბიჯებით დაკარგა საკუთარი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რის გამოც „ძალიან შეშფოთებულია“ და დაბნეულია გუშინდელი აქციის შემდეგ, რასაც „ოცნების“ ლიდერების განცხადებებში არათანმიმდევრულობაც უჩვენებს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 20 ივნისს, საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა.

ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა. მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა, ევროპარლამენტარებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

მოძრაობა „სირცხვილიამ“ 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. მანიფესტის მიხედვით, მოძრაობის მიზანი იქნება საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია გაიმართება 24 ივნისს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი