რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისია მიიჩნევს, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი ახლავე უნდა მიანიჭოს, თუმცა შემდეგ მოუწევთ გარკვეული პირობების შესრულება, რათა გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე ანუ მოლაპარაკებებზე გადავიდნენ.
რაც შეეხება საქართველოს, იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისია ამ შემთხვევაში რეკომენდაციას პირიქით გასცემს: საქართველოს ჯერ გარკვეულ პირობებს დაუწესებენ, ხოლო მათი შესრულების შემთხვევაში თბილისს ექნება შანსი, რომ მომავალში მიიღოს სტატუსი, რომელსაც მოლდოვასა და უკრაინას ახლავე აძლევენ.
„ევროკომისიამ მიაღწია წინასწარ შეთანხმებას: კანდიდატი სტატუსი უკრაინასა და მოლდოვისთვის ახლა, რასაც თან სდევს შესასრულებელი პირობები. საქართველოსთვის კი პირობები ახლა, კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი კი- შემდეგ, რასაც განიხილავს ევროსაბჭო შემდეგ კვირას“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.
the European Commission has come to a tentative agreement: candidate status for #Ukraine & #Moldova now, followed by conditions to be complied with. For #Georgia conditions now and chance to get candidate status after. to be discussed by leaders at #EUCO next week
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) June 16, 2022
დღეს, 17 ივნისს ევროკომისია, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა, გამოაქვეყნებს მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით.
კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს ევროპული საბჭო, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.








